უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა

განათლება

საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა. ამის შესახებ “სხვა შუადღეში” გახდა ცნობილი. სტუდენტების სწავლას “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო” დააფინანსებს. მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძე ამბობს, რომ პროექტი უკვე დაწყებულია.

“როცა ჩვენ ეს იდეა განვახორციელეთ, ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გაწერეს, თუ რომელი მიმართულებების გაძლიერება სჭირდება დღეს სახელმწიფოს. ეს არის აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება, საინჟინრო ფიზიკა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, აგროინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, ეკონომიკა, ხაზს ვუსვამ ეკონომიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, არქიტექტურა და არქეოლოგია.

აქედან რამდენიმეზე აქტივობა იყო სტუდენტების, მაგრამ ეფექტურობა რომ გაზრდილიყო, დარჩენილი მიმართულებების წახალისება მოხდა.

სტუდენტების სრული უმრავლესობა, რომელიც პირდაპირი წესით, ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან ამ ფაკულტეტზე, ისწავლიან უფასოდ და თუ გადაიტანენ შემდეგ საბუთებს, ეს ვაუჩერი, რა თქმა უნდა, არ მიჰყვება”,-განაცხადა აბესაძემ.

აბესაძის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრის მონაცემებით 5012 სტუდენტი სწავლობს ამ ფაკულტეტებზე. აბესაძე ამბობს, რომ კონკურენცია აღნიშნულ მიმართულებებზე საკმაოდ დიდი იყო.

წყარო: news.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები