ავტორი: მარიამ გაბისონია
ფოტო: მარიამ გაბისონია
სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უამრავი ხალხი ირეოდა. ზოგმა უკვე გადმოლახა ხიდი,ზოგიც პირიქით,მისკენ მიიწევდა.ეს ის ხიდია,რომლის იქითაც აფხაზეთია.სანამ მას მივუახლოვდებით,ორ საგუშაგოს უნდა გავცდეთ.ხიდამდე მისვლა ადამიანებს სამარშუტო ტაქსითა და ავტომობილებით არ შეუძლიათ.აქ მხოლოდ ფეხით გადადიან,ტვირთი კი ცხენებზე მიბმული ურიკებით გადააქვთ.
ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოვიღე და ფოტოების გადაღება დავიწყე.მინდოდა ყველაფერი დამეფიქსირებინა, ყოველი დეტალი აღმებეჭდა ფირზე.რამდენიმე ფოტო საგუშაგოსაც გადავუღე.ვიღებდი ხალხს,რომელიც ნაღვლიანი სახითა და მძიმე ჩემოდნებით მიიწევდა ხიდისკენ.აქეთ მომავალთ ნათესავები,მეგობრები ეგებებოდნენ.
თითქმის კილომეტრის გავლის შემდეგ,მეორე საგუშაგოს მივადექი.„გოგონა მოდი აქ!“,– მომესმა ვიღაცის მკაცრი ხმა. მივხვდი,რომ ეს „ვიღაც“ მე მეძახდა და მალე ჩემი ფოტოაპარატი მის ხელში აღმოჩნდებოდა. გადავწყვიტე წინააღმდეგობა გამეწია,თუმცა ეს შეუძლებელი იყო.ან რამდენიმე ფოტო უნდა წამეშალა,ან საერთოდ დავმშვიდობებოდი ფოტოაპარატს. „ეს ფოტო წაშალე,ეს და კიდევ..აი ეს,საგუშაგოები არ უნდა ჩანდეს“. „რაღა დამრჩება“,–ვეცადე სიმკაცრე გამომეჩინა. „თუ არ წაშლი,ნამდვილად არაფერი დაგრჩება,მხოლოდ ხალხს გადაუღე“,–მივიღე არანაკლებ მკაცრი პასუხი. თავი ძალიან უძლურად ვიგრძენი,თუმცა როცა სხვა გამოსავალი აღარ გაქვს,ეს ალბათ საპატიოა.მტკიცე ნაბიჯით გავემართე ხიდისკენ,აი სულ რაღაც 20 მეტრი და.. იქ აფხაზეთია.“აქედან ფეხი არ მოიცვალო თორემ ფოტოაპარატით ხელში რომ დაგინახონ,შუბლს გაგიხვრეტენ“,–ზურგს უკან ისევ იმავე ადამიანის ხმა გავიგონე,ოდნავ შერბილებული ტონით.
რამდენიმე ფოტო ხიდთანაც გადავიღე,მოშორებით აფხაზეთის დროშა ფრიალებდა.ფოტოაპარატით ხელში საზღვართან მდგომს ყველაზე მეტად მინდოდა ხიდი გადამელახა შავებში ჩაცმულ ქალბატონებთან,ჭაღარა,ნაღვლიანმზერიან მამაკაცებთან ან ეტლზე მსხდომ ხალხთან ერთად.ეს ხიდი ხომ ის ბარიერია, რომელიც საქართველოს მოუშორებელ ტკივილად ექცა.ტკივილად,რომელიც თითოეული ამ ადამიანის სახეზე იკითხებოდა…
ეს ყველაფერი ხდებოდა ტერიტორიაზე,რომელსაც სანატრელ აფხაზეთთან მხოლოდ ერთი ხიდი და რამდენიმე მეტრი აშორებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი