“კალბასი” და პური

ARIS ბლოგერი

ალიმი ხერხაძე

 

საზოგადოება ჭრელია, ძალიან ჭრელი… მითუმეტეს მაშინაა თვალშისაცემი ეს სიჭრელე, როდესაც საქმე ეკონომიურ მდგომარეობას ეხება… სახლიდან გამოსული უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე სახლებსა და ქუჩებს აურეკლავთ დღევანდელი ვითარება და თითქოს გაჭივრებისგან გაწამებულნი დაფიქრებული დგანან… ჭიშკარში შესვლისთანავე ერთი მოხუცი ქალი მხვდება და გამუდმებით დახმარებას ითხოვს. ზოგჯერ ხდებოდა ისეც, რომ ამ ქალს პატარა, შავგვრემანი გოგონა ახლდა (სავარაუდოდ შვილიშვილი) და ისიც გამვლელებს ხურდას სთხოვდა.

გოგონა გამხდარი, დახეულ ტანსაცმელებში და არც ისე სუფთად გამოიყურებოდა… ერთხელ ეზოში შესვლისას უნებლიეთ ასეთი ფრაზა გავიგონე: ,,–ბე, მიყიდე კალაბასი და პური“ და მერე ,,ბებოს“ პასუხი: ,,სადამაქ ახლა აქანა კალბასი და პური, მიჩვეული ხართ შენ და დედაშენი პირგემოს, იმან გაგაფუჭა და მიგაჩვია საწუწკრებს შენ“…ერთი უკან მივიხედე და შევეცადე სასწრაფოდ მოვშორებოდი იქაურობას, რადგან არ მინდოდა კიდევ რამის გაგონება. გული ჩამწყდა… ის დღე ლექციებზე სულ ეს დიალოგი ჩამესმოდა და ვფიქრობდი… ,,კალბასი და პური“… ღმერთო ჩემო… იმდენად გვიჭირს, იმდენად დავეცით რომ ,,კალბასი“ და ,,პური“ პირგემო გვგონია…როგორ ჭირს ცხოვრება…

როგორ განსხვავდება საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ… არც ისე მოშორებით, უნივერსიტეტიდან, უკვე ქალაქის ცენტრში არის ერთი კაზინო სახელად: ,,ლას ვეგასი“… დღეა თუ ღამეა, წვიმს თუ მზეა აქ ყოველთვის შესასვლელთან ,,ზურზუტებენ“ უსაქმურები, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ იმაზე თუ რა ცოტა დააკლდათ თანხის მოხსნამდე, რა იქნებოდა ბოლო ექვსიანიც რომ დამჯდარიყო და ა.შ… მოგებულები კაზინოს კართან არასოდეს დაეყუდებიან, თუ კი ამ თამაშში რათქმაუნდა არსებობენ ,,მოგებულები“… ადვილი შესაძლებელია ამ კაზინოს კართან მდგომთა ოჯახის წევრებიც ნატრულობდნენ ,,კალბასსა და პურს“.

ადამიანები შრომობენ, უსაქმურობენ, ფლანგავენ, შიათ და საჭმელს ყრიან და არცერთ მათგანს არ ახსენდება ყოველი ,,მეორე“ რომელსაც დახმარება სჭირდება… ამ პატარა საზოგადოებაში ადვილად დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც ,,კალბასისა და პურისთვის“ დროის ნებისმიერ მონაკვეთში ან სხვისი ტვირთით დატვირთულ ოთხთვალებს დაატრებენ, ან კიდევ რაღაც უყიდიათ და ხუთი თეთრით ძვირად გაყიდვას ცდილობენ… ამ დროს გამოივლის ვიღაც ,,ჯიპიანი სქელჯბიანი“ ბიძა და მწვანილის ერთ კონაზე რომელიც პირობითად ოცი თეთრი ღირს შეევაჭრება და თხუთმეტ თეთრად მიცემას მოსთხოვს… ეს შრომით დაღლილი ხალხი კი იმის შიშით არ გაუფუჭდეთ ნაყიდი საქონელი თანახმანი არიან უფრო იაფადაც გაყიდონ ვიდრე იყიდეს და თან ხმამაღლა ფიქრობენ თავისთვის… ეს ფიქრებიც ბევრჯერ გამიგონია: ,,დედა რამდენი ,,სემიჩკა“ დამრჩა გასაყიდი“ , ,,ხვალ რა მეშველება“ , ,,იყიდონ ამ დალოცვილებმა რა მოხდება“…

არ ვფიქრობთ ერთმანეთზე… არ ვფიქრობთ წვიმაზე, რომელიც დაძინებისას საამურად ჩაგვესმის ყურში და სიამოვნებას გვანიჭებს, რომ ეს წვიმა ვიღაცისთვის უძილო ღამეა, რადგან წყალი ჩასდის ჭერიდან… არ ვფიქრობთ ლხინზე, რომელიც ვიღაცისთვის ჭირის დღეა… არ ვფიქრობთ სამყაროზე…  და ყოველივე ამის შემდეგ ვართ კი ჩვენ საზოგადოება? გვაქვს მორალური უფლება მორალზე ლაპარაკის?! 

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები