ავტორი: მარიამ ტუხაშვილით
თსუ-ის სტუდენტი
კვლები ამტკიცებს,რომ XXI საუკუნეში წიგნის მკითხველთა რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს,რაც თანამედროვე ცხოვრების სტილმა განაპირობა.ბევრი ჩივის, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები და გადატვირთული დღის რეჟიმი თითქმის არ ტოვებს დროს წიგნის საკითხვად. მის კონკურენტებად კი, პირველ რიგში, ტელევიზია ,ინტერნეტი და კონკრეტულად კი, – ფილმები მიიჩნევა.
საკმაოდ აქტუალურია, ცნობილ პროზაულ ნაწარმოებზე სცენარის დაწერა და შემდეგ მისი ეკრანიზაცია.მე მათგან ყველასათვის საყვარელ ,,ნატვრის ხეს“ გამოვარჩევ და ვეცდები,რომ მის მაგალითზე დავაპირისპირო წიგნი და ფილმი, გამოვყო მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების ნიშნები.
ფილმში გაერთიანებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობები. ერთი შეხედვით, მომგებიანია მისი ყურება: – ვიღებთ სიამოვნებას, მცირე დროში ვეცნობით გენიალური მწერლის შემოქმედებას, მაგრამ გვიკმაყოფილებს კი, ის წიგნზე მეტად სულიერ მოთხოვნილებებს?! აღძრავს, ჩვენში იმ ემოციას , რაც კითხვის დროს გვეუფლება?!
ვფიქრობ, არა!
ვკითხულობთ და ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადება ის გარემო, სადაც მოქმედება მიმდინარეობს.ისინი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფები არიან, ჩვენ ვაცოცხლებთ მათ, მაშინ, როდესაც ფილმში რეჟისორი წყვეტს, თუ როგორი გარეგნობის მსახიობი ითამაშებს. ულამაზესია ლიკა ქავჟარაძე, მაგრამ იგი არ ჰგავს იმ მარიტას, რომელიც მე წარმომიდგენია. წიგნი გვაძლევს საშუალებას, რომ ვიაზროვნოთ, ვამუშაოთ გონება და მცირე ხნით აღმოვჩნდეთ ყოველდღიური პრობლემებისაგან შორს, ჩვენ მიერ შექმნილ სამყაროში.
წიგნში, გარკვეულწილლად, პირდაპირ თუ მინიშნებით, დაფიქსირებულია ავტორის აზრი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. რეჟისორი კი მხოლოდ დგამს სცენებს და ჩვენთვის უცნობი რჩება, თუ რას ფიქრობს თავად ამის შესახებ.
,,რამდენი ენაც არსებობს ქვეყანაზე, სულ აქ იყო ნაჯგუფარი: ენამძლე, ენაკვესია, ენაგესლი, ენაქარცი, ენამორბედი, უკლიტო ენა, ენამუხლმალი, ენა გაბნეულ-გამობნეული, სახრიკო ენა, ანამრე,ენაწყალნაყია, ენაქუხილი, ენამახვილი, ორენა…კიდევ დავუმატოთ? ორკაპა ენა, ენატლეკია, ენაჭრიჭინა. კიდევ ვინ იცის, რას არ იტყვის დაუყენებელი ყბა!“ – წერს გიორგი ლეონიძე და კარგად ვხვდებით მის ირონიულ დამოკიდებულებას ქუჩაში შეკრებილი საზოგადოების მიმართ, მაგრამ შეუძლებელია, დავინახოთ თენგიზ აბულაძის პოზიცია.
წიგნის დადებით თვისებებზე საუბრისას გამოგვადგება კიდევ ერთი არგუმენტი –ეკრანიზაციით ვერ გამოხატავ შინაგან მონოლოგებს, ვერ იგრძნობ პერსონაჟის სულიერ განცდებს, ვერ იზიარებ მის ფიქრებს.
,, – აგერ, ჩემი სოფელიც…ამდენ ხანს დასანატრელი…ჩემი კერა, სადაც აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი! ვინ გამომეგებება? ვინღა მეტყვის დედასავით ტკბილად,–შვილო, მშვიდობით მომიხველო? ჭირი მოგპარეო, – ვინღა მეტყვის? – არავინ! ვინა მყავს მათი ნაცვალგვარდა? მოხრეკილი საწუთრო, უდაბნო-უგულო!“ – ვკითხულობთ და ჩვენ თვითონ ვხდებით უიმედო, მარტოსული, ბედისა და ადამიანთაგან განწირული ქალი, რომელსაც აღარაფერი დარჩენია ამქვეყნად.
ფილმში, კი ვხედავთ სასაცილოდ ჩაცმულ, ჭრელ კაბაში გამოწყობილ პერსონაჟს. ვიცით, რომ ის ტრაგიკული ფიგურაა, მაგრამ მისი ტკივილი თითქოს ჩვენ არ გვეხება. თუმცა, შეუძლებელია, უგულებელვყოთ ფილმის დადებითი მხარეები.რომელიმე ეპიზოდზე ლი მუსიკა (მაგ: ქარის ზუზუნი, როდესაც ელიოზი იყინება) ამძაფრებს სათქმელს და მთლიანად გიმორჩილებს.
მე მიმაჩნია, რომ წიგნს გაცილებით მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფილმს დავუკარგოთ დადებითი თვისებები.