თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით რექტორის თანაშემწეს, გიორგი ბენაშვილს ვესაუბრეთ.
– გიორგი, რა ცვლილებები განხორციელდა ახალი რექტორის დანიშვნის შემდეგ?
– პირველი ცვლილება, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად შეიძლება იყოს თვალსაჩინო სტუდენტებისთვის, არის აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში უნივერსიტეტისთვის ბაზების პრობლემა გადაუჭრელად ითვლებოდა, რის გამოც ყოველი ახალი სემესტრი აქციებით იწყებოდა. რექტორმა არჩევისთანავე უმთავრესი პრიორიტეტი მიანიჭა ამ საკითხს. მთლიანად შეიცვალა IT სამსახურის მუშაობის კონცეფცია, შევისყიდეთ ახალი ტექნიკა და დაუღალავი შრომის წყალობით ამ სემესტრში აკადემიურმა რეგისტრაციამ აქამდე არნახული პროგრესით ჩაიარა. თუმცა გამოიკვეთა სხვა პრობლემები, რომლებიც გულისხმობს საგნებზე ადგილების რაოდენობის არასწორ შერჩევას და მცირე ტექნიკურ შეფერხებებს, ასევე ინფორმაციის ნაკლებობას. თუმცა ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ შესაბამისი დეპარტამენტები. რექტორმა თქვა, რომ შემოდგომიდან დარჩენილი პრობლემები თითქმის სრულიად აღმოფხვრილი იქნება და ჩვენს სტუდენტებს საუკეთესო სასწავლო ბაზები ექნებათ.
ამის გარდა კიდევ არის სხვა სიახლეებიც. მაგალითად, რექტორის სტიპენდიანტის გამოვლენა. რომელიც ბაკალავრიატის დონიდან შეირჩევა სემესტრში ერთხელ და მთელი სემესტრის განმავლობაში რექტორის ხელფასიდან 250 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს. აღსანიშნავია, ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო ფორუმიც, რომელიც წელს პირველად ჩატარდება. ეს ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. შეიქმნა სტუდენტთა სამეცნიერო წრეები. შემოდგომიდან სრულფასოვნად ამოქმედდება პოსტდოქტორანტურის პროგრამაც. კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება, რომლის იმპლიმენტაციაც ეტაპობრივად იგეგმება.
– თსუ–ის რექტორისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრისას საუბარი იყო სახელმწიფოსგან უნივერსიტეტის დაფინანსებაზე, არის თუ არა რაიმე წინსვლა და კონკრეტულად რა პოზიციას იკავებს ირაკლი ღარიბაშვილი?
– ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია უნივერსიტეტისთვის. მოგეხსენებათ დღეს უნივერსიტეტის ერთადერთ შემოსავალს სტუდენტების მიერ მოტანილი 2250 ლარი წარმოადგენს. მნიშვნელობა არ აქვს, სტუდენტი ამ თანხას ოჯახიდან მოიტანს, თუ გრანტის სახით ბიუჯეტიდან მოიძიებს. რეალურად, უნივერსიტეტი ბაზური დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. შესაძლოა, ეს არ ქმნიდეს სერიოზული ფინანსური პრობლემების საფრთხეს, მაგრამ პერსპექტივაში რთულია, რაიმე სახის განვითარებაზე საუბარი, როცა მთლიანი ბიუჯეტი გაწერილია აკადემიური პერსონალის ხელფასებსა და კომუნალურ ხარჯებზე. ასეთი პრაქტიკა საკმაოდ უცხოა ევროპული უნივერსიტეტებისთვის. იქ უნივერსიტეტის ბიუჯეტის თითქმის 60%-70%-ს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული თანხა შეადგენს. დანარჩენი 30% კი ან სტუდენტის მიერ მოტანილი თანხაა, ან დამატებითი კერძო შემოწირულობა. ჩვენს უნივერსიტეტში ეს 60-70% 0-ის ტოლია. სწორედ ეს თემა წამოჭრეს სტუდენტებმა პრემიერთან შეხვედრისას. ამ საკითხზე აქტიურად საუბრობს რექტორიც. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მთავრობის მხრიდან ჩვენი ეს თხოვნა უარყოფილი არ არის, იმედს ვიტოვებთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტში მცირე თანხას მაინც გაწერენ საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის. ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამართო თსუ–ისთვის, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის.
– როგორც ვიცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ კარგავს პირველობას, შეუძლია თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტების დაკმაყოფილება დღევანდელი მდგომარეობით ?
– ჩვენი უნივერსიტეტის პირველობასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით შემიძლია ვისაუბრო. პირველი: ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ჩვენი უნივერსიტეტი რჩება ყველა მოთხოვნად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ დიდი სხვაობით ვუსწრებთ სხვა კონკურენტ უნივერსიტეტებს. ჩვენ ლიდერები ვართ საუკეთესო/რეიტინგული სტუდენტების მიღების რაოდენობითაც. ასევე პირველ ადგილზე ვართ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ საგრანტო კონკურსებში, გვაქვს ყველაზე მეტი გაცვლითი პროგრამა ერასმუსისა და ტემპუსის პროგრამების საშუალებით. პირველ ადგილზე ვართ და მნიშვნელოვნად ჩამოვიტოვებთ კონკურენტებს სადოქტორო პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობით. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უნივერსიტეტი პირველობას ინარჩუნებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
– სტუდენტები უკმაყოფილონი არიან ლექტორების განათლებისა და ხარისხის დონით, ხომ არ გეგმავთ ლექტორების გადამზადებას, ან ახალი კადრების მოყვანას ?
– ლექტორების მოყვანა ან გაშვება ასე ადვილი არ არის. ამას კანონი არეგულირებს. ახალი ლექტორის მოყვანა კონკურსის საშუალებით ხდება, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცხადდება. კონკურსების დიდი ნაწილი 2012 წელს ჩატარდა. ამიტომ, ჩემი ინფორმაციით უახლოეს მომავალში არ იგეგმება ახალი კონკურსების ჩატარება. თუმცა, ხარისხის მართვის სამსახური ფაკულტეტების მიხედვით იკვლევს ამა თუ იმ პროფესორის მუშაობას და სემესტრის ბოლოს სტუდენტების გამოკითხვის საშუალებით ამას იგებს. მინდა სტუდენტებს ვთხოვო, რომ სემესტრის ბოლოს ბაზაში არსებულ საგნების შეფასების კითხვარებს უფრო ყურადღებით მოეკიდონ. სწორედ ამ კითხვარების საშუალებით იგებენ, როგორ მუშაობს ლექტორი.
– ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი პრობლემაა, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ამ პრობლემის აღმოფხვრას და აქვს თუ არა უნივერსიტეტს შემუშავებული კონკრეტული გეგმა?
– როგორც ზევით ვთქვი, უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი ამ ეტაპზე რაიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყოს. ამას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები ჭირდება, რისი საშუალებაც ფიზიკურად არ არსებობს. აქ ისევ, ბაზური დაფინანსების მოლოდინში ვართ. თუმცა, რექტორის პოზიცია არის, რომ თუ სადმე სასწრაფო მნიშვნელობის საკითხია, რომლის გადაჭრაც არსებული მდგომარეობით შეგვიძლია დაუყონებლივ უნდა გადავჭრათ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთი კარგი სიახლე გვაქვს. ამიერიდან მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, პირველად ამ ფაკულტეტის ისტორიაში ექნებათ საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლიც რემონტიც ახლა მიმდინარეობს და მალე მწყობრში იქნება.
– საგნების კრედიტები სტუდენტებს პრობლემას უქმნის, რადგან მიუხედავად საგნის არჩევისა, ისინი მაინც ვერ ახერხებენ საკმარისი კრედიტების რაოდენობის დაგროვებას, აპირებთ თუ არა ცვლილებების განხორციელებას ?
– მინდა გითხრათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა უკვე დაიწყო, რადგან ჰუმანიტარული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაერთმა სტუდენტმა მოგვმართა უკვე. სასწავლო დეპარტამენტი, შესაბამისი ფაკულტეტები და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით.
– გეგმავს თუ არა უნივერსიტეტი სტიპენდიის გაზრდას წარჩინებული სტუდენტებისთვის ?
– სტიპენდიებთან დაკავშირებით გვაქვს სასიამოვნო სიახლე. რექტორის სტიპენდიანტის გამოვლენა, რომელიც ბაკალავრიატის დონიდან შეირჩევა სემესტრში ერთხელ და მთელი სემესტრის განმავლობაში რექტორის ხელფასიდან 250 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს.
– უწყობს თუ არა უნივერსიტეტი ხელს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში ?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია სხვა ქართულ უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების რაოდენობით. ჩვენი უნივერსიტეტიდან არაერთი წარჩინებული სტუდენტი მიდის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ. აქტიურად დავნერგეთ Erasmus და Tempus-ის პროგრამები. თითქმის ყოველთვიურად ვაფართოებთ პარტნიორი უნივერსიტეტების სიას, რაც ხელს უწყობს ჩვენს სტუდენტებს უფრო მეტ ადგილას შეეძლოთ გაცვილითი პროგრამით წასვლა.
– რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ?
– ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტს არა მხოლოდ ხარისხიან, ევროპული დონის განათლებას, არამედ უკვე ვზრუნავთ მის სამომავლო კარიერაზეც. გვსურს, მივცეთ მას ისეთი ხარისხის განათლება, რომ ჩამოყალიბდეს კონკურენტულ გარემოში ლიდერ კადრად. მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ განაგრძონ სწავლა, ჩაერთონ კვლევაში და შემდეგ პოსტდოქტორანტურის პროგრამის საშუალებით დარჩნენ უნივერსიტეტში. წარმატებულ და ნიჭიერ სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საშუალებას ვაძლევთ ყველა სტუდენტს მონაწილეობა მიიღონ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებასა და კონფერენციებში. ჩვენ გვსურს დავიმკვიდროთ კუთვნილი წამყვანი ადგილი კავკასიურ უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში, შესაბამისად, აქ მოსული სტუდენტიც ამ სფეროს ნაწილი ხდება.
ავტორი ვაკო ორმოცაძე