ნათია ზუბიაშვილი
სოლიდარობის აქცია, გაერთიანებული მსოფლიო პარიზისაკენ მიპყრობილი თვალებით, არაერთი ქვეყნის ერთსულოვანი ლიდერი – დღეს, ალბათ, პატარებმაც კი იციან, რა იგულისხმება ამ ფრაზების მიღმა, ტერორისტული აქტი Charlie Hebdo-ზე, რომელმაც დედამიწელები კიდევ ერთხელ ერთხმად აალაპარაკა.
ამ საყოველთაო შფოთს ქართველებიც შევუერთდით რაღაც „გაურკვეველი“ ფრაზით „მე ვარ შარლი“, რომლის მნიშვნელობა ბევრს არც კი ესმის. სოლიდარობას გამოვხატავდით რამდენიმე დღის მანძილზე უკლებლივ ყველა. თუმცა, სოლიდარობაა სწორედ ის, რაც, უახლოესი წარსულის გადახედვის შედეგადაც მტკიცდება, რომ ქართველებმა ძალიან ცუდად „ვიცით“.
ტელეარხებმაც არაერთგზის გააშუქეს ირაკლი ღარიბაშვილის ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის კადრები. მე კი ჩვენი პრემიერის ავტომობილიდან ასე თამამად გადმობრძანებამ, მედიდური ნაბიჯებით ელისეის სასახლის კიბეების ავლამ და გაჯგიმულმა ფიგურამ, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერისათვის, ასეთივე ლიდერული მანერით ხელის ჩამორთმევამ ნამდვილად დამაბნია. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ქცევას ჰგავდა იმ მმართველისა, ერთსულოვანი ერი რომ უმაგრებს ზურგს; ერი, რომელსაც გააზრებული აქვს ლიბერალური ღირებულებების მნიშვნელობა, ტოლერანტობა, სოლიდარობა, ამ შემთხვევაში კი ყველაზე მეტად ტერორიზმის არსი და საფრთხე; ერი, რომელიც მიუხედავად თავისი სიმცირისა, მტკიცე და ძლიერია და საკუთარ მმართველსაც აძლევს ხმის ამაღლების შესაძლებლობას მსოფლიო ლიდერთა შორის „მრგვალ მაგიდაზე“. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით. ჟურნალისტებისათვის დადგმული ფასადური სცენის მიღმა კი, პოლიტიკურ კულუარებში, სადაც კაცმა არ იცის, რეალურად, რა ხდება, ჩვენი პრემიერი, ეჭვიც არ მეპარება, ზუსტად ისეთივე „გაჯგიმული“ იქნებოდა, როგორიცაა სინამდვილეში დღეს ჩვენი სახელმწიფო.
„მე ვარ შარლი“ კი ერთგვარი გასართობი და თავშესაქცევიც კი გახდა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. კამათს იმის შესახებ, მოეძებნება თუ არა გამართლება ტერორისტების ქმედებას Charlie Hebdo-ს კარიკატურების მნიშვნელობებიდან გამომდინარე, სად აღარ მოისმენდით. გულანთებულ, საკითხში მეტნაკლებად გარკვეულ ახალგაზრდებსა თუ სასხვათაშორისოდ გააქტიურებულ მოხუცებს შორისაც კი. ცუდი განზრახვა ნამდვილად არ შეინიშნებოდა, უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გვავიწყდება – ეს სოლიდარული საზოგადოება, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ გაბატონებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ მოაზროვნე ახალგაზრდები დიდი სიამოვნებითა და მონდომებით, თავ-პირის მტვრევით, ისევ საკუთარ ჩაკეტილ სამყაროში ძალით რომ „შერეკა“, განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებს კი სუნთქვის, არა თუ ლოცვის, საშუელაბასაც არანაკლები სიამოვნებით რომ მოუსპობდა, ასე ხმამაღლა საუბრობს ყველა მაღალფარდოვანი სიტყვით, რაც კი ლექსიკონში მოეპოვება, თანადგომასა და სოლიდარობაზე. ფუნდამენტალიზმიო, ბრალს სდებენ. თავადაც რომ დაბრმავებულები, დაყრუებულები და ჩამორჩენილები არიან, იმას კი ან ვერ ხვდებია, ან კარგად ფუთავენ.
ტერორიზმი კი დღეს ბირთვულ იარაღზე უფრო დიდ თავსატეხად მოევლინა მსოფლიოს. ისლამური ფუნდამენტალიზმი რომ უფრო და უფრო საშიში ხდება, არც ამაზე ვაპირებ ახლა საუბარს. ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა და რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტურია. ერთსულოვანი პარიზი კი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ძალად შეიძლება დავასახელოთ მკვლელი ძალების წინააღმდეგ.
თუმცა, ისევ ჩვენს განსახილველ თემას რომ დავუბრუნდეთ, ძნელად წარმომიდგენია, როგორ იარსებებდა Charlie Hebdo-ს მსგავსი გამოცემა დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. აი, მერე გენახათ თქვენ რელიგიური მოტივები, მამა-დამრიგებელს ამოფარებული მრევლის გაშმაგება და ხოცვა-ჟლეტვა. ისევ ის ადამიანები ისროდნენ პირველად ქვას, ვინც დღეს ასე თავგამოდებით ქადაგებს სიტყვის თავისუფლებისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე. ისევ დაივიწყებდნენ ჩვენი სარწმუნოების შემწყნარებლურ მორალს და კარიკატურებზე სიცილი სანატრელი გაგვიხდებოდა. პრემიერი კი, რომელიც დღეს ასე თამამად გამოიყურებოდა, მსოფლიო ლიდერების შეკრების ნაცვლად, რასაც თავს მაინც ვერ მოაბამდა, საგულდაგულოდ დამალავდა მსგავსი ფაქტის პრეცედენტს და თავიდან აგვაცილებდა საქვეყნოდ თავის მოჭრას. ასე რომ, ერთი რამე ნამდვილად შემიძლია ხმამაღლა ვთქვა – შარლი არა, მე ვიცი, შენ რაც ხარ!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი