თეთრ  ხალათიანი  ჯალათები და სიკვდილი  დაბადებამდე

ARIS ბლოგერი

სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

როდესაც ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ იწყება საუბარი, რთულია გვერდი აუარო გენოციდის პრობლემას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში აბორტების ციფრი  საგანგაშოდ მაღალია. ლათინური ენიდან წარმომდგარი სიტყვა – „აბორტი,“ მუცლის ხელოვნურად მოშლას, მუცლის მოწყვეტას, ნაადრევ მშობიარობას ნიშნავს.

ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის პრაქტიკას ადამიანი დიდი ხნის წინ ეზიარა. აბორტის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550 წლით დათარიღებულ ეგვიპტურ პაპირუსებში ვაწყდებით. ის უცხო არც ჩინელებისთვის, არც ბერძნებისთვის და არც რომაელებისთვის ყოფილა. მუცლის მოსაშლელად ქალები სვამდნენ მაპროვოცირებელ მცენარეულ ექსტრაქტებს, ასრულებდენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, ცოცავდნენ, ხტუნავდნენ. არქეოლოგიური მასალა, ქირურგიული ჩარევის შემთხვევებსაც ადასტურებს.  მიუხედავად იმისა, რომ აბორტის ფართომასშტაბიანი სამართლებრივი რეგულირება მე-18 საუკუნემდე არ დაწყებულა, აბორტი, როგორც სამართლებრივი ფენომენი, პირველად ჰამურაბის კანონებში გვხვდება.

თუ ისტორიის პერიოდიზაციას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ ინფორმაციებს, რომ ძველად, საქართველოში აბორტი მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით, ქალი თუ მუცელს მოიშლიდა, თემიდან განდევნიდნენ. მას ქმარი უნდა დაშორებოდა. წამლის მიმცემი, თუ მდიდარი იყო, თემიდან განიდევნებოდა, თუ ღარიბი – შეარცხვენდნენ კიდეც. თუ ორსული გარდაიცვლებოდა, წამლის მიმცემს საჯაროდ კვეთდნენ თავს.

მედიცინა და ეკლესია ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება და აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა. ამას ისიც ემატება, რომ ნაყოფის მოცილება სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისთვის. ათიდან ერთ-ერთი მეექვსე მცნება გარკვევით გვეუბნება: – „არა კაც ჰკლა!“ – მკვლელია არა მარტო ქალი, არამედ ექიმიც, მეუღლეც – ყველა, ვინც ურჩევს ქალს ბავშვის მოცილებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ აბორტი, როგორც საჭიროება ან  გამოუვალი მდგომარეობა, მხოლოდ 12 კვირამდეა დასაშვები.  დღემდე მოქმედი კანონმდებლობით უკანონო აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად კი:

 უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და მისი ფორმები დღემდე ცხარე დებატების საგნად რჩება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აბორტის მიმართ დამოკიდებულებას ამერიკაში ელექტორალური მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი აბორტის აკრძალვის მომხრეა, დემოკრატები კი პირიქით. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ძნელი წარმოსადგენია რესპუბლიკელი რუდი ჯულიანი დემოკრატ ნიუ იორკელებს მერად აერჩიათ, ის რომ აბორტის აკრძალვის მომხრე ყოფილიყო, თუმცა, მისი ეს პოზიცია გახდა საპრეზიდენტო პრაიმერის წაგების ერთ- ერთი მიზეზი.

2013 წლის 22 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2004-2012 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების შესახებ.

მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012)  საქართველოში ორსულობის შეწყვეტის ფაქტებმა საგანგაშო ციფრი 221 160 შეადგინა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების დინამიკა ყოველწლიურად მატულობს და 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წლის წინასწარი მონაცემი 130%-ით არის გაზრდილი. საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ საქართველოში აბორტის ძირითადი ოდენობა მეორე და შემდგომ ორსულობაზე მოდის.  2011 – 2012 წლებში პირველი ორსულობის დროს აბორტების კლებადი ტენდენცია შეინიშნება.

მნიშვნელოვანია მონაცემები, თუ როგორ გადანაწილდა აბორტები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც ირკვევა, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაშიც არის დაფიქსირებული,  2012 წლის მონაცემებით მათ მიერ ჩატარებული აბორტის 20 შემთხევა დაფიქსირდა (მათ შორის 11 ხელოვნური). 2012 წელს აბორტების ყველაზე  დიდი წილი 48,2% (სულ 18923, მათ შორის ხელოვნური – 16280) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე.

2013 წლის 7 აპრილს, ღვთისმშობლის ხარების დღეს, ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაციამ- “ეროვნული ფრონტი” და ვებგვერდ sibrdzne.ge-ს ადმინისტრაციამ  სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გამართა აქცია აბორტის დაკანონებული პრაქტიკის აკრძალვის მოთხოვნით.

ეს პროტესტის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. დავა, მსჯელობა და კამათი არ ცხრება, იმართება ახალგარდული კონფერენციები, ტრენინგები სკოლის მოსწავლეთათვის, საუბრები მრგვალი მაგიდის ირგვლივ, თუმცა, რთულია გადაჭრით ითქვას, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რა რეფორმა უნდა გატარდეს, რომ სიტუაცია ოდნავ მაინც შეიცვალოს.

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები