ლილე ნოზაძე
პირველად ბავშვთა სახლს რომ ვესტუმრე , ალბათ , 13-14 წლის ვიქნებოდი, სკოლაში ვსწავლობდი და ცხოვრებას მარტივად , ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი.
კარგად მახსოვს , გაზაფხულის თბილი, მზიანი დღე იყო, არც განწყობას ვუჩიოდი , მოლოდინიც დიდი იყო, რომელსაც უცნაური ნერვიულობა სდევდა თან. იქ მისულს განწყობა სრულიად შემეცვალა ,სწორედ იმ წამიდან,როდესაც იქ მცხოვრები ბავშების უსიცოცხლოდ ჩამქრალი თვალები შემომეგება .
უცნაური მოლოდინი შიშმა ჩაანაცვლა, რეალობის აღქმის შიშმა . შიშის მიუხედავად შევედი ოთახში , ბავშვებიც გავიცანი და რამდენიმე წუთი თავი უბედნიერეს ადამიანადაც ვიგრძენი, ასე მეგონა ჩემი მოსვლით სულ მცირედი წვლილი მაინც შევიტანე იმ ბავშვებისთვის ერთი, ჩვეულებრივი დღის გალამაზებაში . „გმირის“ ამპლუადან მალევე გამოვედი და რეალობასაც გავუსწორე თვალი. მივხვდი , რომ რეალურად ყველაფერი გაცილებით მძიმე და რთული იყო . ამ ლამაზად მორთულ ოთახებში ნაცრისფერი ცხოვრება იდგა.
იქ მყოფმა ბავშვებმა სამუზეუმო ექსპონატები გამახსენა, ტურისტები და დამთვალიერებლები რომ ესტუმრებიან ხოლმე ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გული კიდევ უფრო მეტად დამძიმდა.
ჩემს თავს უამრავი კითხვა დავუსვი,დავფიქრდი, რით გავახარეთ ბავშვები? იქნებ მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ტკივილი? ალბათ, არა! ჩვენ მათ ვერ მივუტანეთ ის სითბო და სიყვარული, რასაც ისინი გამუდმებით ელიან. ვერ დავუტოვეთ იმის იმედი, რომ დღეს თუ ხვალ ისინიც იცხოვრებენ თბილ და მშობლის მზრუნველობით გაჟღენთილ გარემოში .
იქიდან წამოსულს, სევდა კიდევ უფრო მომერია. ბოღმა ყელში ბურთივით გამეჩხირა, თუმცა ერთი რამ აშკარად დავინახე, რომ ეს ბავშვები განსაკუთრებულები და გენიალურები არიან, გულში უამრავ ტკივილსა და სევდას იტევენ, სევდას რომელსაც ძალიან პატარა ადგილს უთმობენ და გასაქანს არ აძლევენ, რომ გაიზარდოს… მაგრამ წყლიანი თვალები ხომ ყველაფერს ამბობენ თან ისე, რომ არასდროს მოგცემენ მათი დავიწყების საშუალებას .
ერთი ტკივილით, სევდით, მოლოდინითა და ოცნებით გაერთიანებულ ამ მიკროსამყაროში უდიდესი სითბო და სიყვარულიც სუფევს . სიყვარული და მზრუნველობა ერთმანეთისა. ერთგულება, დარდის გაზიარება, ერთმანეთის გვერდში დგომა – ეს ის თვისებებია რაც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვება და უამრავი პრობლემის დაძლევაში დაეხმარება .
ამ ფიქრებითა და იმედით წამოვედი იქიდან და მჯერა , რომ ეს ბავშვები ნამდვილად დაიმკვიდრებენ საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს, იქნებიან სამაგალითო პიროვნებები და აღარ იარსებებენ ე.წ. მზრუნველობამოკლებული ბავშვები .
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი