10 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ გასაუბრების დროს

სასარგებლო რჩევები

10 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ გასაუბრების დროს:

 

  1. გასაუბრების არასერიოზულად აღქმანუ იფიქრებთ, რომ ინტერვიუ მხოლოდ ფორმალობაა. მაშინაც კი, როცა ყველა წინა ეტაპი წარმატებით გაქვთ გავლილი, ნუ დაიწყებთ ქედმაღლობას და იმის დაგეგმვას, თუ რაში დახარჯავთ თქვენს ხელფასს. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება იმაზე ფიქრი, რომ რადგანაც აქამდე მოხვედით, სამუშაო უკვე თქვენს ხელშია.
  2. შეუსაბამო სამოსიძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარმოაჩენთ თავს პოტენციურ დამქირავებელთან პირველი შეხვედრის დროს. თქვენი ფიზიკური შეხედულება კი წარმოდგენას უქმნის თქვენ შესახებ მათ, ვინც პირველად გხედავთ. მაშინაც კი, როცა იცით, რომ ფირმა თანამშრომლებს ჯინსების  ტარების უფლებას აძლევს, ნუ მიხვალთ ინტერვიუზე ყოველდღიურ ტანისამოსში. გამოეწყვეთ სუფთა, პროფესიულ ტანსაცმელში.
  3. ხაზის არ გასმა იმაზე, თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატიწინასწარ გაეცანით სამუშაოს იმ პოზიციის აღწერას, რომლისთვისაც გასაუბრებაზე მიდიხართ. ამის შემდეგ, უკეთ შეძლებთ, წარმოაჩინოთ თქვენი გამოცდილების, შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების კომპანიის საჭიროებებთან შესაბამისობა. პოტენციურ დამქირავებლებს სურთ გაიგონ, რატომ უნდა დაგიქირავონ კონკრეტულად თქვენ. ამიტომ, ნათლად აუხსენით მათ ეს.
  4. ზედმეტი მორიდებულობასაკუთარი თავის ვერ წარმოჩენა გასაუბრების დროს, წარუმატებლობის საწინდარია. აქ ზედმეტი თავმდაბლობა არ გამოგადგებათ, ამიტომ, შეაქეთ საკუთარი თავი ზომიერების ფარგლებში. ნუ შეგეშინდებათ თქვენს მიღწევებზე საუბრის, იქნება ეს სკოლის, უნივერსიტეტისა თუ ყოფილი სამუშაოს პერიოდში.
  5. ცრუ ინფორმაციანუ იცრუებთ როგორც რეზიუმეში, ისე გასაუბრების დროს. პირველ რიგში, ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. მეორეც, ტყუილი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოაშკარავდება. თანაც, როდესაც ფაქტები გაყალბებულია, მარტივად შეიძლება თქვენვე შეგეშალოთ და დაიბნეთ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს. ასე რომ, რაც უფრო გულწრფელი იქნებით, მით უკეთესად შეძლებთ თქვენი წარსული გამოცდილებისა თუ შესაძლებლობების წარმოჩენას გასაუბრების დროს.
  6. ბევრი ლაპარაკიბევრი კანდიდატი ცდილობს, ნერვიულობა საუბრით დაფაროს, რაც ხშირად ზედმეტ ლაყბობაში გადაეზრდებახოლმე. ეცადეთ, ინტერვიუერს თავი არ მოაბეზროთ. საუბარი ორმხრივი უნდა იყოს. იჯექით მშვიდად, მოუსმინეთ ყურადღებით და კითხვებს ამომწურავად გაეცით პასუხი.
  7. თანხებზე ყურადღების გამახვილებანუ ახსენებთ ანაზღაურებას გასაუბრების დაწყებიდან ძალიან მალე. თანხებთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენებამ, ან წინა სამუშაოზე არსებული ხელფასის განხილვამ დამქირავებელი შეიძლება დააფრთხოს. ჯობს, ამ საკითხზე მაშინ ისაუბროთ, როცა თავად ინტერვიუერი ახსენებს მას.
  8. აუგის საუბარიიმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი წინა უფროსი გძულდათ, ან უსამართლოდ გეპყრობოდათ ყოფილი დამსაქმებელი, გასაუბრება საჩივრების განხილვის ადგილი არ არის. თუ წინა სამსახურიდან გაგათავისუფლეს, მზად იყავით, პოზიტიური მხრით ახსნათ ეს გარემოება.
  9. შეკითხვების არ დასმათქვენი რეზიუმე შეიძლება შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ, დამსაქმებლები აფასებენ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც რამდენიმე გონივრულ კითხვას სვამენ ინტერვიუს განმავლობაში. წინასწარ მოამზადეთ 3-4 შეკითხვა სამუშაოსთან დაკავშირებით. გასაუბრება ინფორმაციის გაცვლასაც მოიცავს და კითხვების არ დასმამ შეიძლება, თქვენი მოუმზადებლობა გამოამჟღავნოს.
  10. ენთუზიაზმის ნაკლებობაეს თქვენი შანსია, გამოავლინოთ საკუთარი პიროვნება. ნუ იწუწუნებთ იმაზე, თუ რა უსიამოვნო დღე გაქვთ. იყავით ზრდილობიანი და ოპტიმისტური. აჩვენეთ თქვენი ენთუზიაზმი როგორც სამსახურის, ისე გასაუბრების მიმართ და არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა ინტერვიუს ბოლოს.

 

წყარო: thesedonagroupaustin.com

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები