ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ეს ზამთარიც გადავაგორეთ.
სუსხიანი გამოდგა თებერვალი. გარეთ ისევე წვიმდა და თოვდა, როგორც ლუკას მიწურში.
ლუკა ჩემი უბნელი, 8 წლის პატარა ბიჭია, საოცარი ღიმილით. სკოლაში ვერ დადის. უფრო სწორად არა… წესით მეორე კლასში უნდა იყოს, მაგრამ გარემო-პირობების გამო სახლში რჩება და მთელი დღე ცდილობს ოჯახს მიეხმაროს. თავი უკვე კაცი ჰგონია და მთელი დღეები წინ და უკან დარბის.
კითხვა იცის, წერაც ეხერხება. დედა ზრდის. ბებოც ჰყავს. მამა 2008 წლის აგვისტოში სადღაც წავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
მათ ოჯახში მხოლოდ ერთი საბანია, რომელიც მთლიანად ლუკას განკარგულებაშია, თუმცა ზამთრის ყინვების დროს ფეხებს ვერ უთბობს. ამ დროს დედა ეხუტება მას და გათენებამდე წამებსა და წუთებს ერთად ითვლიან.
მათ ქოხში მხოლოდ რამდენიმე ქვაბი, ჭიქა, ერთი ღუმელი და ძველი ყუთებია, რომლითაც გაჭირვების ჟამს თბებიან.
„სახლის“ კედლებს შორის ნაპრალებია, დიდი ნაპრალები, რომლებსაც ხშირად ნაჭრებით ავსებენ. მათი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ ბებიის პენსიაა, რომლითაც თვიდან თვემდე სულდგმულობენ. კეთილი მეზობლებიც შეძლებისდაგავარ ეხმარებიან.
ბებოს ბიჭისთვის უთქვამს, მამაშენივით სახელოვანი ვაჟკაცი უნდა გაიზარდოვო. ლუკას უნდა პოლიციელი გამოვიდეს. ლუკას ვაჟკაცობა პოლიციელობა ჰგონია და იმიტომ.
მან არ იცის რა ხდება, არ აქვს პრობლემები და ელოდება მამას. მამას, რომელიც არ ახსოვს, იმ დაწყევლილმა აგვისტოს დღემ რომ წაართვა. საუბრისას ამბობს, რომ მალე მივა მასთან, ბევრი საჩუქრით, მერე დედიკოს, ბებოს და ლუკას ცხოვრება სულ, სულ შეიცვლება.
მას ხშირად სახლის წინ დაინახავთ. რომ შეეკითხები – აქ რა გინდაო, დიდრონ შავ თვალებს ქუჩის მოსახვევს მიაპყრობს და გეტყვით, რომ მამას ელოდება.
ლუკას სჯერა რომ მამა დაბრუნდება.
უნდა სჯეროდეს.