ავტორი: ანა ვაშაყმაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ირაკლი, იკა და მხოლოდ დედასთვის – ირა. მეგობრებთან მეგობრული, დედასთან მოსიყვარულე და დასთან შედარებით მკაცრი. ასე ახასიათებენ ირაკლის მეგობრები და ოჯახის წევრები. ბავშვობიდან „იურისტი“ და სამართლიანი. ბიჭი, რომელიც ყოველთვის ასხივებს პოზიტივს.
„ჩემი მთავარი დევიზი არის სოლიდარობა, რადგან სოლიდარობა მოიცავს სამართლიანობას, ასევე იმ რელიგიურ თეზისებს, რომლებიც ზოგადად კაცობრიობისა და კაცთმოყვარეობის არსებითი ნაწილია. მოექეცი მას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ. ეს არის სოლიდარობის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი. სოლიდარობაა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მართლშეგნება იმისა, რომ როდესაც ადამიანს უჭირს, შენ მის გვერდზე უნდა დადგე, რადგან ხვალ შეიძლება ეს პრობლემა შენ შეგექმნას“.
ამ სიტყვების ავტორი თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრაძეა. ის ამ ნათქვამით ხაზს უსვამს მისი ცხოვრების სტილს და იმას თუ რა არის მისთვის მთავარი. ირაკლი ბათუმელია, უკვე მესამე წელია რაც თბილისში ცხოვრობს. ის თითქოს ერთი ჩვეულებრივი სტუდენტია, თუმცა თუ გადავხედავთ მისი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს მივხვდებით, რომ სულ უბრალო სტუდენტიც არ ყოფილა. მეამბოხე, სამართლიანი და რასაც თავის ერთ–ერთ კარგ თვისებად მიჩნევს – ობიექტური.
სამართლიანობამ გაიჟღერა და ეს სიტყვა ყველაზე კარგად ესადაგება ირაკლის ხასიათს. ამას თავადაც ამბობს და ხანდახან ფიქრობს, რომ მუდმივად სამართლიანობის ძიებაში საკუთარი თავის არსებობის შესახებ ავიწყდება. ალბათ არც არის გასაკვირი მისი მომავალი პროფესია. ბავშვობიდან ცდილობდა სხვების დაცვას. მე–9 კლასში ქართულის მასწავლებელმა თემა დააწერინა სათაურით: „ვინ მინდა გავხდე“. ამ თემაშივე გამოიკვეთა თუ ვინ უნდა გამოსულიყო და ეს რა თქმა უნდა იურისტობა იყო.
„იურიდიული ფაკულტეტი ჩემთვის დაკავშირებულია სამართლიანობის დაცვასთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ხშირად ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ბევრად უხეშია და შემლახავია ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ, მაინც, ვფიქრობ, რომ კანონიერება ყველაზე კარგი საშუალებაა ქვეყანაში სამართლიანობის დასამყარებლად. კანონი რომელიც არ არის უნივერსალური. მიუხედავად იმისა რომ ყველა ადამიანი თანასწორია რეალურად ეს ასე არ არის, რადგან ზოგს ბევრი ეძლევა თუნდაც რესურსი, საშუალება სასწავლებლად ან უნარი ფიზიკური განვითარებისა. ჩვენ უნდა ვცადოთ და კანონით დავარეგულიროთ ბუნების უთანასწორობა და ის დავიყვანოთ არსებით თანასწორობამდე“.
თსუ მისთვის ნომერ პირველი უნივერსიტეტია და ბევრი არც უფიქრია თუ სად ჩააბარებდა. თუმცა სანამ უნივერსიტეტში მის მოღვაწეობაზე მოგიყვებით, ირაკლიმ მითხრა ერთი საინტერესო რამ. 8 წლის წინ ზღვის ნაპირზე დაგდებული წერილი ნახა, რომელსაც ნათლია წერდა ნათლულს და დანომრილი იყო როგორც წერილი #1. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს წერილი ირაკლის დაბადებამდე 1 თვით ადრე იყო დაწერილი. „1994 წლის 30 ოქტომბერს იყო დაწერილი, მე კი დავიბადე ნოემბერში. 10 წლის წერილი ვიპოვე. წერილში ეწერა მნიშვნელოვანი დეტალები, რამაც იმ პერიოდში ჩემი შეცვლა გამოიწვია, აზრები და დამოკიდებულებები შემეცვალა. დღემდე მნიშვნელოვნად ვატარებდი და ადრესატს ვეძებდი. ორი კვირის წინ მივაგენი დამწერს. წერილს რომ ვუბრუნებ მიხარია მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ გულიც მწყდება“.
(წერილი, რომელიც ირაკლის დაბადებამდეა დაწერილი. 1994 წლის 29 სექტემბერი. წერილი 3 გვერდიანია.)
მისი პოზიცია თსუ–სადმი ერთ სიტყვაში გამოიხატება – ოჯახი. სკოლის დასრულებისას რა თქმა უნდა მიზანი ჩაბარება იყო, ისიც მიზნის მისაღწევად აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო. იცოდა რომ რადაც არ უნდა დამჯდარიყო კარგი შედეგისთვის უნდა მიეღწია და მიაღწია კიდეც. „ თსუ–მ შემიცვალა როგორც მსოფლმხედველობა ასევე დამოკიდებულება. მომცა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და უნივერსიტეტმა მე გამზარდა როგორც ინდივიდი“.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ფეხი შეადგა და მერე დაიწყო… დაიწყო მეგობრებთან გატარებული საუკეთესო დღეები, პროტესტი ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ, მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში, მონაწილეობა თსუ–ის მმართველობითი ორგანოს სენატის არჩევნებში, გამარჯვება, წარმატება და უდიდესი ნდობის მოპოვება. ენდობა ძალიან ბევრი სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები და რექტორიც კი. ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც ირაკლის წარმატებასა და ნდობას უკავშირდება იყო, სენატის არჩევნების შემდგომი პერიოდი. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მე და ირაკლი თსუ–ის პირველი კორპუსის კიბეებზე ვიდექით, როდესაც ერთ–ერთი ლექტორი კორპუსში შემოვიდა. ირაკლის დანახვისთანავე ჩვენკენ წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხარეს მიდიოდა. ირაკლისთან მოვიდა, გაუღიმა და უთხრა, რომ ძალიან გაუხარდა მისი გამარჯვება და სჯეროდა რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებდა.
„სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობით საბჭოში, მონაწილეობა მივიღე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და იქ გავიმარჯვე თვითმმართველობის ერთიანი მოძრაობისგან დამოუკიდებლად. საამაყოა ჩემთვის, სენატში იურიდიული ფაკულტეტის ინტერესების დაცვა. ვცდილობ რომ ინფორმირებულები იყვნენ ყველანი, ლექტორების ნდობა, დეკანის ნდობა ჩემ მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ვარ კონსტრუქციული, სამართლიანი და ვცდილობ ჩემი პირადი ინტერესი არ ჩავაქსოვო საქმეში. იციან რომ ვარ მიუკერძოებელი“.
ფიქრობს, რომ მიუხედავად ორჯერ მოპოვებული გამარჯვებისა, უნივერსიტეტში ყველაზე დიდი წარმატება ეს არ არის. როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა თქვა, რომ თუ ამით ერთ ადამიანს მაინც შეაცვლევინებდა აზრს, მაშინ მისი მცდელობა წარმატებული იქნებოდა. საბოლოოდ კი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს წარმატებულად აფასებს. „ სენატის არჩევნების წინა დღით ერთ – ერთმა გოგონამ თამარ ქლიბაძემ მომწერა ასეთი წერილი, რომ ირაკლი შენ აქტივობას და შენს დანახულ ობიექტივიზმს მე ვხედავ და ჩემი ბევრი მეგობარი და იცოდე რომ შენმა მცდელობამ უკვე შედეგი გამოიღო. ეს იყო ჩემი დიდი გამარჯვება. მე ამ კამპანიიდან უკვე გამარჯვებული ვიყავი რადგან რამდენიმე ადამიანი იყო ისეთი ვინც ჩემი ობიექტური პოზიცია დაინახა“.
საქმიანი იმიჯი მან კარგად მოირგო. ლექტორები იცნობენ, როგორც სერიოზულს, ჩამოყალიბებულს და საკმაოდ დინჯ ადამიანს. თუმცა მეგობრები სხვანაირად აფასებენ. სხვადასხვა სიტყვით ამკობენ და ამბობენ, რომ ირაკლი ყოველთვის კარგ ხასიათზეა. რამდენად რეალურია მისი განწყობა არ იციან, მაგრამ ის თავის პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობს. ცდილობს მისი ცუდი ხასიათი სხვას არ გადასდოს. მეგობრებთან ურთიერთობაში კეთილი და მხიარულია, რაც შეეხება ზოგად ურთიერთობებს ის ძალიან კრიტიკულია, თუმცა ეს კრიტიკაც მხოლოდ იმათ მიმართაა ვინც ამას იმსახურებს.
რას ნიშნავს მისთვის მეგობარი? აი პასუხიც. „ჩემი მეგობრები არიან ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმიტომ რომ რეალობიდან გამომდინარე ჩემი დღის უდიდესი ნაწილი უკავიათ მათ. ყოველი საღამო, ყოველი დილა, ჩემი დაბადების დღე, ახალი წელი მათ უკავშირდება. ერთი ოჯახის წევრები ვართ. ყოველთვის ვთვლი, რომ ადამიანი მაშინ არის უახლოესი მეგობარი, როდესაც შეგიძლია ერთი თეფშიდან ჭამო საჭმელი, ერთი ჭიქიდან დალიო ჩაი ან ყავა, თუნდაც წყალი, ეს გვაქვს ჩვენ ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს სამეგობრო საკმაოდ დიდია. ბევრს ვჩხუბობთ, ბევრს ვესიყვარულებით და ეს ყველაფერი იმდენად გამოგვდის რომ მგონია არასდროს არ შეწყდება“.
ნატალი ოსიპოვი ირაკლის მეგობარია, რომელიც უნივერსიტეტში გაიცნო. ფიქრობს, რომ ირაკლისთან მეგობრობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა, ყოველთვის პოზიტივი მოდის მისგან. იცის, რომ სამართლიანობისთვის ყოველთვის იბრძოლებს და თავისი მეგობრები ყოველთვის მის გვერდით იქნებიან. ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელიც ირაკლის უკავშირდება. „მე და ჩემი ერთი მეგობარი ვიყავით ნაჩხუბრები, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ამის გამო მე ვიყავი ღრმა დეპრესიაში. კუპრაძემ იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად ახლო ურთიერთობა არ გვქონდა მაშინ, რომ ჩემთან ამ თემაზე ელაპარაკა, ხოდა ცდილობდა სხვადასხვა გზით ჩემი ხასიათზე მოყვანას, მაგალითად ერთხელ თავის წინაპრებზე მომიყვა, გრამიტო, მარკოზი და დურმიშხანი ერქვაო, ჰოდა ერთხელაც ვერ მოითმინა და დამიწყო ამ თემაზე ლაპარაკი, აქედან იქედან ჩამიგდო რაღაც კითხვები, ნელ-ნელა შემომაპარა და ბოლოს პირდაპირ მითხრა რომ არ შეიძლეობა ასე ყოფნა, რომ მეგობრობა ბევრს ნიშნავდა და რაღაც სისულელე მიზეზის გამო არ უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი. მე ამაყად არ ვწერდი იმ ბავშვს პირველი და დაელაპარაკეო, იმდენი მელაპარაკა რომ ბოლოს მივწერე და შევრიგდით“.
მიზნის მისაღწევად ბევრი სიგიჟე ჩაუდენია. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ საყდრისის თემასთან დაკავშირებით ერთ–ერთი დამსახურებული მეცნიერი მანანა მენაბდე პარლამენტის წინ შიმშილობდა, რადგან ძალიან ციოდა აქციის მონაწილეებმა სცადეს ქალბატონისთვის კარავი გაეშალათ თუმცა სამართლადამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ კარავი არ გააშლევინეს საღამოს 8–ის ნახევრიდან ღამის პირველის ნახევრამდე კარვით ხელში იდგა ირაკლი და ითხოვდა უფლებას, რომ გაეშალა. ამ ისტორიას ღიმილით იხსენებს და თან ამაყობს, რადგან პოლიციის თანამშრომლები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. თან ურთავდნენ რომ ამას არ უნდა ეუბნებოდნენ.
ის, რომ სამართლიანი, ობიექტური, მიზანდასახული ბიჭია და ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, არსებობს მის ცხოვრებაში ისეთი რაღაცებიც რაც არ გამოუვიდა. მაგალითად ყოველთვის უნდოდა დაეწერა მოთხრობები, თუმცა მცდელობამ არ გაამართლა. „ყოველთვის მინდოდა, რომ მოთხრობები დამეწერა. თუ რამე მცდელობა მქონდა რომ აზრი გამევლო და ჩამომეყალიბებინა გონებაში იმდენად აბსურდული გამომდიოდა, რომ ვხვდებოდი არ უნდა დამეწყო წერა და ამიტომ არც არასდროს დამიწყია წერა. როგორი მოთხრობები იყო იცი? მოთხრობა რომელიც წაკითხვის შემდეგ ადამიანს შეცვლის, და არა უბრალოდ ისტორია“.
კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია ცხოვრება 5 წლის შემდეგ მპასუხობს,იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, რადგან ეს ეთანხმება მის ხედვებს ცხოვრებაზე და საერთოდ მოღვაწეობაზე.
მხიარული, სერიოზული, მკაცრი, მეგობრული, სამართლიანი და ერთგული. ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ირაკლის მეგობრები ახასიათებენ. სამომავლოდ გასნაკუთრებული გეგმები არ აქვს. ყოველთვის იქნება ობიექტური და არასოდეს უღალატებს მეგობარს. „მე არასოდეს ვუღალატებ ნამდვილ მეგობარს და არასოდეს გადავაბიჯებ საკუთარ პრინციპებს“. ზოგისთვის თანამოაზრე, მეგობარი ან ოჯახის წევრი თამამად ცდილობს გააკეთოს ის რაც მოსწონს. მომავალშიც იმავე მდგომარეობაში აპირებს ყოფნას, როგორშიც ახლაა, რადგან ეს მის ხედვებსა და ცხოვრების სტილს საუკეთესოდ ესადაგება.