ავტორი: მარიამ გაბისონია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
საცობები თბილისის ქუჩებში ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური პრობლემა გახდა. პიკის საათებში პრობლემის სიმწვავე კიდევ უფრო მატულობს,რაც დისკომფორტს უქმნის როგორც მძღოლებს,ასევე მგზავრებს და ფეხით მოსიარულეებსაც.
N140 ავტობუსის მძღოლი, ზური ფიფია ამბობს, რომ პიკის საათებში მოძრაობა ძალიან დიდი დისკომფორტია როგორც მისთვის,ასევე მისი მგზავრებისთვისაც.
„პიკის საათებში მოძრაობა უკვე აუტანელი ხდება.საათობით მიწევს საცობში დგომა და ეს ძალიან მოქმედებს ჩემს ნერვებზე.ისმის გაბმული გინება და სიგნალების ხმა,რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას“.
პრობლემის შესახებ საუბრობენ მგზავრებიც. ქეთევან ბეჩახია ერთ–ერთი იმ მგზავრთაგანია, რომელიც საცობების გამო სამსახურიდან სახლში მისვლას საჭიროზე ბევრად მეტ დროს ანდომებს.
„სამსახურიდან ზოგჯერ სამარშუტო ტაქსით მიწევს წამოსვლა,ზოგჯერ ავტობუსით.ეს ყველაფერი კი ბოლო დროს აუტანელი გახდა.საათობით ვდგავარ საცობში.როცა დაღლილი ვარ და 2 საათის განმავლობაში მიწევს იმ გზის გავლა,რასაც რეალურად 40 წუთი სჭირდება,ეს საშინელებაა“.
„საცობები არ დაწყებულა ახლა,აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება“,–ამის შესახებ თბილისის მერმა,დავით ნარმანიამ,საკრებულოს სხდომაზე ოპინენტების იმ შეკითხვების პასუხად განაცხადა,რომელიც ქალაქში საცობების პრობლემის მოგვარებას შეეხებოდა.ნარმანიას თქმით,საცობების მიზეზი არის რეგიონებიდან ავტომობილების დინამიკური სვლა.
“ქალაქის სივრცე არის შეზღუდული, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები, რომელი პრობლემა მოგვარდეს და პირველ რიგში გზის საფარზე ჭის თავსახურების გასწორება უნდა დავიწყოთ, ავტომანქანების სვლა რომ არ შეაჩეროს. გარდა ამისა, პუშკინის ქუჩაზე ვგეგმავთ ესტაკადის გაკეთებას, იქ ცალმხრივი მოძრაობა დიდ საცობებს ქმნის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, გზების განახლებისთვის თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროექტები, რაც საცობების განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება იქნება. მანამდე კი სატრანსპორტო ნაკადებსა და საცობის გამომწვევ ძირითად მიზეზებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება.
„ინფრასტრუქტურული კომპონენტი მთლიანად ჩვენს თავზე ავიღეთ. მომდევნო წელს დავიწყებთ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის გაფართოებას, ასევე ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მშენებლობის პროექტირებას. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულოს თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, რათა ტრანზით მოძრავმა დიდმა სატრანსპორტო საშუალებებმა არ გადაკვეთონ დედაქალაქის ტერიტორია და შემოვლითი გზით წავიდნენ“, –აღნიშნა ნარმანიამ.
მოსახლეობა სიტუაციის გამოსწორების მოლოდინშია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაპირებები კი კვლავ გრძელდება.როდის აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა,ჯერჯერობით უცნობია,მანამდე კი თბილისის ქუჩები ისევ გადატვირთულია.