რაღაც მინდოდა მეთქვა

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

წერა დავასრულე თუ არა, ჩანთა მოვიძიე და უნივერსიტეტის კიბე სწრაფად ჩამოვირბინე. კოკისპირულად წვიმდა. ავტობუსების გაჩერებამდე მანძილი მქონდა ფეხით გასავლელი. ვიცოდი რაც მელოდა, მაგრამ გზა შეუჩერებლად განვაგრძე. ბოლოს იმ დაწყევლილ გაჩერებამდე სრულიად გალუმპული მივედი. ტაბლოზე „21“ ენთო და სულ არ ცდილობდა განულებას.

– მამიკო, ხვალ შეიძლება სკოლაში არ წავიდე? – მომესმა ხმა. უნებურად, გავიხედე და პატარა, ქერაკულულებიანი გოგონა შევნიშნე, ღაჟღაჟა ლოყები ჰქონდა და საოცრად ბევრს ტლიკინებდა.

– არა, მამიკო. სკოლაში უნდა იარო, უნდა ისწავლო! ბევრი უნდა ისწავლო. – უთხრა მამამ და ლოყაზე ხელი მიუთათუნა.

– სულ სწავლა და სწავლა! – გოგონამ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ლოყები და სატირლად მოემზადა.

– მისმინე, პატარავ… დიდი გოგო რომ გაიზრდები შენ კარგად უნდა იცხოვრო, გესმის?

– და ამაში სწავლა დამეხმარება? – დაიბნა პატარა და გაიბუსხა.

– რომ ისწავლი, მერე სამუშაოსაც ადვილად იპოვი და ფულიც გექნება! – მიიხუტა მამამ და შუბლზე აკოცა.

– მამიკო, მამიკო! შენ რომ ფული არ გაქვს? – არ ჩერდებოდა პატარა.

– მე არ ვსწავლობდი კარგად, დედიკოს არ ვუჯერებდი და სულ ბავშვებთან ვიყავი. – თავი იმართლა მამამ.

– მამიკო, რომ გავიზრდები მექნება ბევრი ფული? იმ სათამაშოს ვიყიდი მერე, მე რომ მომეწონა?

– ლიზიკო, მისმინე: რომ გაიზრდები, ის სათამაშო აღარ დაგჭირდება. სამაგიეროდ, გექნება ცოდნა და ჩემსავით არ ეტყვი შვილებს, რომ ფული არ გაქვს და თავის მართლებაც არ მოგიწევს. ახლა კი ეგ ჩანთა მომეცი, ქუდი უნდა მოგიძებნო, საშინელი ამინდია.

ვუსმენდი დიალოგს და ვხვდებოდი, რომ მამამ დაუსაქმებლობა „უცოდინრობით“ გაამართლა, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი რომ ყოფილიყო, რა ფასი აქვს ცოდნას. თუ საკუთარი მანქანიდან პირდაპირ კაბინეტში შეხვალ, კაბინეტიდან კი ისევ მანქანაში, ვერ გაიგებ, რომ დიდი ხანია ათასობით ადამიანს საქართველოში მარტო უფლის იმედიღა დარჩა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები