გზა თბილისიდან ბათუმამდე

ავტორი: ანა ვაშაყმაძე

თსუ-ის სტუდენტი

თბილისიდან ბათუმის ან პირიქით, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად მგზავრები სხვადასხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილდებიან. მატარებელი, სამარშრუტო ტაქსი, მიკროავტობუსი და „მინივენი“, ეს იმ ტრანსპორტის ჩამონათვალია, რომელიც მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – მატარებლით მგზავრობას, ნაწილი – მიკროავტობუსით, ხოლო ნაწილი კი, –  სატრანსპორტო ბაზარზე ახლადგამოჩენილ „მინივენის“ ტიპის ავტომობილს ანიჭებს უპირატესობას.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი, მოლარე თამარ დავითაძე ამბობს: „მატარებელი ორივე მიმართულებით ყოველდღიურად გადაადგილდება და მგზავრთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. თბილისიდანაც და ბათუმიდანაც დღეში ორი რეისი სრულდება.  იშვიათია, როდესაც ვაგონები არ ივსება.“

მატარებლის გამცილებლის გურამ გიორგაძის თქმით, მგზავრობას ზუსტად 5 საათი და 30 წუთი სჭირდება, ამავე დროს მგზავრები თავს კომფორტულად გრძნობენ და ეს არის ერთ–ერთი ფაქტორი რის გამოც მოსახლეობა უპირატესობას მატარებლით მგზავრობას ანიჭებს.

სამარშრუტო ტაქსით ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა 20 ლარი ღირს. მგზავრების ნაწილისთვის ფასი მისაღებია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ღირებულება საკმაოდ მაღალია. „მგზავრობის ღირებულება არ არის ძვირი, მაგრამ შეიძლება უფრო იაფიც იყოს, მაგრამ თუ საწვავის ფასს შევადარებთ, მაშინ საკმაოდ ნორმალურია.“- თქვა მგზავრმა მაგდა თევზაძემ.  ვიტალი ბერიძის თქმით: „საფასური არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ცოტა რთულია 20 ლარის გადახდა. ამიტომ, უფრო ხშირად მატარებლით ვმგზავრობ და 50%–იანი ფასდაკლებით ვსარგებლობ, როგორც სტუდენტი. ეს ძალიან დიდი შეღავათია. მე ბათუმიდან ვარ და თბილისში ვსწავლობ, საკმაოდ ხშირად დავდივარ ბათუმში და მგზავრობაში ბევრი ფული მეხარჯება, ვფიქრობ სტუდენტებზე ფასდაკლებას, მხოლოდ რკინიგზა არ უნდა აკეთებდეს.“ 

მიკროავტობუსით გადაადგილების მსურველთა რაოდენობა მაღალი არ არის, რასაც დიდუბის მეტროსთან არსებული ავტოსადგურის მძღოლებიც აღნიშნავენ.

“15 წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ვფიქრობ, არ არის მომგებიანი, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა. ოჯახის ძირითადი შემოსავალი ეს საქმიანობაა. წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი გვაქვს და მძღოლები ამ გრაფიკით ვმუშაობთ. საკმაოდ რთული სამუშაოა, მთელ დღეს მანქანაში ვატარებ, ზოგჯერ 12 საათსაც კი. დიდი მანქანა მყავდა, მაგრამ ახლა მინივენი ვიყიდე, უფრო კომორტულია. “  – ამბობს ბათუმი – თბილისის მიმართულების სამარშრუტო ტაქსის მძღოლი კახა კუტალაძე.

სატრანსპორტო საშუალებებს კიდევ ერთი სახეობის ტრანსპორტი ე.წ „მინივენი“ დაემატა, რომელშიც 7-8 ადამიანი ეტევა.  მგზავრობის ღირებულება კი იგივე – 20 ლარია. მინივენის მფლობელისა და მძღოლის კახა კუტალაძის აზრით: „ასეთი მანქანა უფრო კომფორტულია, თუმცა ნაკლებად მომგებიანი, რადგან მგზავრების რაოდენობა ნაკლებია, შესაბამისად თანხაც.“

 „7 წელია მძღოლი ვარ და ამ საქმით ვარჩენ ოჯახს. მახსოვს ადრე, 7 ლარიდან იწყებოდა მგზავრობის ღირებულება, ახლა კი 20 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ საწვავის საფასური გაძვირდა და ჩვენც იძულებულები ვიყავით გაგვეზარდა თანხა. ალბათ ყველასთვის მისაღები არ არის, მაგრამ რა ვქნა, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ამით ვაჭმევთ ლუკმას.“ – თქვა მძღოლმა გიორგი ღამბაშიძემ.

მინივენი დიდი ზომის ტრანსპორტს, მიკროავტობუსს  საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს. მძღოლები აღნიშნავენ, რომ მგზავრების რაოდენობა სეზონზეა დამოკიდებული და მხოლოდ ზაფხულში ან დღესასწაულებზეა ბევრი ხალხი. ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები, მაგრამ არ გამორიცხავენ სხვა ასაკის ხალხს. ერთ–ერთი მძღოლი კახა კუტალაძე აღნიშნავს: „თითქმის ყველა ასაკის ადამიანი მგზავრობს, თუმცა უფრო სტუდენტები დადიან. ეჩქარებათ და დროის გამო მატარებლით არ მიდიან. ან თუ გაასწრებთ მატარებელი იმ შემთხვევაშიც მგზავრობენ მინივენით.“

„სტუდენტი ვარ  და როგორც კი რამდენიმედღიანი დასვენება მაქვს მაშინვე ბათუმში მივდივარ. ძირითადად მატარებლით ვმგზავრობ თანხის ეკონომიის მიზნით, მაგრამ ბოლოსმინივენით ვიმგზავრე და საკმაოდ კომფორტულია, არ შემაწუხა მუსიკამ და ბევრმა ხალხმა. “ – თქვა მგზავრმა ვიტალი ბერიძემ.

ბათუმიდან თბილისამდე მგზავრებს ავტოტრანსპორტით  6 საათიანი გზის გავლა უწევთ.  შესაბამისად მგზავრების პრეტენზიებს სხვადასხვა გარემო ფაქტორი იწვევს. გზაზე ხშირია საცობი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას აფერხებს. მატარებელი კი ხანდახან დანიშნულების ადგილამდე მისვლას აგვიანებს, რაც მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს.  როგორც ერთ-ერთი მძღოლი გიორგი ღამბაშიძე ამბობს: „ მგზავრები ყველაზე ხშირად პრეტენზიას გამოთქვამენ, საცობის, ხმამაღალი მუსიკის ან მაღალი სიჩქარის გამო.“ ასევე ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა საკვები ობიექტი, სადაც საკმაოდ მაღალი ფასები და დაბალი ხარისხია. მგზავრი გიორგი ცქიტიშვილი ამბობს, რომ არ მოსწონს საკვები ობიექტების მომსახურება და ხარისხი. ფასები ძალიან მაღალია და ურჩევნია საკვები სახლიდან წაიღოს. მატარებელში კი ფასები გაორმაგებულია და მხოლოდ ყავას ყიდულობს.

საქართველოში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მრავალფეროვნების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთ კონკრეტულ ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას. სტუდენტები ძირითადად მატარებლით მგზავრობენ, რადგან საქართველოს რკინიგზა 50%–იან ფასდაკლებას აკეთებს.  მომსახურების პირობები განსხვავებულია, ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი მიუღებელი. ამ და სხვა დამატებითი განსხვავებების არსებობის გამო სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები