ავტორი: დავით გრატიაშვილი
ჟურნალისტიკა, მხატვრობა, ცეკვა, სიმღერა – ეს ის სფეროებია, რომლებიც პროფესიის აღმოჩენაში დაეხმარა. ბავშვობაში ძალიან კომუნიკაბელური და თამამი იყო. ჭრა–კერვა უყვარდა. მისი ახლანდელი პროფესიაც ბავშვობიდან მოდის, ის დიზაინერი ნიკოლას ქანთარიაა.
მის სამეგობროში ბავშვობიდან გოგოები ჭარბობდნენ. ამბობს, რომ მათთან უფრო ნახულობდა საერთო ენას. თანატოლი ბიჭებისგან გამოირჩეოდა ხასიათითაც და სტილითაც. სამეგრელოში, ზუგდიდში იზრდებოდა. იქ მისი სტილი უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო. კლასელი ბიჭების მხრიდან განსჯის ობიექტი ხშირად გამხდარა, თუმცა მისი არაკონფლიქტური ხასიათის წყალობით, ჩხუბამდე საქმე არასდროს მისულა. როგორც თავად ამბობს, შინაგანად ყველა ადამიანშია ნიკო ქანთარია, თუმცა ისინი ამას არ გამოხატავენ, ურჩევიათ ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. ,,მე არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან განსხვავებული ვარ, უბრალოდ, როცა ყველა ამას გეუბნება, შენც იჯერებ. ყოველთვის მინდოდა, ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ვარ, უბრალოდ, ვერ ავიტან ერთი ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი ვიყო.“
ნიკო სახლში და ნიკო გარეთ, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. სახლში ჩვეულებრივი შარვალი და თავისუფალი, ოდნავ დიდი მაისურები აცვია. თუმცა, როცა კარს გასცდება, როცა წვეულებაზე ან მოდის კვირეულზე მიდის, ის სხვანაირი, ეპატაჯურიია. ამ ფაქტს ერთი მიზეზით ხსნის – ეს ჩვეულებრივი პიარი და კარგად შეფუთული კომერციაა. თუ ის არ გამოირჩევა სხვებისგან, წინსვლაც არ ექნება. ,,ჩვეულებრივი ნიკო არავის სჭირდება. როცა ადამინს უნდა „ლუქი“ შეიკეროს, ეს გზა აუცილებლად მოდის შენამდე, შენ თვითონ როგორი ხარ, როგორ იცვამ. თუ პოტენციურ მომხმარებელს დაანახებ, რომ იცვამ იმას, რაც არავის აცვია, მაშინ მათი გული მოგებულია. ისეთი მომხმარებლები მყავს, ვისთან მუშაობაც „მისწორდება“ და ვიცი, რომ მე რასაც შევქმნი, ის აუცილებლად ჩაიცვამს. მე ყველაზე გათვლილი არ ვარ. ჩემ „ლუქს“ ყველგან ვერ ჩაიცვამ, თუმცა მე ყველგან შემიძლია ჩაცმა, რადგან არ მერიდება.“
თითქმის არაფრით ერთობა, დროის ძირითად ნაწილს სახლსა და სახელოსნოში ატარებს. უყვარს კითხვა და საკუთარი ხელით აქსესუარებისა და სუვენირების კეთება. მისი ოთახი, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშია – უამრავი სურათი, ნახატი, ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები, პატარა საკერავი მანქანები და საათები. ერთ ოთახში 4 საათი აქვს. მეორე ოთახში ასევე გამოფენილია ჩანთებისა და სათვალეების კოლექცია. არ უყვარს ხალხმრავლობა, დაბადების დღეებზე არ დადის. მისი მეგობრები თავიანთ დაბადების დღეზე ცოტა ხნით ნიკოსთან მიდიან. ნიკო საჩუქარს ახვედრებს, ხშირად საკუთარი ხელით გაკეთებულს, ან შეკერილს.
ნიკოლასის ცხოვრება მამის სიტყვებმა შეცვალა, როცა მან უთხრა – ,,მამა, შენი ადგილი ზუგდიდში არ არის, უნდა წახვიდე, ყველაფერში შეგიწყობ ხელს.“ მშობლების მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა, დღემდე პირველი გულშემატკივარი მამაა, რომელიც როგორც დიზაინერი ამბობს, მისთვის ყველაფერია. ,,არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ მამაჩემს ვაწყენინო, ან გული ვატკინო. მისთვის გასაგებია, როცა რაღაცას კარიერისთვის ვაკეთებ, თუნდაც კაბის ჩაცმა. ხშირად რაღაცებს იმის გამო ვაკეთებ, რომ საქართველოსთვის ბომბი იყოს. ისეთი, როგორიც არავის გაუკეთებია, თუმცა ყველაფერში გულს ვდებ.“
ყველაზე კარგ პერიოდად ჟურნალისტად მუშაობის წლებს ასახელებს. კონკურსის შედეგად ჟურნალ ,,სი ეიჩ ენ“-ში (CHN) აიყვანეს. სტატიებს წერდა კულტურასა და მოდაზე. ,,ჟურნალისტად მუშაობის დრო ისეთი კარგი იყო, ისე მსიამოვნებდა ამ საქმის კეთება, მაშინ არც მიფიქრია, რომ დიზაინერი გავხდებოდი.“ ახლა ვეღარ წარმოუდგენია, რომ ოდესმე სხვა საქმეს გააკეთებს.
რეალურად, ორ წელში ბრენდი შექმნა. ფიქრობს, რომ მოწოდებითაც და სულითაც დიზაინერია.
გამორჩეულმა დიზაინერმა, გამორჩეული პროექტი გააკეთა, რომელსაც „12 თვე“ დაარქვა. იდეა თვითონვე გაუჩნდა. მისი მიზანი 1 წელში აბსოლუტური წინსვლა იყო, რადგან მოდის ბაზარი ითხოვს რაღაც ძალიან ეპატაჟურის, განსხვავებულის, ინდივიდუალურის შექმნას, რომ საზოგადოებამ მიგიღოს. გადაწყვიტა, ეკეთებინა ეპატაჟი ისე, რომ მთელი წელი გაპიარებულიყო. „როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ყოველდღე „ლუქს“ ვერ გავაკეთებდი, ეს უნდა ყოფილიყო თვეში ერთხელ. თუ თვეში ერთხელ იქნებოდა, მაშინ თვის სახელი უნდა დამერქმია. ყოველი თვე ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომაც ისეთი „ლუქი“ უნდა ყოფილიყო, როგორიც თვეა. ასე მოვიდა ინსპირაცია და ჩანაფიქრმაც გაამართლა.“
მხოლოდ ერთხელ უყვარდა. როგორც ამბობს, ძალიან მძიმე ხასიათი აქვს. ადამიანი, რომელიც მას გაუგებს, ძალიან ამტანი უნდა იყოს. „გავცემ ერთგულებას, სითბოს, სიყვარულს და უკანაც იგივეს ვითხოვ. თუ ვიგრძენი, რომ რაღაც მომაკლდა, მაშინ ურთიერთობაც მთავრდება. ძალიან რომანტიკული ვარ. ნებისმიერი ადამიანი შემიძლია შევიყვარო, გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მისი სულია. ძალიან მომწონს ქედმაღალი ადამიანები, თავს რომ არ გიხრიან, თუნდაც შენზე ნაკლები იყვნენ, ამას რომ არ გაგრძნობინებენ. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი კარიერაა, თუმცა მზად ვარ სიყვარულისთვის. სიყვარული იქნება მხოლოდ ჩემი და მისი, მეტი არავისი.“
შეყვარებულ ნიკო ქანთარიას, სიგიჟეებიც გაუკეთებია. ერთ-ერთი სიგიჟე იყო შეყვარებულის სამსახურის ფანჯრებთან გაბერილი პრეზერვატივებით დაწერილი „მიყვარხარ.“ ახლა თითოეული კაბა მისი შეყვარებულია. ,,შანელის სიტყვები მახსენდება – როცა არჩევანის წინაშე დავდექი – კაცები ან კაბები, მე კაბები ავირჩიე, მაგრამ ვერცერთი კაბის ინსპირაცია კაცის გარეშე ვერ მოდიოდაო. ჩემი კაბები პირად ცხოვრებას მირჩევნია, თუმცა დილით რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ ხოლმე, რომ კარგი იქნებოდა საყვარელი ადამიანი მყავდეს გვერდით.“
გაღვიძებასთან ერთად Coldplay, შემდეგ ყავა, სახელოსნო, კერვა, სახლი, მეგობრების მიღება, იშვიათად გასართობად წასვლა, ისიც ძალიან ცოტა ხნით, ახალ იდეებზე ფიქრი, კითხვა, სოციალური ქსელი, დღის ბოლოს კი ძილი Radiohead-ის თანხლებით. ასე ცხოვრობს დიზაინერი ნიკოლას ქანთარია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი