შეძლებენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მაღალი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნებას?!

განათლება

თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებელი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. საქართველოში ყველაზე რეიტინგულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტებს მმართველი რგოლი გამოაკლდა. სწორედ ამიტომ, ჩნდება ლოგიკური კითხვა – შეძლებენ კი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მაღალი სასწავლო სტანდარტების შენარჩუნებას?

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების დღიდან საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება ფიგურირებს. ცნობილი რუსი ჟურნალისტის, მატვეი განაპოლსკის მოსაზრებით, უნივერსიტეტი განადგურების პრობლემის წინაშე დგას.

საშინელი დარტყმაა კახა ბენდუქიძის სიკვდილი, ამის წარმოდგენაც ძალიან რთულია. ერთი მხრივ, ეს დიდი დანაკლისია უკრაინისთვის, რომელსაც ის ბოლო დროს საქმიან სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორე მხრივ – უფრო დიდი უბედურება არსებობს: რა ბედი ელის მის უნივერსიტეტს, რომელსაც ის პატრონაჟს უწევდა და რომელსაც აფინანსებდა. ახლა ამ ყველაფერს დაიტაცებენ, გაძარცვავენ და გაანადგურებენ, ყველას გაყრიან და არაფერი დარჩება – ასეთია ახლა საქართველო.“

მართლა ასეთია საქართველო თუ არა, ახლა ჩვენი გამოსარკვევი არაა. მაგრამ, საინტერესოა, რეალურად რა ხდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის კედლებში? რა განწყობა აქვთ თანამშრომლებსა და სტუდენტებს?

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ბექა კოკაიას განმარტებით, მართალია, დიდი დანაკლისია დამაარსებლის და მთავარი იდეოლოგის გარდაცვალება, მაგრამ რეალურად უნივერსიტეტებში უარესობისკენ არაფერი შეიცვლება. პირიქით, გუნდი და სწორად აწყობილი მენეჯმენტი რომელიც კახა ბენდუქიძემ დატოვა, ორმაგი მოტივაციით აგრძელებს მუშაობას, რომ გააგრძელოს იგივე გზა, რა ჩანაფიქრიც პირველივე დღიდან არსებობდა.

ამის მარტივი მაგალითია, თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს, პარასკევს, 9 საათზე დანიშნულ გამოცდაზე სტუდენტების 100 %-იანი დასწრება აღინიშნა“, -განაცხადა ბექა კოკაიამ.

Free uni-ის პროექტების მენეჯერის ნათია გულისაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არავითარი შემაფერხებელი დაბრკოლება არ არსებობს.

უნივერსიტეტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. არსებობენ მმართველები, მენეჯერები, კანცლერი, რექტორი, პრორექტორი და ა.შ.. ბატონმა კახამ ისე ააწყო მენეჯმენტი, რომ გადაწყვეტილება მუდამ კონსესუსის საფუძველზე მიიღწეოდა და ასე იქნება მომავალშიც. ბატონი კახა იყო უნივერსიტეტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი და ასევე დარჩება. უნივერსიტეტებს კი ისევ მართავს ის ხალხი, ვინც აქამდე მართავდა. სამწუხაროდ, ბატონი კახას გამოკლებით.“

სტუდენტებშიც იგივე განწყობა იგრძნობა, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლებში. გვანცა ხაბელაშვილი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის გარდამავალი დაფინანსებით სარგებლობს, დღეს, ბიზნეს სკოლის მესამე კურსზე სწავლობს და ამაყობს იმ სტატუსით, რომელიც მას ამ უნივერსიტეტის სტუდენტის წოდებას ანიჭებს.

„…რაც შეეხება ბატონი კახას გარდაცვალებას. ხუთშაბათ საღამოს მოვიდა მეილი – ბატონი კახასთვის მოვიტანოთ სანთლები. რა სანთლები უნდა მოვიტანო-მეთქი, გავიფიქრე. დაახლოებით ამ მომენტიდან გავიდა 5 წუთი, რაც ეს მეილი მოვიდა და უკვე აჭრელებული იყო ჩემი Facebook გვერდი და ამ ყველაფრის შესახებ წუხდნენ. ის სტუდენტებიც კი, რომლებიც ბატონ კახას პირადად არ იცნობდნენ, ხვდებოდნენ, რა დანაკარგის წინაშე აღმოჩნდნენ.
რელურად მიმართულებას ვინც აძლევდა და ვინც ხედავდა წინასწარ, როგორ უნდა განვითარდეს თავისუფალი უნივერსიტეტი, ეს იყო ბატონი კახა. ამ ყველაფრის მერე გავიფიქრე, თუ როგორ განვითარდებოდა თავისუფალი უნივერსიტეტი, როდესაც მთავარი კურსის მაჩვენებელი ადამიანი აღარ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, წინდახედული იყო ეს ადამიანი და  ბევრი ნაბიჯი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა. მისმა გუნდის წევრებმა იციან, როგორ უნდა იმუშავონ და რა უნდოდა ბატონ კახას ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ არამარტო თანამშრომლური ურთიერთობა ჰქონდა მათთან, არამედ, პიკნიკებზეც ერთად დადიოდნენ“, – აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა გვანცა ხაბელაშვილმა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც თითქმის იგივე პოზიციას აფიქსირებენ.

სამწუხაროდ, არ ვიცნობდი ბატონ კახას კარგად, მაგრამ როცა გავიგე, რა თქმა უნდა, ცუდი ინფორმაცია იყო და ცუდად მივიღე. რაც შეეხება რამის შეცვლას, მეშინოდა, რომ შეიძლება ქაოსი ატეხილიყო საზოგადოებაში. მაგრამ მჯეროდა მაინც, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა. ჯერჯერობით ესეა. თუ რამე შეიცვლება, ახლა არ შეიცვლება, რამდენიმე წელიწადი სჭირდება ამ ცვლილებას. ვფიქრობ, ბატონ კახას გარდაცვალება არ გამოიწვევს უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის დაცემას“, – აღნიშნა სტუდენტმა ივანე ტყემალაძემ.

ზოგიერთი სტუდენტი კი მაინც ვარაუდობს მცირე ცვლილებებს.

ეს იყო მოულედნელობა და ერთგვარი შოკიც, პირადად არ ვიცნობდი, სამწუხაროდ. ვფიქრობ, ბატონი კახას გარდაცვალება გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს, მაგრამ იმედი მაქვს, რადიკალურს არა“, – განაცხადა სტუდენტმა ზვიად არობელიძემ.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში დაიგეგმება მრჩეველთა საბჭოს პერიოდული სხდომა, სადაც მომავალ გეგმებზე იქნება საუბარი. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ბექა კოკაიას თქმით, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტი მნიშნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს.

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს ამიერიდან დამფუძლებლის გარეშე მოუწევთ საგანმანათლებლო ასპარეზზე მოღვაწეობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კახა ბენდუქიძის მიერ თავმოყრილი გუნდი ისევ იმავე შემართებით აგრძელებს მუშაობას და, ვფიქრობთ, ახლა სტუდენტებისა და დამფუძნებლის ოჯახის წინაშე ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. შეძლებს თუ არა უნივერისტეტის გუნდი, ადრინდელივით, მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, ამას დრო და შემდგომი მოვლენები გვიჩვენებს.

გიორგი ურუშაძე

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები