“ქიმიური მერი“

ARIS ბლოგერი

ნათია ზუბიაშვილი

თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში თითოეულ ჩვენგანს ჰყავდა თუნდაც ერთი უცნაური მასწავლებელი, აი, ისეთი, ერთი გიჟი ყველა ოჯახში გამოერევაო, რომ ამბობენ ხოლმე. ალბათ, არაერთი ბავშვობის მოგონება გვაკავშირებს ასეთ მასწავლებლებთან. მე, მაგალითად, მყავდა მერი – ქიმიის მასწავლებელი, შიშის ზარს რომ სცემდა მთელ სკოლას. დერეფანში რომ ჩამოივლიდა ხოლმე, ყველა ჩვენდა უნებურად, კედლებს ვეწებებოდით, კაბებს ვიგრძელებდით, გაშლილ თმას ვიკრავდით, საყურეებს ვიხსნიდით, მოკლედ, კონსერვატიულ-აკადემიური ტალღა გადაუვლიდა ხოლმე მთელ დერეფანს. გოგონები ნამდვილად ვტოვებდით ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ქალთა სკოლაში ვსწავლობდით და ბიჭთან ერთად გამოგვიჭირეს. ბიჭთან ერთად არა, მაგრამ ერთხელ, მეცხრე კლასში, ყურებით ნამდვილად დამიჭირა ჩვენმა მერიმ – უფრო სწორად საყურეებით. პირველი რეაქცია, როგორც ძირითადად ჰქონდა ხოლმე მსგავს შემთხვევებში, იყო მისი საყვარელი ფრაზა – რა არის, რა თათრის ბავშვს ჰგავხარო. დედაჩემის სკოლაში დაბარებით და დიდი დებოშით რომ დამთავრდა ეს ამბავი, მაგის მოყოლას აღარ გავაგრძელებ – ყველა წარმოიდგენდით, ალბათ. საინტერესო კი ჩვენი მერის საყვარელი ფრაზები და დამოკიდებულებებია, რომლებიც უმეტესად ასე გამოიხატებოდა – შე თათრის ქალო, სომხის ბავშვს რომ დამსგავსებიხარ, მიიღე ნამდვილი ქართველის იერი, სად იზრდებით, რა ჯიშის არიან თქვენი მშობლები, გსმენიათ საერთოდ ჩვენს ტრადიციებზე და სხვა მრავალი.

სწორედ ქიმიური მერი (ასე ვუწოდებდით მას) გამახსენა ლიბერალზე გამოქვეყნებულმა სტატიამ სათაურით – პედაგოგთა მგრძნობელობა უმცირესობების მიმართ. „ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ კვლევის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენდა საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით. სულ 2053 საჯარო სკოლიდან პოპულაცია 27557 პედაგოგს შეადგენდა. შერჩევის მეთოდით კი 400 პედაგოგი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 4,1 %-ია 90%-იანი საანდოობის მაჩვენებლით. კვლევის შედეგებმა საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოააშკარავა. მაგალითად, გამოკითხულთა 39,2% ფიქრობს, რომ ინგლისური ენა საფრთხეს უქმნის ქართულ ენას, 52,9% ეთანხმება, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული ენა უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, 83,8% ფიქრობს, რომ არატრადიციული რელიგია (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას, 70,1% ეთანხმება, რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებულნი უნდა იყვნენ საქართველოში, 74,9%-ს მიაჩნია, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და საზოგადოებას, 47% კი თვლის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ არა საშიშიც კი. ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ იმავე საღამოს ერთი ჩემი მეგობარი ქართულ სოლიდარობაზე მელაპარაკებოდა – უფრო სწორად კი წუხდა იმის გამო, რომ ქართველებში სოლიდარობისა და ტოლერანტობის მცნებები საერთოდ გაუფასურდა, ხალხი გაბოროტდა და ერთმანეთის მხარში დგომა, დახმარება მიივიწყა. ჩემთვის კი  შემდეგ, როდესაც, კვლევის შედეგებს გონებააში ვაანალიზებდი, ყველაფერი ცხადი გახდა – სარეველა ძირშივე უნდა მოსპოო, გამახსენდა. ალბათ, ამ პრინციპით მოქმედებენ ჩვენი მასწავლებლებიც, რათა საქართველოს სასახელო ვაჟკაცები აღუზარდონ – განსხვავებულების თავ-პირის დალეწვა რომ არასდროს არ დაეზარებათ, ბრმად მიჰყვებიან მართლმადიდებლურ რელიგიას, მოქალაქეობას ჩამოართმევენ ყველა არაქართველს, ისაუბრებენ მხოლოდ ქართულ ენაზე. აი, სწორედ მაშინ გაბრწყინდება საქართველო. ვაი, ჩვენს პატრონს!

პირადად მე, ნამდვილად მირჩევნია თავი მოვიტყუო და დავიიმედო იმით, რომ კვლევაში მონაწილე მასწავლებელთა უმეტესობას შეეშინდა, რომელიმე „ტრადიციულ“ მშობელს ბრალი არ დაედო ბავშვების გარყვნასა და „გაუზრდელებაში“ და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით დაეფიქსირებინა მსგავსი პასუხები. ზოგიერთი განსხვავებულ ორიენტაციასა თუ შეხედულებებს ხომ მართლა მარტო იმიტომ ებრძვის, რომ არ უნდა მისი შვილიც ასეთი „განსხვავებული“ გახდეს. ამის დასტურია ჩემთვის არაერთ კამათში არგუმენტის გასამყარებლად დასმული შეკითხვებიც, ვანდობდი თუ არა ჰომოსექსუალ ძიძას ან მასწავლებელს შვილს. დღესდღეობით ჩემთვის კიდევ მარტივია ამ ყველაფერზე ფიქრი და საუბარი, არც შვილი მყავს და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არც მეყოლება. ფაქტის წინაშე დამდგარი მშობლების ადგილზე ყოფნას კი არ ვისურვებდი. სოლიდარობისა და შემწყნარებლობის თავიდანვე ჩაკვლას დარწმუნებუთ შემიძლია ვთქვა, რომ მირჩევნია ბავშვმა სკოლაში საერთოდ არ იაროს. თუმცა, ალბათ, ესეც მარტივი გამოსავალია… არა, არა, ნამდვილად სჯობს ისევ თავი მოვიტყუო…

ამასობაში კი კვლავ მახსენდება მერი – ტრადიციული, ქედმაღალი, მკაცრი, აკადემიური, მაგრამ ამავდროულად სათნო და დაუცველი, ახლა უკვე 55 წლის გასათხოვარ-(სავარაოდოდ)ქალიშვილი, რომელიც კვლავ შიშის ზარს სცემს მთელ სკოლას. მისი საყვარელი ფრაზები არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დღეს უკვე სკოლის დირექტორის მოადგილეა – დააწინაურეს!

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები