გვანცა ილურიძე
დღესდღეობით გენდერული თანასწორობის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოში, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ პრობლემას ადრეც ასე მწვავედ აღვიქვამდით. პრობლემის შესწავლა, ალბათ, უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან.
მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ „ქალის ბატონობის“ პერიოდი-მატრიარქატი კაცობრიობის განვითარების უნივერსალური საფეხური იყო, რომელსაც მოსდევდა ასევე უნივერსალური საფეხური „კაცის ბატონობისა“- პატრიარქატი. ეს მოსაზრება დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებული აღარაა. არსებობს ცალკეული შემთხვევები, სადაც ქალის პირველობა, მეტ-ნაკლებად, დასტურდება, თუმცა, როგორც ჩანს, სოციუმის ლიდერად მაინც კაცი ითვლებოდა.
რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ევროპული ქვეყანა ვართ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ალბათ მამაკაცების 80% მაინც არაა გენდერული თანასწორობის მომხრე, რაც ნამდვილად სავალალო შედეგია და რაც უფრო უარესია, ზოგიერთი ქალი ეთანხმება კიდეც მათ. 2009 წელს გაერომ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 35,9 % ქალებისა აცხადებს, რომ მას აკონტროლებს მეუღლე, პარტნიორი. 34,1% კი ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს. 2012 წლის მონაცემებიც საკმაოდ სავალალოა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ალბათ სიტყვებიც ზედმეტია. მე უბრალოდ იმედს დავიტოვებ, რომ ამ წლების განმავლობაში რაღაც მაინც უკეთესობისკენ შემობრუნდა. მეც და ალბათ კიდევ ბევრ ადამიანს, ძალიან მაღიზიანებს ისეთი უაზროდ წამოსროლილი ფრაზები როგორიცაა: „ქალი ვიცი მე კუხნაში“ ან „ რა უნდა ქალს საჭესთან“ და კიდევ ბევრი სხვა, რაც ძალიან ხშირად ისმის საქართველოში. მე კი ვიტყოდი, რომ ქალი ძალიან ძლიერია და შეიძლება ბევრ მამაკაცზე ძლიერიც.მოდით ვაღიაროთ, რომ ეს დაამტკიცა ბევრმა ქალმა მაგალითად: პრინცესა დაიანა, კოკო შანელი, მერლინ მონრო, დედა ტერეზა, მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი, შორს რომ აგარ წავიდე თამარ მეფე და კიდევ ბევრი სხვა.
დღეს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია იცავს ქალთა უფლებებს.ისინი ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში ქალი მამაკაცთან თანასწორად განიხილებოდეს.გენდერული თანასწორობა ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია და ეს ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისთვის, ეს არ ნიშნავს მათ იგივეობას. დემოკრატიულ-პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, საჭიროებები და ცხოვრების წესი და ამის მიუხედავად, მათი უფლებები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე.
გენდერული თანასწორობის დაცვაში დიდი როლი აქვს ახალგაზრდობას და განსაკუთრებით ალბათ სტუდენტებს, რომლებიც, როგორც წესი, უფრო მეტად ამჩნევენ ამ პრობლემას. მეც სტუდენტი ვარ და ძალიან მაწუხებს ამ თემისადმი ჩემს ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულება, მითუმეტეს როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. სწორედ იმიტომ ვწერ ახლა ამ თემას, რომ მინდა ჩემი მოსაზრება საზოგადოების გარკვეულ ნაწილამდე მაინც მივიდეს. მინდა ყველამ გაიაზროს რომ ამ პრობლემის ნელ-ნელა აღმოფხვრა იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარი. სწორედ ახალგაზრდობამ უნდა შეიტანოს დიდი წვლილი ამ სტერეოტიპის დარღვევაში. და ბოლოს, მინდა ჩემი თემა შოთა რუსთაველის სიტყვებით დავამთავრო. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი