ავტორი: ნათია ბოტკოველი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
,,რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს!..
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..’’
გრიგოლ ორბელიანი
დღეს, ქართველები ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ჩვენია. მაგალითად, საკუთრებას: სახლებს, ავეჯს, სამკაულს, ბაღ-ბოსტნებს, ვენახებს, ტექნიკასა და ავტომობილებს… ცხადია, ეს ჩამონათვალი გაცილებით დიდია და ბევრს მოიცავს, მაგრამ იმას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს 4 მილიონ 479 ათასი მოქალაქიდან 400-ის ,,მოსაფრთხილებელთა ჩამონათვალში” მაინც მოხვდებოდა ქართული ენა…
დიახ, ეს რეალობაა. დღეს გამართული ქართულით იშვიათი თუ საუბრობს და იმ იშვიათთაგან იშვიათი ზრუნავს მასზე. მშობლიურ ენაზე ზრუნვა კომპლექსური საკითხია, რომელიც მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს… პირველ რიგში, იგულისხმება წერა და საუბარი ენის ნორმების დაცვით. უნდა ვეცადოთ, ჩვენი სასაუბრო (და, შესაბამისად, სამწერლობო) ლექსიკონიდან ამოვიღოთ ყველანაირი ბარბარიზმი (უცხო ენიდან შემოსული სიტყვები, რომელთა შესატყვისებიც გვაქვს მშობლიურ ენაში. მაგალითად: რუჩკა, გრეჩიხა, საროჩკა, პაძემკა, პრივეტ, ოქეი და მისთანანი).
თავი უნდა ავარიდოთ კალკებს (უცხო ენიდან სიტყვის ან გამოთქმის სიტყვასიტყვით თარგმანს მშობლიურ ენაზე ამავე მნიშვნელობის სიტყვით ან შესატყვისით. იგულისხმება შემდეგი გმოთქმები: თავის თავზე აიღო, მიზერული, მიმდინარეობს მშენებლობა, დახმარება აღმოუჩინა, ფიცი მისცა, სახეზეა და ა.შ.) უნდა შეველიოთ ჟარგონებსაც (ერთნაირი სოციალური მდგომარეობის, ასაკის, პროფესიის მქონე პირთა ჯგუფში გაჩენილ ენისთვის არასაჭირო და გაურკვეველი წარმოშობის სიტყვებს. როგორებიცაა: მევასება, საჩკაობა, ბარო, დაახვიე, ღადაობა, კაიფი და სხვ.).
კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ საჭირო აღარ არის, რადგან მსგავსი სიტყვები თითქმის ყველა ჩვენგანის სასაუბრო ლექსიკონში არსებობს და გარშემომყოფებისაგანაც არცთუ იშვიათად გვესმის… ენის ,,დაბინძურებით” გამოწვეული გულისტკივილი იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიხატება ხოლმე, მაგალითად, ამ პრობლემაზეა საუბარი, ქართველი პოეტის, ნიკო გომელაურის მოცემულ ლექსში, (,,ენა, მამული’’):
“საროჩკა”, “ნასკი”, “კრაოტი”, “პოლი” –
მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი.
“კუხნა”, “ბალკონი”, “ზალა”, “პადვალი”
– მითხარით ენა ამის ბადალი.
“პესოკი”, “სუმკა”, “ტუფლი”, “იუბკა”.
“რომელი გოდა ხარი” – “თხუთმეტი სუტკა”
“მოვპარე სპიჩკა – მაქვს ეს პრივიჩკა”
“ლამპოჩკა”, “ჩაინიკი”, “კრაოტი”, “სტოლი”
– ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი
“შოფერი”, “მატორი”, “პაკრიშკა”, “ლიჟები”… – საბა და ილია – “იმენა” გიჟები.
ენის ჩამოყალიბების, დამკვიდრებისა და გავრცელების საქმეში დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის მასობრივ საშულებები, ამიტომ, მნიშვლევანია, რომ სწორედ ტელევიზიიდან გვესმოდეს დახვეწილი ქართული და ჟურნალ-გაზეთებში გვეძლეოდეს ასეთივე ქართულით დაწერილი ტექსტების წაკითხვის საშუალება. ჟურნალისტები აუცილებლად უნდა გახდნენ ენის სანიმუშო და ერთგული დამცველები!
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დამკვიდრებულია შეხედულება, რომლის მიხედვითაც მხატვრული ლიტერატურის თანამედროვეობის მანიშნებელია ჟარგონები და უწმაწური სიტყვები, სწორედ ამიტომ, ბევრი თანამედროვე მწერალი თავის შემოქმედებაში კარს ფართოდ უხსნის ისეთ ენობრივ დარღვევებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. შედეგად ვიღებთ: სალიტერატურო ენა, რომელიც ყოველთვის განსხვავდებოდა სამეტყველოსგან, იკარგება, რადგან განიცდის ამ უკანასკნელის მკვეთრ ზეგავლენას!
საქართველოს მრავალტანჯული ისტორია გარკვეულ ახსნას და პატარა გამართლებასაც კი უძებნის ენის დღევანდელ სავალალო მდგომარეობას. ჩვენ ჩვენი ენიანად მუდამ ვიჩაგრებოდით მრავალრიცხოვანი მტრისგან. ,,მტრად შემოსული’’ არაბები, თურქ-სელჩუკები, მონღოლები, სპარსელები, რუსები ჩვენს ენას უცხო, არასაჭირო სიტყვებითა და გამოთქმებით ,,ამახსოვრებინებდნენ თავს’’.” მაგრამ ღმერთმა გონება იმისათვის მოგვცა, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა შევძლოთ, გადავწყვიტოთ, წინაპრებისგან შემონახული, ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენით ვისაუბროთ თუ იმ ტანჯული ენით, რომლის ერთ წინადადებაში ქართულზე მეტი ინგლისური ან რუსული სიტყვაა და რომელიც, რა თქმა უნდა, ჩანაცვლებით ემუქრება ჩვენს მამაპაპეულ ენას!
არჩევანი ჩვენზეა!
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ ვუფრთხილდებით ყველაფერს, რაც ჩვენია, დროა გავითავისოთ, რომ ენაც ჩვენია და მასაც სჭირდება რუდუნებითა და სიყვარულით მოპყრობა. დღეს, XIX საუკუნისაგან განსხვავებით, არავინ გვიკრძალავს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. დღეს საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქვია და თავისი თავის პატრონი თავად არის, სწორედ ამიტომ ქართული ენის პატრონები ქართველები უნდა გავხდეთ! დავიცვათ და შევინარჩუნოთ ,,სამი ღვთაებრივი საუნჯიდან’’ პირველი: ენა!