პრობლემა პრობლემად რჩება

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნინო გვასალია

ფოტო : ნინო გვასალია

20  წლის გიორგი ბერიშვილი თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს  და  მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პირობა ქალაქში ეტლით გადაადგილებაა, თუმცა საქართველოში ამ მხრივ არსებული პრობლემების გამო გიორგი ვერ ახერხებს თავისუფლად  ქალაქში მოძრაობასა და დამოუკიდებლად ნებისმიერ ადგილას ეტლით მისვლას. იგი ამბობს, რომ  ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ქუჩაზე გადასასვლელები, შენობები და არც ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული, რის გამოც მას ძალიან უჭირს საზოგადოებასთან ადაპტირება და გარეთ დამოუკიდებლად გადაადგილება.

მანანა ბერელიძე გიორგის მშობელი: ,,როდესაც გიორგი ჯერ კიდევ პატარა იყო, ქალაქში გადაადგილების პრობლემას ასე მწვავედ ვერ ვგრძნობდით, ხან ხელით დაგვყავდა, ხანაც ჩვენ თვითონ ვატარებდით ეტლით, თუმცა მას შემდეგ რაც წამოიზარდა, გიორგი საჭიროებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ეს კი  დღესდღეობით საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს.  ქალაქში უამრავ მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელსა და შენობის კიბეს არ გააჩნია პანდუსები, რის გამოც გიორგი დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ ახერხებს მისვლას ამა თუ იმ ადგილას.“

თბილისის  ძალიან ბევრ მთავარ ქუჩაზე ვხვდებით მიწისზედა გადასასვლელ ხიდებს, რომელთა სიმაღლეც დაახლოებით 6 მეტრია და მასზე ასვლა მხოლოდ  საკმაოდ დიდი და დამღლელი კიბით არის შესაძლებელი. ამ ხიდებს გააჩნიათ პანდუსები , თუმცა ისინი იმდენად ციცაბოა, მასზე  ეტლით ასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

უმეტესად უსარგებლოა მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული პანდუსებიც , მათი საშუალებით გადასასვლელში ჩასვლა ან ამოსვლა დამოუკიდებლად შეუძლებელია.

გადასასვლელთა  უმრავლესობას კი პანდუსები საერთოდაც არ გააჩნია.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში ამტკიცებენ, რომ ბოლოდროინდელ მშენებლობებში ყველა სტანდარტი დაცულია. არსებული ინფრასტრუქტურის უმრავლესობა კი სათანადოდ კეთილმოწყობილი არ არის, რადგანაც 1995 წლამდე შესაბამისი ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყო.

 ნიკა გელენავაგიორგის მეგობარი:  ,,ჩემი მეგობრის, გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დღეს ნამდვილად არის პრობლემა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა გადაადგილების მხრივ. როდესაც გიორგი ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, უმეტესად მას გამვლელები ეხმარებიან, რათა შეძლოს ქუჩის საპირისპირო მხარეს გადასვლა ან, თუნდაც, მეტროთი მგზავრობა; სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე აღარაფერს ვამბობ – ამ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე,რადგან ისინი სრულიად მოუხერხებელია ასეთ სიტუაციაში. “

ტრანსპორტისა და გადასასვლელების გარდა პრობლემას წარმოადგენს  თავად საჯარო დაწესებულებებიც. იმ რამდენიმე შენობაშიც კი, რომელიც თითქოს მოწესრიგებულია ამ მხრივ, გადაადგილება მაინც თითქმის შეუძლებელია. ხშირად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მხოლოდ შენობაში შესასვლელი ან პირველი სართულია შედარებით  ადაპტირებული,  ეს კი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება .

გიორგი ბერიშვილი:  ,,გარდა ინფრასტრუქტურისა, პრობლემას ვაწყდებით  ჩვენთვის სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომებზეც. მე პირადად არ ვსარგებლობ საკუთარი ავტომობილით, თუმცა ანალოგიური პრობლემის მქონე მეგობრებისგან ვიცი, რომ ჩვენთვის, მანქანების გასაჩერებლად სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ხშირად დაკავებულია, რაც გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ მსგავსი შემთხვევებისას გარკვეულ ჯარიმას დააწესებენ, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჯერ არ სცალია.“

მოქმედი  კანონმდებლობით  საცხოვრებელი სახლებისა თუ  გადასასვლელთა მშენებლობისას  სავალდებულოა, შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, კოალიციის გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს. ამიტომაც, ეს საკითხი ჯერ კიდევ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, პრობლემა კვლავ უყურადღებოდ რჩება,  მისი მოგვარების გზები  კი არ ჩანს.

იხილეთ ფოტოგალერეა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები