ავტორი: ალიმი ხერხაზე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ისტორია დიდი გვაქვს, იცოცხლეთ…
ეს ისტორიაა, ზუსტად, რომ გავაძახებინებს ,,რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო”, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ისტორიით ტრაბახი არ გვწყინდება და ისე ვიბაქებით თითქოს ყველაზე უკეთსები ვართ…რად გვინდა აწმყოში რამის კეთება, მომავლისთვის ხომ ისტორიაც გვეყოფა?!კიდევ დიდი უბედურება კი ისაა, რომ ამ ისტორიაშიც, კარგა გვარიანად გვაქვს შავი ლაქები რომლებსაც ვერასოდეს ჩამოვირეცხავთ… აღარ დავიწყებ მოღალატურად წაგებული ბრძოლების გახსენებით, არც კრწანისს შევეხები, არც ილიას მკვლელობას… უბრალოდ უახლესი, შავბნელი 90-იანებიდან დავიწყებ, რომლებიც წესით სინათლის, თვითმყოფადობის განახლების და ახალი დამოუკიდებლობის ეპოქა უნდა ყოფილიყო, მაგრამ…
საქართველო… დიადი მომიტინგეების ქვეყანა…კარგია მიტინგი, კარგია საზოგადოების ერთსულოვნება, როდესაც ეს მართლა სჭირდება საქმეს, მაგრამ პერმანენტულ ხასიათს როდესაც მიიღებს მაშინ კი… მაშინ ცუდადაა საქმე… მაინც რა, ვინ ვართ ეს ქართველები ასეთი?! ჯერ იყო და საბჭოთა კავშირს მივსტიროდით… 37 მანეთიან თვითმფრინავის ბილეთსა და მოსკოვურ ვოიაჟებს, პახმელიაზე რომ გამოვდიოდით რუსეთში… იქ ჩასულები აქაო და მაგარი სტუმართმოყვერეები ვართო რუსებს იქაურ რესტორნებში მაგრად ვაქეიფებდით, მერე კიდევ აქ ჩამოსულებს თან ვყვებოდით ვმატრაკვეცობდით…მოკლედ, სტუმარი იქაც ჩვენ ვიყავით და აქაც… ეგ არაფერი…
ისე შეეჩვია ეს ჩვენი მუცლები ამ ,,კარგ” ყოფნას (და ამ კარგად ყოფნამ დაამხო მთელი საბჭოთა კავშირი), ოღონდ უკაცრავად გამოთქმაზე და მაძღრები ვყოფილიყავით და ვიღა ჩიოდა ღირებულ ფასეულობებს, საქართველო…ყანწით ხელში იცოცხლეთქო კი ვარახუნებდით ლამაზ-ლამაზ სიტყვებს…
მოვიდა 90-იანი წლები და ბოლოსდაბოლოს თავშეკავებულმა ჭირმაც ერთიანად იშვა თავი. ვერ აიტანა ჩვენმა სიმაძღრეს ნაჩვევმა მუცლებმა 37 მანეთიანი ბილეთის გაძვირება (აი ქართველობა. დამოუკიდებლობა, თვითმყოფაობა 37 მანეთადაც არ გვიღირდა) და დავერიეთ ერთმანეთს… თან, როგორ დავერიეთ…ვინ ვის ესროდა ახლაც არ იციან… დაიკარგა აფხაზეთი (მჯერა, დროებით), სამაჩაბლო (ესეც, დროებით) და შევიძულეთ ერთმანეთი… კარგა მოშივებულებს ეს საძარცვ-საგლეჯი და საბჭოთა მემკვიდრეობაც რომ გამოგველია, მიწასთან გავასწორეთ ეკონომიკაც ვიკადრეთ და დავდექით მერე პურის რიგებში (არა და ამას წინ ვკითხულობდი დამოუკიდებლობის მერე ჩვენი ეკონომიკა რომ გაზრდილიყო კიარა, იმ დონეზე რომ დარჩენილიყო 90-იან წლებში, როგორც იყო ახლა იაპონიის დონეზე ვიქნებოდითო).
ვიდექით პურის რიგებში და საფიქრალი დროც გამოგვიჩნდა…
ამ რიგში დგომისას, თან მუცელი რომ გვეწვოდა ვიფიქრეთ და გაგვახსენდა რომ ამხელა ისტორია გვქონდა, მოდი ვცადოთ ავაშენოთ დემოკრატიაო და დავიწყეთ ყველაფრის შენება(?!) თავიდან… დავიწყეთ და ბატონი ზვიადისკენ მივაპყრეთ თვალები… აი ესაა ჩვენი მშველელიო… გავიდა ცოტა ხანი, არ მოგვეწონა და მოსაკლავად გამოვეკიდეთ (დღეს მივსტირით რა კაცი იყოო)… ედუარდი მოვიწვიოთ, მაგას გავლენა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე და გვიშველისო… მოვიწვიეთ ედუარდი და იმაზე არ გვიფიქრია, რას გაუკეთებდა ის კაცი საქართველოს, რომელსაც სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა უნდოდა ქართულისთვის… მერე დავიწყეთ კარუსელების ტრიალი არჩევნებზე და ასე კარგახანს ვიბოდიალეთ არ შემდგარ სახელმწიფოდ … მერე 2003 წელიც დადგა…უფრო დავფიქრდით და მივხვდით რომ კარგახანია მშივრები ვართ… არიქა, მიშა მოვიდაო….ვარდები დავუწყვეთ და
ახლა მიშას მივაპყრეთ იმედიანი თვალები…
აქაც მიტინგმა წაგვაშველა ხელი… იარა ამ კაცმა 9 წელი და ასე თუ ისე გაგვიცნო მსოფლიომ. ყველამ ისწავლა ევროპის გზა, მობილურები და მანქანებიც ვნახეთ…თურმე ელექტრო ენერგია უფრო კარგად ანათებს ვიდრე ,,კერასინკა“… ევროპასა და ნატოსკენაც გაგვიჩნდა მისწრაფებები და მუცლებიც ოდნავ ,,შეგვიძღა“, თუმცა, კარგად ვერა და სულ გვაღიზიანებდა ამდენი მშენებლობა… ამიტომ გავიძახოდით: ,,ასვალტი ვჭამო?!“ ,,ბეტონი ვჭამო?!“…(რკინის არგუმენტი კი ეს გვქონდა: ,,რათ უნდა მშიერ კაცს შენება” მასე რომ გააკეთა საბერძნეთმა და ევროკავშირის ფულით მარტო ჭამას გადაყვა იმიტომაცაა დღეს დეფოლტის წინ) ცოტა გამოვიხედეთ თვალებში და მადა ჭამაში მოგვივიდა… ეს ასეც უნდა იყოს… ადამიანის ბუნებაა ასეთი და ეპოქა მიდის და ჩვენც თუ ერთ ადგილზე გავიყინეთ ძალიან ჩამოვრჩებით, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ მიშას სულ არაფერი უკეთებია საქართველოსთვის და იმაზე მეტად დაგვამხო ვიდრე 90-იანებში ვიყავით, თურმე…
ასე ვიცით ჩვენ, სიკეთეს არასოდეს ვივიწყებთ. ეს კი არა და ჩვენი ტერიტორიების დაკარგავაც მიშას დავაბრალეთ, ომის დაწყებაც მიშას დავაბრალეთ და თურმე, მხოლოდ იმიტომ დაგვიპყრო რუსეთმა რომ მიშას ეშინია რუსების. ეტყობა, ისევ გაგავხსენდა 37 მანეთიანი ბილეთები და 40 ევროიანი ევროპული ბილეთები არაფრად ჩავთავალეთ რასაჭიროა ამდენი აეროპორტები, ახალი ქალაქის მშენებლობაო… უფრო მეტიც პირველი დემოკრატიული არჩევნები რომ ჩავატარეთ და საოცნებო ხელისუფლებაც, რომ ავირჩიეთ ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა ასე თქვა: მსოფლიო წინ მიდის და ჩვენი ამ დონემდე განვითარება გარდაუვალი იყო ისედაც თავისთავადო… იქვე გამიჩნდა კითხვა, მაგრამ აბა როგორ ვკითხავდი ტელეეკრანიდან: – ,,შე, კაი დედმამიშვილო, ამ სომალს, უგანდას და ავღანეთს ან სხვას რატომ არ გაეწყო რამე თუ ნეტა ესენი დროს აჩერებენ-მეთქი?!.
ახლა, შევციცინებთ ახალ მხსნელს და საოცნებო იმედებით ველოდებით სიმდიდრეს ხელის გაუნძრევლად თუ არა და ამ ახალსაც მიტინგით ვემუქრებით…
ჩვენი დევიზია – აკეთოს ყველაფერი ხელისუფლებამ, გვაჭამოს ხელისუფლებამ… ჩვენ წამოვწვეთ და ყოველთვის ვიძახოთ სტანდარტული სიტყვა: – ,,რას გვიშვრება ეს მთავრობა!“ ნეტა, როდის დადგება ის დრო როცა ქართველი ნაცნობები შეხვედრისას ამინდზე, სპორტზე და კულტურაზე ილაპარაკებენ პოლიტიკის ნაცვლად….
ჩვენს ქვეყანაში ყველანი პოლიტიკოსები ვართ… ყველას უმუშევრობა მიგვაჩნია ქვეყნის პირველ პრობლემად და არა ტერიტორიული მთლიანობა… ყველა ვყრით ნაგავს ქუჩაში და ევროპულ სისუფთავეს ვეტრფით… ყველას გვიკეთია ხელზე საათი და მხოლოდ იმიტომ რომ ის ლამაზია, თორე რა მნიშვნელობა აქვს 3 საათზე გასაკეთებელს თუ 5-ზე გავაკეთებთ…
და ბოლოს: – რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ?! ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!