გმირი

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

მზე მთელი სიკაშკაშით, დეკემბრისთვის უჩვეულო სითბოთი, ოქროსფრად ანათებდა მუქი ლურჯი ცის კაბადონს. ალბათ, ცდილობდა მთელი ძალით, უკანასკნელად გაეთბო გმირის უსულო, ცივი სხეული, რომელიც ყვითლისა და ლურჯის ერთიანობისთვის თეთრი სუდარით შეიმოსა და ვაჟკაცური სისხლი დაღვარა ქათქათა საფარველზე… სწორედ ამიტომ, მის უკანასკნელ განსასვენებელს თეთრზე გამოსახულ წითელ ჯვრიანი და ლურჯისა და ყვითლის საფარველი ფარავდა… ეს იმიტომ, რომ ზეციურ საქართველოს კიდევ ერთი გმირი მხედარი შეემატა, რომლის სახელიც მომავლის ცისფერ ფონზე ყვითელი მზესავით იკაშკაშებს… კიდევ ერთხელ, სისხლით წითლით თეთრზე ჩაიწერა საქართველოს ისტორიის ახალი სტროფი…

დუმდა ხალხი და ქუჩაში თავდახრილი პროცესია უსიტყვოდ მიჰყვებოდა დაცემულ გმირს უკანასკნელ გზაზე… ცრემლით სავსე თვალები ეგებებოდნენ ადამიანს, რომელმაც სამშობლოს მისცა ის, რაც ყველაზე ძვირფასი გააჩნდა და გულები ჩუმად ლოცულობდნენ გმირის სადიდებელს… ლოცულობდნენ და ჩურჩულნარევი ლოცვა მდუღარე სიტყვებად იფრქვეოდა ზეცისკენ… ღმერთო აკმარე საქართველოს… ღმერთო აკმარე… კომეტასავით მოწყდა ქართულ ზეცას საქართველოს ვარსკვლავი და კაშკაშა, ნათელი კვალი დატოვა მარადიული დიდებით მოსილმა საქართველოს ისტორიაში… გმირები არ კვდებიან, გმირები მაღლდებიან!!! მე ამის მწამს და დრო მათ სახელებს კი არ ივიწყებს, არამედ უფრო ძლევამოსილს, მოსაწიწებელს და სათაყვანებელს ხდის…

რა შეიძლება, იყოს დახრილ დროშაზე უფრო საზარელი სანახავი… იმ დახრილ დროშაზე საზარელი, რომლის აღმართვისა და სიამაყისთვის გმირმა თავი გასწირა… რა შეიძლება, იყოს ცრემლნარევ დუმილზე უფრო აუტანელი მოსასმენი… ქალაქში მდუმარედ მიიწევდა გრძელი პროცესია…რიონიც ჩუმად, გმირის სისხლივით დამშრალი მიედინებოდა თავისი აღსასრულისაკენ, უდაბური ზღვისკენ…უკვე მზე გადასულიყო, საღამო ახლოვდებოდა… ზოგიც ცნობისმოყვარეობის, ზოგიც პატივისცემის ნიშნად მიჰყვებოდა დასრულებული წუთისოფლიდან უსასრულო მარადისობაში მიმავალ გმირს უსასრულობის კარიპჭემდე…

მზე ისევ ისე, ჯიუტად, თბილად ანათებდა… თითქოს ძალას არ იშურებს თავისი მადლიანი სხივები შეავლოს მას, ვინც ვეღარასდროს იხილავს ამქვეყნიურ ცხოველ სხივებს… ატირებული შვილი, რომელსაც ეამაყება გმირი მამა და ტირის მის ბედს… ატირებული, წვერში შემოსილი გმირის მშობელი, რომელიც საოცარ სიტყვებს ეუბნება შვილიშვილს: ,,მამაშენი გმირია შვილო, გმირს ტირილი არ შეშვენდის… გმირზე ლოცულობენ“!!! რა შეიძლება იყოს, ამ სიტყვებზე უფრო ძლიერი?!

…და მაშინ ვხვდები, რომ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გული ყელში მომებჯინა, როდესაც პროცესიის უკან ჩამორჩენილმა რამდენიმე ადამიანმა ხუმრობისა და სიცილისთვის მოიცალა… მიწა ცივია, უდაბური… ძნელია, მიაბარო მას ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა სიკვდილს უსამართლობის აღსაკვეთად… ძნელია მიწას მიაბარო და მერე ზურგი აქციო და დატოვო… ყველას, სულ ყველას ჩვენი წილი ჯვარი გვაქვს ჩვენს გოლგოთამდე ასატანი და ჩვენი გოლგოთა საქართველოა… მეამაყება ქართველი გმირები, მეამაყებიან უსახელო უფლისციხელები და მწამს მათი სამარადისო უკვდავყოფის…

ღმერთო, აკმარა საქართველოს ცრემლი და სისხლი! ღმერთო, დაიფარე გმირთა მშობელი ერი!!! ასწავლე, ერთმანეთის დანდობა, გაუძლიერე ეროვნული შეგნება და ერთიანობა!!! გმირები არ კვდებიან!!! გმირებს არ ტირიან!!! გმირებზე ლოცულობენ!!!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები