მე ეს შევძელი, ანუ – ჩემი თავგადასავალი

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, გავიგე სანატრელი პასუხი, რომ დავინიშნე – ,,ქალაქ ქუთაისის მუნიცაპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროს სპეციალისტად“. ამის გაგება იყო და, სამსახურის სახელძლივსდამახსოვრებულს ახალი საზრუნავი გამიჩნდა, – საჭირო დოკუმენტაცია, – და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა–ვაება…

პირველად, მომსახურების სააგენტოში ჩავედი ნასამართლეობის ცნობის ასაღებად და უფასოდ თუ გინდა, ერთ კვირაში მოაკითხეო. ამის შემდეგ უკვე ნარკოლოგიურისა და ჯანმრთელობის ცნობების აღების ჯერი დადგა და ავტოქარხნის საავადმყოფოს მივაშურე… სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის შენობაში იმხელა რიგი იდგა, ჯანმრთელობის ცნობის გაკეთება გადავწყვიტე და საავადმყოფოში მივედი. გახარებული ექიმი შემომხვდა და კი ახლავეო, სიხარულისგან კამარა შეჰკრა ჰაერში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სალაროსკენ გავეშურეთ ოცი ლარის გადასახდელად და გზაში, სავარაუდოდ, უფროსი ექიმი შეგვხვდა. ხალისიანად შეხვდნენ ერთმანეთს და ასეთი დიალოგის მომსწრე გავხდი: – ,,დღეს კარგი დღეა ბატონო ექიმო, ავადმყოფების ცვენაა უნდა აგავსოთ, უნდა აგავსოთო“. –  ამის გაგონებაზე, გული გადამიტრიალდა, მეც არ დამტოვონ აქ-მეთქი.

სალაროსთან მივედი და ქვითარი ამოვიწერე. აქედან დაიწყო უსაინტერეოსი ფენომენალური ცნობის წერა. ერთი შემომხედა და ის მკითხა ქალბატონმა ექიმმა ოპერაცია ხომ არ გაქვს გაკეთებულიო. არა-მეთქი, რომ ვუპასუხე, დახარა თავი და ხელის მომტვრევამდე წერა, თან,  ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ გარკვეული კალიგრაფიით.

ცნობა ასე გამოიყურება:

პრაქტიკულად, ჯანმრთელი…(ვფიქრობ: დაასკვნა ერთი შეხედვით, ეს ვინ ყოფილა კაცოოო) სუბიექტური ჩივილები არ აქვს, ობიექტურად კანის საფარველი , კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებულია ზომიერად (თავიდან სუბიექტებს და ობიექტებს რომ წერდა ვიფიქრე ზმნას არჩევსთქო, მაგრამ თურმე მე მარჩევდა და, ნეტავ, ვიცოდე, სად შეხედა ჩემს კანს, როცა სიცივის გამო ცხვირამდე გაფუთნული ვიყავი). ძვალ-სახსროვანი სისტემა ხილული დეფორმაციის გარეშე, ლიმფური ჯირკვლები გადიდებული არ აქვს, სხეულის ტემპერატურა 36.6  (ვააა… თვალები კიარა რენტგენი ჰქონია, რამდენი რამე დაასკვნა უცებ…ლიმფური ჯირკვლებისთვისაც შეუვლია თვალი, ჩემი ,,დუტში“ ჩამალული სახსრებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ტემპერატურა როგორ გამიზომა?! ტიტუუუუ! არც მეტი, არც ნაკლები – ზუსტად 36.6 გრადუსი მქონია. ეს თავლებით რას ზომავს და ისე ხო წარმომიდგენია რას გაზომავს, ბიჭოოოს!).

…მუცელი რბილი, უმტკივნეულო ღვიძლი, ელენთა გადიდებული არ არის (ნეტავ ბავშვობაში ხომ არ მიცნობდა, ეს ჩემი მუცლის, ელენთის და ღვიძლის სირბილე სად შეამოწმა, ნეტავ, ვიცოდე?!). კუჭის მოქმედება ნორმის ფარგლებში, შარდვა უმტკივნეულო და თავისუფალი ( ეუ ამაზე მთლად მომეშვა გულზე, იმიტომ რომ ნარკოლოგიურში, მეც უმტკივნეულო პროცედურა მესაჭიროებოდა, მარა ცოტა შეშინებულ-დაბნეული კი ვარ და ოდნავ შერცხვენილიც; – ამაზე მაინც როდისღა მითვალთვალა და ამოიკითხა ამ დროს ჩემი განცდები და გრძნობები-მეთქი).

მომცა, ასე ერთი შეხედვით დაწერილი  ჩემი სანუკვარი ცნობა და ახლა, ნარკოლოგიურისკენ გავწიე.

აქ, ისევ რიგი იყო და პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა… რა თქმა უნდა, ზოგის ნაცნობობა ჭრიდა და ურიგოდ შედიოდნენ… ნარკოლოგიური ისე გამოიყურება, ამერიკულ ფილმებში რომ მიტოვებული შენობებია… ჩამსხვრეული მინები, ჩამოძონძილი დერეფანი და სიცივე… ბევრი ვიწრიალე ამ სიცივეში და თანდათან, უფრო და უფრო მზად ვხდებოდი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. პატრულს მაინც გავეჩერებინე სადმე და წამოვეთრიე! ხალხი ძალით მოჰყავთ აქ და მე ჩემი ფეხით მოსულმა შვილივით 41 ლარიც უნდა გადავიხადო და ამდენიც უნდა ვიცადო…

2 საათზე მისულმა 9-ის ნახევრამდე გავძელი ცივ დერეფანში სხვებთან ერთად და მერე, სიმწრის ოხვრა აღმომხდა! –  ჭიქა, ექიმო-მეთქი, – ვიყვირე განწირულმა და… გამომყვა ექსპერტი, კუთხეში მიმაყენა და აბა მიდიო გამამხნევა, ოღონდ ნახევრამდეო… ვაი, მეეეე!!! ახალი დილემის წინაშე გავჩნდი… რავარი გასაწყვეტია შუაში?!. მგრამ, დავძლიე ეს დილემაც და გამარჯვებული წამოვედი სახლში…

ო, როგორ მეზიზღება ეს ბიუროკრატია… უაზრო ქაღლდებში გადავიხადე 65 ლარი და იმედია მალე გავხდები საჯარო მოხელე… ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ მეგობრებო ის, რაც მე გამოვცადე 😀 ნარკო ტესტის ჩაბარების მერე ისე იმასაც ვფიქრობდი: ,,ვინ თქვა სამოთხე დედამიწაზე არ არსებობსო…“ აი რა ყოფილა ჭეშმარიტი სიამოვნება… წარმატებები თქვენც ამავე საქმეში 😀

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები