ავტორი: ნათია ზუბიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
არაერთ ჩვენგანს მოხვედრია, ალბათ, თვალში ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური ახალი პროექტი სახელწოდებით „ქალაქი ამბობს“. თბილისის მაცხოვრებლები ჩვენს დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ და განიხილავენ საკმაოდ მწვავე საკითხებს, ისეთებს, როგორებიცაა, მაგალითად, დაბინძურება, გაჩეხილი ქალაქი, სკვერებისა და გასართობი პარკების სიმცირე, დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით და ა.შ. ბევრი საინტერესო კომენტარის მოსმენის შედეგად განსაკუთრებულად გამოვყოფდი გამწვანების საკითხს, რომელსაც, შეიძლება ითქვას, ყველა ასახელებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანსა და პრიორიტეტულს ჩვენი დედაქალაქისათვის. ჩემი ყურადღება კი ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა მშენებლობის დაგეგმარებასთან დაკავშირებულმა ინტერვიუებმა მიიქცია. ის ფაქტი, რომ თბილისი თანდათანობით კარგავს თავის იერსახეს და „კორპუსებიან აბლაბუდას“ ემსგავსება ნამდვილად შემაშფოთებელი და საგანგაშოა. სწორედ ამიტომ მინდა, გაგაცნოთ ჩემი პირადი „ქალაქი ამბობს“.
რამდენიმე წლის წინ, ჩემი და ჩემი დის გაუთავებელი და უკვე ყველასთვის აუტანელი წუწუნის შედეგად, ოჯახში გადავწყვიტეთ ახალი ბინის შეძენა. ერთი შეხედვით ეს პროცესი მარტივი უნდა ყოფილიყო, ჩვენს გარშემო ხომ ამდენი ახალი და „ლამაზი“ კორპუსი შენდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კარგი ხედი და წყნარი, მშვიდი, გამწვანებული ეზოს არსებობა იყო, მიზნის მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის ძებნისა და „მაკლერებთან“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ჩვენდა გასაკვირად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულ ახალ უბანში მივაკვლიეთ ასეთ ადგილს. კრიტერიუმები 100 პროცენტით დაკმაყოფილებული იყო – ულამაზესმა ხედმა მეშვიდე სართულიდან და გამწვანებულმა და სასიამოვნოდ ჩუმმა უბანმა გადაწყვეტილება სწრაფადვე მიგვაღებინა. აი, ასე, იმის იმედით, რომ რამდენიმე წელი მაინც გაგრძელდებოდა ჩვენი ტკბობა ამ ყველაფრით, გადმოვბარგდით ბერბუკის 10 ნომერში.
სამი წლის მანძილზე, ქართველური ეგოისტური ხასიათიდან გამომდინარე, აღარც ქალაქის დაბინძურებაზე ვფიქრობდი, აღარც გაჩეხილ ხეებსა და აღარც ამდენ „კონსტრუქციულ სიმახინჯეზე“, რითაც გაივსო ჩვენი ქალაქი. არ ვფიქრობდი იქამდე, სანამ არ გავიგე, რომ ზუსტად ჩემი კორპუსის წინ 25 სართულიანი „მეგა პროექტის“ აშენება დაიგეგმა ჩინელებისა თუ არაბების მიერ (დღემდე დაუზუსტებელი მაქვს ეს საკითხი) ისე, რომ ყველას სულ ცალ ფეხზე ეკიდა მოსახლეობის აზრი, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე.
მოკლედ, აგერ უკვე 1 წელია დაიჩრდილა ლამაზი ხედი მეშვიდე სართულიდან, ახმაურდა და გაივსო მანქანებით ჩემი უბანიც, 24 საათის მანძილზე კი ყველას სასიამოვნოდ ჩაგვესმის მშენებლობაზე მომუშავე ათეულობით მუშის დაუღალავი ფუსფუსი.
კორპუსის მშენებლობა რომ დაიწყო, ყოველ ჯერზე, როცა მას ჩავუვლიდი და საძირკველზე მომუშავე ადამიანებს ვაკვირდებოდი, წარმოდგენაც კი მიჭირდა, მტკვრის პირას, კლდეზე, რომელიც სულ მეგონა, რომ დღე-დღეზე ჩამოინგრეოდა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ყველა ავტომობილს თან ჩაიტანდა, როგორ შეიძლებოდა, აშენებულიყო 25 სართულიანი ორი „ცათამბჯენი“. თუმცა, 24 საათიანი, შეუჩერებელი მუშაობის შედეგად მალევე „ამეფარა“ შედეგი ცხვირ-წინ და ახლა უკვე ამ „მეგა პროექტის“ ჩონჩხის ხილვა თბილისის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. როგორც ვიცი, გარე ფასადი შუშის იქნება, „გლამურულ“ სტილში. ფასებიც „გლამურულია“ – მხოლოდ ჯიბესქელი საზოგადოება რომ შეწვდება, აი, ისეთი. აქედან გამომდინარე კი ნამდვილად შემიძლია თავი დავიმშვიდო იმით, რომ სულ ცოტა ხანში ჩემს მეზობლად „სვეცკები“ იცხოვრებენ (ნუ, თუ არ იცხოვრებენ, თითო ბინას მაინც შეიძენენ, პრესტიჟის ამბავში).
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ახალ უბანზე რომ ზოგადად ვისაუბრო, ყველასთვის ნათელი გახდება მისი რეალური „პრესტიჟული სახე“. ერთ მხარეს ყვითელი კორპუსი დგას, მეორე მხარეს ნაცრისფერი, მარჯვნივ – ცისფერი, მარცხნივ წითელაივნებიანი. მოკლედ, აქაურობა ძალიან ლამაზად და გემოვნებიანადაა მოწყობილი. მსურველებს ყველანაირ ფერს ვთავაზობთ, არჩევანი შეუზღუდავია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრძელი და დაუსრულებელი ქუჩების ნაცვლად, ყველა კორპუსს, ასე ვთქვათ, საკუთარი ქუჩა აქვს არა მხოლოდ მაცხოვრებლების სიამოვნებისათვის, უბნის სტუმრებიც რომ არ დაიკარგონ და ადვილად მოაგნონ ყველაფერი. აფაქიძე, ალექსიძე, ალმასიანი, აკურისა და ბერბუკის ქუჩები – რომ გავაგრძელო, ალბათ, 50-მდე თავისუფლად ავალ.
პრესტიჟის ასამაღლებლად უნდა დავამატო ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კორპუსს აქვს მანქანების პარკირებისათვის სარდაფში კეთილმოწყობილი ავტოსადგომი ან ღობით დაცული შიდა ეზო, საკუთარ ავტომობილს ყველა თავისი აივნის წინ აჩერებს – ქართველი რის ქართველია აივნიდან რომ გადმოიხედავს, მანქანა თუ იქვე არ მოხვდა თვალში. ესთეტიური სიამოვნებისათვის უბნის არაერთი მაცხოვრებელი აფართოებს აივანს, ღებავს გარე ფასადს და კიდევ უფრო ალამაზებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგიერთი კორპუსი ისეა აშენებული, ყოველგვარი ზედმეტი მცდელობისა და მონდომების გარეშეა შესაძლებელი მეზობლის სახლში ფეხის მარტივი მოძრაობით ფანჯრიდან გადასვლა. მოკლედ, არც მოსახლეობა აკლებს თავისი მენტალიტეტით და არც არქიტექტორები ახალი პროექტების შედგენისას. აი, ესეც, ჩვენი პრესტიჟი.
სწორედ ამ ყველაფერს ამბობს ჩვენი დედაქალაქის ერთი ახალი უბანი, რომლის დაგეგმარებაზეც, შესაძლოა, აი, ახლა, ამ წუთასაც მუშაობდეს ვინმე და ფიქრობდეს – ყვითელი, წითელი, ნაცრისფერი, თეთრი თუ საერთოდაც კიდევ ერთი შუშებიანი კორპუსი შემატოს მის მშვენიერებას. ასეთი უბნები კი თბილისში უკვე ძალიან, ძალიან ბევრია. იმდენად ბევრი, რომ მალე მთელი საქართველო მხოლოდ თბილისი იქნება, ფერად-ფერადი კორპუსების „აბლაბუდა“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმწვანისა და ჰაერის გარეშე.