თავდაუბურავი რწმენა

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნინო გვასალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

9ნებისმიერი სარწმუნოების მქონე პიროვნებას, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს გააჩნია საკუთარი სალოცავი ადგილი, სადაც უფლება აქვს  თამამად შევიდეს, მუხლი მოიყაროს, ევედროს თავის წმინდანებს, მართმადიდებელ ქრისტიანს კი ისევე, როგორც სხვა  რელიგიის წარმომადგენელს,  შეუძლია გააკეთოს ეს ყველაფერი ისე, რომ არც მისი რელიგიის რომელიმე წესი დაარღვიოს  და არც ამ წესის დარღვევის გამო იგრძნოს  თავი უხერხულად  ღმერთისა თუ ხალხის წინაშე.

ზემოთ ვახსენე სიტყვა ,,წესი“ რადგან, როგორც ვიცით,  მართმადიდებლობის მიხედვით, ეკლესიაში შესვლისას ყველა მანდილოსანს უნდა ეხუროს თავსაბურავი, მისი არქონის შემთხვევაში კი, ალბათ, უხერხულად და მორიდებულად ვიგრძნობთ თავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ   ,,ღმერთისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ წავრდგებით მის წინაშე- თავშლით თუ უთავშლოდ, მთავარი მისდამი რწმენა და დამოკიდებულებაა.“  არც ამ ხალხს ვამტყუნებ, რადგან შეიძლება ასეც იყოს, თუმცა , იმის გამო, რომ შესაძლოა არსებობდეს ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ეთაკილება უთავშლოდ ეკლესიაში შესვლა და უფლის წინაშე წარდგომა, ძალიან შემაწუხა პრობლემამ, რომლის წინაშეც თავად აღმოვჩნდი და შეიძლება, სხვა ბევრი ადამიანიც აღმოჩენილა.

8ზამთრის სუსხიანი საღამო იყო, როცა მე და ჩემმა მეგობარმა, გათოშილებმა და დაღლილებმა გადავწყვიტეთ სამების ტაძარში შესვლა და სანთლის ანთება.  თავშალი ჩანთაში არ აღმომაჩნდა, ამიტომაც ვიმედოვნებდი, რომ როგორც სხვა ეკლესიებში ხდება, აქაც იქვე, ტაძრის შესავლელში ექნებოდათ თავსაბურავი, რომელსაც მათხოვებდნენ, თუმცა, ორივენი გაოგნებულები დავრჩით მაშინ, როცა გავიგეთ, რომ არათუ  ვითხოვებდით, არამედ, 10 ლარზე  ნაკლებად  ვერც  შევიძენდით თავშალს და თან ამ ყველაფერს ისე უხეშად და გაბრაზებით გვეუბნებოდნენ, რომ ვეღარც მოვიაზრეთ რა გვეთქვა, რა გაგვეკეთებინა. ერთმანეთს გადავხედეთ და უხმოდ შევედით ტაძარში. დიახ, მე შევედი თავდაუბურავი, გრძელი, გაშლილი თმით…

ვხედავდი იქ მყოფ უამრავ ქალბატონს, რომელთაგან უთავშლოდ თითქმის არავინ იყო, ვხედავდი ჩემკენ მომართულ მათ მზერას და თანდათან უფრო ვიბნეოდი, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. სანთლის დანთებაც  ვეღარ მოვახერხე, უკან გამოვბრუნდი… გამოვბრუნდი და ვხვდებოდი, პირველად მოხდა, რომ ეკლესიიდან გამოვედი იმაზე მეტად დათრგუნული ვიდრე აქ მოსვლამდე ვიყავი… მივდიოდი ჩემს მეგობართან ერთად და ვფიქრობდი… გული მწყდებოდა არა იმაზე, რომ ამ კონკრეტული შემთხვევისას მე აღმოვჩნდი უხერხულ სიტუაციაში, ან არა იმიტომ, რომ ეკლესიაში მისულს მე მომექცნენ ასე უხეშად, არამედ იმის გამო, რომ ეს ხდება ტაძარში, რომელიც ქართველი ერის  ყველაზე დიდი სალოცავია, ვდარდობდი რადგან  ხვალ მსგავს სიტუაციაში  შეიძლება სხვა აღმოჩნდეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისი თანხა არ ექნება  თავსაბურავის საყიდლად;  ვწუხდი, რომ მე დღეს უბრალოდ გამოვბრუნდი სამების ტაძრიდან, ხვალ შეიძლება ისევ მივიდე, ვიღაცას კი შესაძლოა ისე დასწყდეს გული ამ სიტუაციის გამო, რომ საერთოდაც აღარ მოისურვოს დაბრუნება.  თუმცაღა, ვინმემ შეიძლება   კიდეც თქვას – ,,მერე რა თუ თავშალი 10 ლარი ღირს, ვიყიდი და შევალ“ ,   ,,არაუშავს დღეს თუ არ ვილოცე, ხვალ მივალ სხვა ტაძარში“,  ,,თავშლის გარეშე ვილოცებ“, ,,მეუხეშნენ ? მერე რა, კაცია და გუნებაო!“.  მე არც ამ შეხედულებების მქონე ადამიანების დაძრახვის უფლება მაქვს, ყველას ხომ საკუთარი  აზრი აქვს, ყველას ხომ საკუთარი შეხედულება გააჩნია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ , მე, რომელმაც  ვიცი, რომ ამქვეყნად იარსებებს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ჩემს სიტუაციაში ჩემსავით დადარდიანდება, არ შემიძლია, არ ვიფიქრო ამ საკითხზე; არ შემიძლია წარმოდგენა იმისა, რომ სამების ტაძარში შესული ადამიანი, რომელსაც მთელი გულით სურს ლოცვა და უფლისთვის დარდის გაზიარება, უკან  უფრო მეტად გულდაწყვეტილი ბრუნდება…

და ამ ყველაფრის მერე, იმედია, მკითხველი არ გამკიცხავს  თუ გამიჩნდება კითხვა: რატომ უნდა ხდებოდეს ეს ჩემს ქვეყანაში?! რატომ უნდა ხდებოდეს ეს სამების საკათედრო ტაძარში?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები