ელექტრონული სამეცნიერო  ბაზა JSTOR-ის გამოყენება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე შესაძლებელია

განათლება

ამერიკული ელექტრონული სამეცნიერო  ბაზა JSTOR-ის გამოყენება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე შესაძლებელია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დღეიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს ერთერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო ელექტრონული ბაზის – JSTOR-ის გამოყენება შეეძლება. ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის სტუდენტებსა და მკვლევარებს, რომელთა სამუშაოში სამეცნიერო ბაზის გამოყენება – აუცილებელი კომპონენტია“,-აცხადებენ ბიბლიოთეკაში.

ცნობისთვის, JSTOR – მულტიდისციპლინარული სამეცნიერო არქივია, რომელიც 1995 წელს შეიქმნა. JSTOR- -ის იდეა 1972-1988 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, უილიამ ჯ. ბოუენს (William G. Bowen) ეკუთვნის. თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც დიდი კვლევითი უნივერსიტეტების და ბიბლიოთეკების აკადემიური ჟურნალების შენახვის და მომსახურების პრობლემის მოგვარება. თუმცა მოგვიანებით, ინტერნეტით წვდომის და ძიების შესაძლებლობამ ეს წამოწყება საერთაშორისო პროექტად აქცია.

დღეისათვის არქივი 50 სხვადასხვა დისციპლინაში 2000-მდე სამეცნიერო ჟურნალის და 15 000-ზე მეტი დასახელების წიგნზე წვდომის საშუალებას იძლევა.

როგორც ბიბლიოთეკაში აცხადებენ, სამეცნიერო ბაზების გამოყენება ისევე, როგორც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არსებული ყველა სხვა სერვისი, უფასო იქნება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები