თქვენ არ გაქვთ დუმილის უფლება

ARIS ბლოგერი

მარიამ ტაკიძე

ფილმი „სხვების ცხოვრება (DAS LEBEN DER ANDEREN) ” განხილვა

 

„-რას მოგვიყვებით?

-მე არაფერი გამიკეთებია, არაფერი არ ვიცი.

-ესე იგი, თქვენ არაფერი არ იცით?!“

თქვენ შეიძლება არც არაფერი იცოდეთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ -თქვენ არ გაქვთ დუმილის უფლება. ეს შტაზია, მათი მიზანია ყველაფრის ცოდნა, უფრო მეტიც მათ შეიძლება თქვენზე მეტიც კი იცოდნენ. მათი პროფესია _ სხვების ცხოვრებაა.

1980-იანი წლები, ბერლინის კედელი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, შტაზი. ციხე, სადაც დერეფნებში შუქნიშნებია, რომ ეჭვმიტანლები ერთმანეთს არ შეხვდნენ, რომ ერთმანეთი არ ამოიცნონ; ოთახში კი სადაც დაკითხვა მიმდინარეობს, განსაკუთრებული არაფერია: ცივი ფერები, კაპიტან ვიზლერი და რაც მთავარია, ერიხ ხონეკერის პორტრეტი, რაც კიდევ ერთხელ პირდაპირ  თუ ირიბად გვახსენებს იმას, რომ „დიდი ძმა“ ყველგან გვხედავს, ესმის ჩვენი და უბრალოდ ჩვენთან ერთადაა. ეს პორტრეტი გამაფრთხილებელი ნიშანია როგორც ეჭვმიტანილისთვის, ასევე კაპიტან ვიზლერისთვისაც, რომელმაც არ უნდა დაივიწყოს მთავარი მოვალეობა.

კაპიტან ვიზლერის პროფესიაც -სხვების ცხოვრებაა. ის სხვების ცხოვრებით ცხოვრობს, მისი მთავარი მოვალეობაა იცოდეს ყველაფერი ადამიანებზე, რომლებსაც უსმენს, იცოდეს ყველაფერი მათ მეგობრებზე, მეზობლებზე, უბრალო ნაცნობებზე. აუცილებელია ყველაფრის ცოდნა, არ იცი ეს ინფორმაცია, როდის დაგჭირდება ან ვის წინააღმდეგ დაგჭირდება გასაჩუმებლად, შესაშინებლად,  თუ მეორე მხარეს გადმოსაყვანად. სისტემის მთავარი იდეა ხომ ერთდროულად ტერორი და მიმხრობაა. კაპიტან ვიზლერმა იცის ყველაფერი სხვების შესახებ, იმ ობიექტების შესახებ, ვისაც უსმენს, მაგრამ რა იცის საკუთარი თავის შესახებ? ან საერთოდ იცის, რომ სხვა არჩევანიც აქვს?

გეორგ დრაიმენისა და კრისტა მარიას ცხოვრება შეიძლებოდა მისი მორიგი საქმე ყოფილიყო,  მაგრამ  მხოლოდ გარედან დაკვირვება და მოსმენა არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი, კაპიტან ვიზლერი თანდათან მათი ცხოვრების თანამონაწილეც კი გახდა. სწორედ გეორგისა და კრისტას ცხოვრების გაცნობის შემდეგ დაინახა მათ შორის სხვაობა.

მიუხედავად არსებული წესებისა, კანონებისა, პოლიტიკისა  გეორგისა და კრისტას ცხოვრება საინტერესოა. ისინი ცხოვრობენ, გრძნობენ, უყვართ ერთმანეთი, ჰყავთ მეგობრები, გეორგი ბავშვებთან ერთად თამაშსაც კი ასწრებს. მათი სახლებიც კი განსხვავებულია. კრისტას და გეორგის სახლი უფრო ცოცხალია, აქ სხვა ფერებია, ბევრი წიგნია, კაპიტან ვიზლერის სახლში კი არ არის არაფერი ზედმეტი, უფრო მეტიც იქ სიცარიელეა.  სწორედ ამიტომ მას აღარ ჰყოფნის მხოლოდ მოსმენა, ის გეორგისა და კრისტას ბინაში ჩადის, ათვალიერებს მათ ცხოვრებას; დღევანდელი საღამო კაპიტან ვიზლერსაც განსხვავბული ექნება, ის ბრეხტის პიესების წიგნს წაიკითხავს, რომელიც გეროგისგან „ითხოვა“. შემდეგ სონეტს მოუსმენს „კარგი ადმიანის შესახებ“, შემდეგ მხოლოდ ერთხელ -არ ჩაუშვებს, საზღვარის პოლიციას არ დაურეკავს, შემდეგ კი  ბავშვს შეხვდება ლიფტში; მას აღარ უნდა იყოს „ცუდი ბიძია“, რომლიც ყველას აპატიმრებს. მას უკვე თანაგრძნობა შეუძლია.

თანდათან კაპიტან ვიზლერი სხვების ცხოვრებაზე დაკვირვებით საკუთარ თავს პოულობს, სწავლობს, იცვლება, გრძნობს. ის დროს აღარ აკონტროლებს, ეს სამუშაო კი აღარ არის მისთვის ოფიციალური, აღარ უნდა წასვლა და მორიგეობის გადაცემა სხვისთვის. არ უნდა რომ კრისტამ გეორგი მიატოვოს.

ის ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ისტორიას არ ჰქონდეს ტრაგიკული დასასრული, მაგრამ აქ კვლავ სისტემა და მისი მთავარი ხერხი ადმიანის ფსიქოლოგიური განადგურება, ტერორი იმარჯვებს- კრისტა მარია თავს იკლავს.

წლების შემდეგ ბერლინის კედელი უკვე აღარ არსებობს, ქალაქი უკვე აღარ არის ცარიელი. გეორგი დრაიმენის სპექტაკლი ისევ იდგმება თეატრში, რა თქმა უნდა, სახეშეცვლილი, მოქმედება აღარ მიმდინარეობს ქარხანაში, დარბაზი უფრო დიდია, განათება სხვანაირი, მაყურებელი უფრო ბევრია. ახლა უკვე შტაზის მუზეუმი არსებობს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაიგოს უფრო მეტი საკუთარი ცხოვრების შესახებ.  გეორგი დრაიმენი მხოლოდ ახლა გაიგებს, ახლა აღმოაჩენს და შემდეგ დაწერს წიგნს, წიგნს სხვისი ცხოვრების შესახებ – კარგი ადამიანის შესახებ.  ეს წიგნი კაპიტან ვიზლერს ეძღვნება, ეს წიგნი კაპიტან ვიზლერის შესახებ არის.

-რა რჩება რეჟისორს, რომელსაც სპექტაკლების დადგმა  აუკრძალეს? _ არფერი აღარ რჩება.

-რა რჩება ადამიანს, რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს, საკუთარი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება?  _ სხვების ცხოვრება.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები