ავტორი: ალიმი ხერხაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
(ეს ის ლურჯი და წითელია არაა თქვენ რომ გგონიათ )
ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ?! ქართველები… რაღაც საოცარი ერი… უცნაურობებით მოცული…ჯიუტები, დაუდეგრები, ზარმაცები, გაუტანლები და გამტანები… იმდენი კონტრასტული თვისებაა ჩვენში თავმოყრილი, როგორც არავიში… წყალს ვგავართ, წყალს… ხან ვიყინებით, ხან კიდევ ვდუღვართ და ვბობოქრობთ. რამდენადაც შეგვავიწროვებენ ხოლმე იმდენად მეტ წინააღმდეგობას ვწევთ, მაგრამ როგორც კი ძველ ნიშნულს გავუსწორდებით, მერე ვდუნდებით…
არა და, აღარ გვინდა უფრო მეტი, უკეთესი… კონტრასტულები ვართ, როგორც ორთქლი და ყინული, მაგრამ ორივე ხომ წყალია… ისე ვერბრძვით ერთმანეთს ხშირად, როგორც ცხელი ორთქლი და ყინული, მაგრამ ერთ დღესაც თუკი მოვინდომეთ და გაერთიანება ვისურვეთ, ეს ორთქლიცა და ყინულიც ორივე წყლად ვიქცევით და მერე კი ვბობოქრობთ, ვგულვზვიადობთ, კალაპოტიდან ამოვვარდებით და წალეკვას ვუქადთ ყველაფერს. ერთ ხანს, ინერტულობაც გვჩვევია. მშვიდი, მორაკრაკე ნაკადულივით… ვდგავართ ასე და არ ვიძვრით, ერთ ადგილს ვტკეპნით…დამდგარი წყალი, ხომ მერე ყოველგვარი ცუდ თვისებას იძენს…
არ გვიყვარს სიახლეები… მერე გამოჩნდება ქარიშხალი (ვიღაც), აგვაბობოქრებს, აგვაქაფ-აგვაანჩხლებს, სხვა კალაპოტში გადაგვაგდებს და მერე ამ ახალ კალაპოტში ,,მივრაკრაკებთ“ კარგახანს… მანამ, სანამ სხვა, ახალი ქარიშხალი არ გამოგვიჩნდება… გზად ვანგრევთ ყველაფერს… თითქოს უცოდველად რომ ,,მივრაკრაკებთ“ მაშინაც ბევრს ვაშავებთ… ჩვენი უმოქმედობით მზე გვაორთქლებს, მიწაში ვიკარგებით, ვიწურებით, ვილევით, სხვა ახალ ნაკადულში თავით ვეშვებით და ისე გვინდა იმ ახალი ნაკადულის ,,პატივისცემა“, რომ საკუთარი წარმომავლობა, თავი გვავიწყდება…
მივისწრაფით ოკეანისკენ (სილურჯე – ნატო და ევროპა) , მაგრამ ოკეანემდე თურმე ჯერ დიდი გზა ყოფილა (ასე გვეუბნებიან), გვაკვირდებიან თუ როგორი ,,წარმატებით“ ვუერთდებით სხვა ,,მდინარეებს“, ამასობაში ,,სავალდებულო სურვილად“ გაგვიხადეს სხვისი კალაპოტის ნგრევაში (მშენებლობააო ასე გვეუბნებიან) მონაწილეობის მიღება (ავღანეთი), ასევე სავალდებულოა კარგთან ერთად ამ მდინარეთა ,,ნაგავიც“ უნდა შევითვისოთ (თურმე მარტო H და O კიარ ყოფილა ჩვენი სიმრავლის მიზეზი (ანუ H2O), არამედ HH და OO–ც უნდა შევითვისოთ, თორემ ეს დისკრიმინაციაა)…ეს ,,ინტეგრაციის“ აუცილებელი პირობაა და თუ კი ვიტყვით სიბინძურის შეთვისება, ჩვენი წმინდა, ანკარა ,,სათავის“ საკადრისი არ არისთქო, მაშინვე ,,ოკეანიდან“ დამკვირვებელ ,,მუსონთა“ რეკომენდაციები მოგვივა, ერთიორს გადაგვიქროლ გადმოგვიქროლებს და მერე მკაცრ შენიშვნებსაც არ დაიშურებს…
არა და, სინამდვილეში, ჩვენი ნაკადულის სათავე რომ ანკარებდა ეს ოკეანე სისხლის და მწვალებლობის ბორბალით გმინავდა თუმცა ახლა გვეუბნებიან დღევანდელი გვითხარით, თორე – გუშინდელი წარსულიაო, თვითონ კი ჩუმად მაინც ამაყობენ თავიანთი წარსულით. რატომ გვეჩქარება ამ ოკეანისკენ? იმიტომ რომ აგერ, უკან ვეებერთელა ,,წითელი ზღვა“ მოგვდევს და სურს დაგვეწიოს, კალაპოტი მოგვიშალოს და თვითონ, თავისკენ მიმართოს ჩვენი ნაკადული.
ერთხელ დაგვეწია კიდეც, მთელი 200 წელი ვყავდით გადაფარული, თან ისე რომ ყველაფერი გადაგვიფერა თეთრად და წითლად, მაგრამ მერე გამოიდარა, ,,წითელი ბოროტება“ ცოტათი დაშრა და თავი დავაღწიეთ, თუმცა კალაპოტის ნაწილები მაინც დაიტოვა (აფხაზეთი და სამაჩაბლო (არამც და არამც სამხრეთ ოსეთი))… მას მერე გვიტევს, ხან ერთ მხარეს მოგვიშლის კალაპოტს, ხან მეორე მხარეს… ხანაც კიდევ თავისი სიბინძურით წყალს გვიმღვრევს და ცდილობს მთლიანად აგვამღვრიოს… ამაზე ჩვენი აღთქმული ოკეანე მუდამ შეშფოთებას გამოთქვამს და ზღვას ეუბნება დაწყნარდიო, ზღვა კი თავისას არ იშლის, რადგან იცის ოკეანე პაწაწინა ნაკადულისთვის მასთან ომს არ დაიწყებს.
ჩვენი ნაკადულის ზოგიერთ ნაწილს სჯერა, რომ ზღვა და ოკეანე ერთ დღესაც შეერთდებიან და მერე მშვიდობა იქნება.
ჩვენში ისეთებიც არიან, რომლებიც ზღვისკენ იქაჩებიან, ჩუმად ჩვენს კალაპოტს იქეთ თხრიან და დაკარგული კალაპოტის ნაწილების დასაბრუნებლად, რომ გვაიძულა წითელმა ბოროტმა ავდიდებულიყავით თვითონ ჩვენ გვადანაშაულებენ. პატარაპატარა ნაკადულიც ხომ საშიშია ადიდებული… ჩვენც, როგორც ვთქვი ვბობოქრობთ ხოლმე, ამ ბობოქრობისას ნაგავსაც კარგა გვარიანად გავხერგავთ ჩვენს კალაპოტში და მერე მთელი სიწყნარის პერიოდი ნელ–ნელა ვიწმინდებით… ბოლო პერიოდია ჩვენს კალაპოტს აბობოქრებით კიაღარ ვცვლით, არამედ ჩვენი სურვილით მიგვყავს საითაც გვინდა, თუმცა ბოლო ,,კინაღამ აბობოქრებიდან“ აგერ ერთი წელი გავიდა… ისევ ასე ვაგრძელებთ… ვართ ჩუმად და გვგონია რომ არჩეული კალაპოტი წაგვიყვანს წყალუხვობისკენ, მერე ქარიშხალი აგვადიდებს, სხვაგან გადაგვაგდებს და მერე იმ კალაპოტს ,,ვძერწავთ“ მომდევნო აბობოქრებამდე, კულტურა ვერა და ვერ შევითვისეთ, ვერა და ვერ გავიგეთ რა გვსურს…
მე, როგორც ამ ნაკადულის ერთ წვეთს მჯერა მივაღწევთ ოკეანემდე ოდესმე, ოღონდ სხვისი სიბინძურის შეთვისების გარეშე და ისე როგორც ჩვენს ,,სათავეს“ შეეფერება. დავიბრუნებთ წყლის წვეთებს იმ მდინარიდან ოქროს ცხვარი რომ მოგვსტაცეს ქართველ ქალთან ერთად და მას მერე ქართველი ქალები იქ დადიან მათ მოსამსახურედ. დავიბრუნებთ უძველეს ჩვენ კალაპოტებს ირგვლივმყოფმა ყველა მდინარემ, ნაკადულმა თუ ზღვამ რომ შთანთქა(ტაო, სოჭი, საინგილო,ნახჭვანი). მთელი არსებობის მანძილზე ასე გვიშლიდა ძირს ყველა წყალი თუ მეწყერი, მაგრამ დღეს მაინც ვვარსებობთ ვიცლით მტრისთვისაც და ერთმანეთის ანგარიშსწორებისთვისაც, ვიბრძვით სხვის ომებშიც და ჩვენსაშიც…
P.S.
ამ ჩანაწერის დაწერის სურვილი გუშინწინ გამიჩნდა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი შემესრულებინა, არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ავტობუსში ნახევარი საათით ადრე ჩავჯექი და გზაშიც ხომ მესმოდა პოლიტიკაზე ლაპარაკი, მაგრამ ავტობუსში ნამდვილი ფურორი მოხდა. ჩემ უკან სამი კაცი და ერთი ქალი იჯდა. ამ კაცებს შორის დიალოგიდან ასეთი რამ მესმოდა:
– დამთავრდა დღეს ნაციონალების საქმე (არა და წინა არჩევნებზე მიშას მზეს ფიცულობდა ეს კაცი) – იქნება, აწი მაინც გვეშველოს რამე (ესეც მასე იყო).
– არცერთი არაა ასარჩევი მაგენი ვინც იძახის ხმა მომეცით უფროსად დამაყენეთო, კაცი არი ბიძინა ( ეს აღარ ვიცი ვის ხაზავდა წინაზე) – შალვას უნდა მივცეთ ხმა ისავე, იძახის, მა, კაცი ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანაო მარა არ ჯერა არევის და…
-ბიძინამ მივდივარო, ვინცხა იყო ფულიანი ქე მიდის და აწი რაღა გვეშველება, ეგენი რას იზამენ ბიძინას ფულის გარეშე ბიჯუეტში კაპიკი არ დვია ( ეს მაცოფებს ყველაზე მეტად ,როცა ეგონათ და ჯერათ რომ ვინმე თავის ფულს დაურიგებთ. აი ჩვენი ,,უკულტურობის კულტურის“ ზეიმი).
– არა, კაცო, დღეს დამთავრდა ნაციონალების ამბავი (ისევ პირველი).
– ჰო, აბა, ჟვანია ქე მოკლა მიშამ და… (არა და, დარწმუნებული ვარ ბატონი ზურაბ ჟვანია რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო მასაც ისე გალანძღავდა პოლიტიკოსიან მოქალაქიანად ყველა როგორც სხვებს და შემთხვევას რომ მოეტანა და მიხეილ სააკაშვილი მომკვდარიყო დღეს წმინდანად შერაცხავდნენ).
– არა, ისე ამ ბიძინასი მიკვირს, ან მოსვლა რა იყო ან წასვლა?! მაგან თქვა მიშას დავამარცხებ და მერე წავალო…
– ხო, რა ენაღვლება ეიცილა პასუხისმგებლობა და მიდის, ფული მაგას არ უჭირს და რად უნდა შენი ხელფასი.
– ხო, დაგვაქცია და დაგვამხო მიშამ ეს ათი წელიწადი. – ამ დროს წეღან რომ ქალი ვახსენე იმან წამოიკივლა. ეტყობა უსმენდა ამდეხანს და ვეღარ ითმინა: – მიშამ გამოგახედათ თქვენ თვალებში, თუარა, ათი წლის წინ სადაც იყავით ქე ვიცი. ამას აღარ გამოყვნენ მერე.
– ეს ბურჯანაძე მაინც აირჩიონ იქნება რუსეთს შეუერთდეთ ისთავე. რა კაი იყო ყველაფერი უფასოდ მოდიოდა რა გინდა სულო და გულო, როცხა გინდოდა წახვიდოდი, წამოხვიდოდი ფული არ ჭირდა და სამუშაო. (აი აქ კი ამომასხა ყელში, მაგრამ არაფერი არ მითქვამს, აი ჩვენი ქართველობა… მუცელი ამოვიყოროთ და ქართველობისას მერე გეტყვით სუფრაზე ჭიქით ხელში. ასე მხეთქავდა გულზე მანამდე ფრაზა: ,,რას ეჭიდავები რუსეთს რას, შენ მოერევი მაგას?“
ამ პოლილოგიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ კულტურა არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია ეროვნული ღირებულებები და ეს ხალხი ირჩევს ჯერ კიდევ ხელისუფლებას. რატომ ატარა მოსემ ორმოცი წელი ებრაელები უდაბნოში? თაობათა ცვლა… ესაა პასუხი… გვჭირდება ის ადამიანები ვინაც იცის დამოუკიდებელი საქართველოს ფასი და ქვეყნის პირველ პრობლემად უმუშევრობას კიარა, ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებენ. მანამდე კი ხან იქით ვენარცხებით კაპიტანდაკარგული გემივით ხან აქეთ, სულს ვყიდით თეთრებზე და მას ვუკრავთ ტაშს ვინ მეტ ფულს დაგვპირდება უშრომელად და მუცლელს ამოგვიყორავს.