ავტორი: ქეთევან მიქელაძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის (თეატრალური) სტუდენტი
“…დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!..”
მე მიყვარს ჩემი აჭარა, ჩემი აჭარელი,70 წლის , ბებოს დაკოჟრილი ხელები, ღია ზღვისფერი წყლიანი თვალები, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ – აწ უკვე 12 წელია, რომ შავი თავსაბურის ქვეშ მოუჩანს.მე მიყვარს მისი ფუსფუსი სოფელში ჩემი მიახლოვებისას და მიყვარს მისი ცრემლიანი თვალები მეც,რომ ამატირებს ხოლმე განშორებისას… მე მიყვარს ბიძაჩემის წარმოთქმული საქართველოს სადღეგრძელო. დიახ, აჭარელი ბიძის გადმომღერებული ქართული ენა. წმინდა,სუფთა,წყლიანი,მადლიანი და ქართული. გაქრისტიანებული ბიძაშვილების საამური გალობა და სისხლძარღვებდაბერილი გრძნობით ,,ჰოიდა ნანას” გულიდან ამოგლეჯა…მე მიყვარს მისი თითებით შესრულებული მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი.
მე მიყვარს, – შორეული სხალთისა და ჩაოს დიდიგოროზი მთიდან ჩამოდენილი რუ დიდ ბობოქარ მდინარედ, რომ მოხეთქს ჩემი ბაღის ძირას. მე ის დიდი ზღვაც მიყვარს თურქეთთან რომ გვიყოფს საზღვრებს. მე დიდებულ სხალთის ხეობაში ის პატარა ტაძარი მიყვარს დღემდე, რომ დაჯვარულ ქვებს შორის გუგუნებს. მე მისი სანთლების სიწმინდე მიყვარს. მისი ბუნების სიდიადე მიყვარს. მე ის ხალხი მიყვარს აჭარის შორეულ მთებში ქართველობას რომ იცავს…მე ასეთი აჭარა მიყვარს ასეთი როგორიც ახლა არის.
გათათრებულაო, გაჩადრებულაო, გათურქებულაო, გამუსულმანებულაო ასე იტყვაინ ხოლმე ჩემ დიდებულ აჭარაზე… რა ისტორია აქვსო… რისთვის გაუძლიაო? რა შეუნარჩუნებიაო? გამეცინება ხოლმე და მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში ,,300 წელი, 300 წელი” მათ რა იციან წინაპრების დაკოჟრილი ხელეფის ფასი… გათათრებულს რომ უწოდებენ მათ ნაჯაფ მიწას…
მიწის მუშებად, მონებად მუშაობენ თურქეთშიო, – გაქილიკებით მეტყვიან! სახლში ჩვილი რომ უტირის იმან რა ქნას 300 წლიან მონობას პროტესტი გამოუცხადოს და მშიერი მოკვდეს? ვუხსნიდი ყველას სადაც კი ხმა მიმიწვდებოდა მაგრამ ბოლოს მივხვდი – ამას როგორ გაიგებს ის ვინც მხოლოდ ბარგგაკიდებული საზღვაო ჩუსტებითა და შარფით აჭარის ზღვაზე ნებივრობს..
მე აჭარელი ვარ და ალბათ განსაკუთრებით იმიტომ მტკივა იქაურობაზე გასროლილი თითოეული ტალახი. ტყუილი ცდაა, სხვა ალბათ ვერც გაიგებს სხალთის ტაძრის ძირში აჭარელი ბავშვის ლოცვას!
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!