ნათია ზუბიაშვილი
ხელოვნება კარგი იარაღიაო, ყველას გვსმენია, ალბათ, ეს ფრაზა. ჩვენთვის, 21-ე საუკუნის თავისუფალი თაობისათვის რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რას გულისხმობს ეს გამონათქვამი ტოტალიტარულ რეჟიმებთან მიმართებით, რომ არა ისევ და ისევ არაერთი ხელოვნების ნიმუში, იქნება ეს ფილმი, მოთხრობა, ნახატი თუ სხვა, რომლებიც ღრმა ისტორიული მესიჯებითაა გამორჩეული. ხელოვნება ყოველთვის იყო ერთგვარი ბრძოლის ველი ამ კონტექსტში. იბრძოდნენ შემოქმედი ადამიანებიც, რომელთაც სხვანაირად არ შეეძლოთ ხმის ამაღლება და თავიანთ ნაშრომებში აშკარად თუ ალეგორიულად უპირისპირდებოდნენ ადამიანის ჩაგვრაზე ორიენტირებულ რეჟიმს და იბრძოდნენ რეჟიმის წარმომაგდენლებიც, რომელთათვისაც ხელოვნება სწორედაც რომ თავიანთი იდეოლოგიის განმტკიცების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ისახებოდა. ეს მეთოდი იყო ცნობილი ფრაზის „მიეცით ხალხს პური და სანახაობა“ კარგი მაგალითი ტოტალიტარული მმართველობისათვის.
სწორედ ამ ყველაფერზე მოგვითხრობს ფლორიან დონერსმარკის ფილმი “სხვების ცხოვრება”. სიუჟეტის დასაწყისშივე ხდება მაყურებელი ტოტალიტარიზმის დაუნდობლობის მომსწრე, როდესაც პარტიული კაპიტანი საკუთარი კეთილდღეობის გაზრდის მიზნით დრამატურგ გეორგ დრაიმანისათვის თვალთვალის ბრძანებას გასცემს. ამის შედეგად კი ნათელი ხდება, თუ როგორ იჭრებოდა რეჟიმი ადამიანის პირად ცხოვრებში, როგორ უსმენდა მის თოთოეულ სიტყვასა თუ მოძრაობას, თვალყურს ადევნებდა მის ურთიერთობებს, სიყვარულს, როგორ ეხებოდა მის სულსა და პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზნით – აღმოეჩინა თუნდაც უმნიშვნელო შეწინააღმდეგება გაბატონებულ იდეოლოგიასთან და სწრაფადვე ფესვებიანად ამოეძირკვა. მაყურებელი იმის მოწმეც ხდება, თუ როგორ მიყავს თვითმკვლელობამდე რეჟიმის დაუნდობლობას მთავარი გმირის მეგობარი რეჟისორი, რომელმაც ვერ გაუძლო მუდმივ ჩაგვრას. ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ადამიანის ფსიქოლოგიაზე იმგვარი ზემოქმედება იყო, რომელიც პიროვნებას ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიყვანდა საკუთარი თავის განადგურებამდე.
თუმცა რეჟისორმა რეჟიმის სასტიკი გამოხატულებების გარდა, ფილმში დაგვანახა ადამიანური გრძნობების სიძლიერეცა და სიმტკიცეც. მიუხედავად მუდმივი კონტროლისა, ზემოქმედება მოეხდინათ ადამიანის გონებაზე, სწორედ ამავე რეჟიმის საპატიო წარმომადგენელში იღვძებს მის სულში ღრმად მიძინებული გრძნობები – სიყვარული, ერთგულება, სიკეთე… და აღსანიშნავია ის, რომ ამ პიროვნებაზე გავლენას სწორედ ხელოვნება ახდენს. ისევ და ისევ ხელოვნება უბრუნებს მას ადამიანობას, რომელიც რეჟიმის მარწუხებმა ბოლომდე ვერ გაანადგურა. ვფიქრობ, რეჟისორის მთავარი ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო – ჰგვ-ს მეშვეობით ჩვენთვის ეჩვენებინა ის, რომ სულიერად მტკიცე პიროვნების განადგურება ძალიან რთულია.
მიუხედავად ამისა, მიუხედავად ხელოვნების სიყვარულით გამსჭვალული ადამიანების ბრძოლისა, რეჟიმი ერთ შემთხვევაში ამარცხებს სიყვარულს, უბიძგებს შეყვარებულ ქალს უღალატოს, მოატყუოს და გაყიდოს საყვარელი ადამიანი, თუმცა, მეორე, ჰგვ-ს შემთხვევაში, პირიქით, აძლიერებს ყველა ადამიანურ გრძნობას და ეს ფილმიც, ჩემი აზრით, გენიალური სწორედ იმიტომ არის, რომ ძალიან მარტივად და ნათლად წარმოაჩენს ამ გრძნობათა ჭიდილს ტოტალიტარიზმის სისასტიკის პირობებში.
საბოლოოდ კი, როდესაც ფილმის დასასრულს კიდევ ერთი თვითმკვლელობის, რეჟიმის კიდევ ერთი გამარჯვების მხილველები ვხდებით, თითოეული მაყურებლის თვალზე მომდგარი ცრემლის ფონზე, ვასკვნით, რომ რეჟისორმა საუკეთესოდ ასახა ის რეალობა, რომელში ცხოვრებაც ადამიანებს უწევდათ ამ შემთხვევაში 1984 წელს ე.წ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. რეჟიმი ყველაფერს ჭამს, ანადგურებს, თავის ჩარჩოებში აქცევს, თუმცა ამ ფილმის წყალობით ვრწმუნდებით იმაშიც, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანური ძალისხმევის შედეგად, შეუძლებელი არაფერია. სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი