რჩევები სტუდენტებს – როგორ ვისწავლოთ უკეთესად

ბლოგი

როგორ ვისწავლოთ თეორიები ყველაზე მარტივად?

ა) დავიზეპიროთ
ბ) ძირითადი არსი გავიაზროთ და რთული სიტყვები დავიმახსოვროთ. მერე ტექსტსაც აღვადგენთ
გ) არ ვისწავლოთ

და სწორი პასუხია დ) გადმოვიტანოთ ისინი არსებულ რეალობაში

გაფრთხილება: ნუ ეცდებით ამ ტრიუკის ზედმეტად ხშირად გამეორებას, რადგან არსებობს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების რეალური საფრთხე – როცა თავად არსებული რეალობა ექცევა თეორიების გავლენის ქვეშ. მოკლედ, ჩემი ახლანდელი ბლოგი აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს არის მცდელობა, აიხსნას ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობა ს.უ.-ის თეორიების ჭრილში. აქვე შენიშვნა: ავტორი აღიარებს, რომ არ არ ახდენს ცალკეული თეორიის უნივერსალიზაციას (რა აკადემიური ვარ), არამედ ასახავს, თუ როგორ იქცევიან ცალკეული თეორიით შთაგონებული სუბიექტები.

დავიწყოთ იდეალისტებით – ასეთ ლექტორებს სჯერათ, რომ სტუდენტი უკვე სკოლის ასაკიდან გამოსული რაციონალური არსებაა, რომელიც ცოდნის მაქსიმიზაციისკენ მიისწრაფვის. ასეთი მიზნის პირობებში სტუდენტები თანამშრომლობენ ან თუნდაც კონკურენციაში დგებიან ერთმანეთის მიმართ – ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი საყოველთაო განათლების დონის მატებაა. დიახ, იდეალისტი ლექტორები მკაცრი კონტროლის მექანიზმებს არ იყენებენ და ურთიერთთანხმობას მიენდობიან, რადგან მათ სჯერათ სტუდენტების რაციონალურობის. საქმე იმაშია, რომ თავად სტუდენტებს ამის არ სჯერათ.

შესაბამისად, სხვა ლექტორები რეალპოლიტიკას ატარებენ, უყურებენ რა სტუდენტურ ბუნებას პესიმისტურად. ასეთი ლექტორები უფრო საკუთარი ძალის მაქსიმიზაციაზე არიან ფოკუსირებული, რადგან მხოლოდ ძალით შეიძლება ურჩი სტუდენტის დაშოშმინება.  მთელი სემესტრი არის მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ქულათა ბალანსის შენარჩუნებისთვის – სწორედ ეს სტრატეგია უდევს საფუძვლად ნორმალურ ურთერთობებსა და საერთო მშვიდობას სემესტრის ბოლოსთვის. ძირითადი საბრძოლო ფრონტი მაღლივის ბიბლიოთეკაა, ფრონტის წინა ხაზი კი უკვე დედლაინებია.

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას თავდაცვით-თავდასხმით რეალისტებზეც. ლექტორის თავდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს სტუდენტთა სისუსტის კარგად ცოდნით შეიარაღებას და იარაღის მხოლოდ მაშინ გამოყენებას, როცა უკმაყოფილო სტუდენტი მას თავს დაესხმება. რაც შეეხება თავდასხმითებს – ისინი პრევენციულად სემესტრის დასაწყისშივე აიასნებენ სტუდენტებთან, რაც ელით, და ვაი მაგათი ბრალი. ასეთ შემთხვევაში შეიარაღება უფრო ძლიერია – დიდი ძალების, ანუ მითიური ადმინისტრაციის ჩინოვნიკების მხარდაჭერა.

ლიბერალურ თეორიებს რომ დავუბრუნდეთ და კანტის მემკვიდრეობასაც სათანადო პატივი მივაგოთ, დემოკრატიული მშვიდობის მოყვარული ლექტორები განვიხილოთ. ისინი სტუდენტებს ორ ნაწილად ყოფენ – ფავორიტები (დემოკრატიები) და ცუდი ტიპები (ავტოკრატიები). ისინი პირველებს არასოდეს ერჩიან, მაგრამ მეორეებს მრავალი ომის გადახდა სჭირდებათ ხოლმე, რათა სემესტრს გადაურჩნენ. თუმცა, დ.მ. ლექტორების აზრით, საუკეთესო თავდაცვის ხერხი ისაა, რომ სტუდენტი თავად შეიცვალოს, გაუმჯობესდეს და ფავორიტებში გადაინაცვლოს.

რაც შეეხება ნეოლიბერალურ ინსტიტუციონალიზმს, კერძოდ კი კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას – აქ მნიშვნელოვანია ის ასიმეტრია, რომელიც ლექტორსა და სტუდენტს შორის არსებობს, რაც პირველ მათგანს შესაძლებლობას აძლევს, მეორის ქცევაზე გავლენა მოახდინოს. ეს მეორე კი, უფრო ხშირად სტუდენტი, შეიძლება იყოს დაუცველი, თუკი მისი საბოლოო შედეგი ლექტორის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, ან მგრძნობიარე, თუკი შეცვლის პოლიტიკას, კარგად ისწავლის და ანონიმურ პირობებში მაღლივში იყოჩაღებს.

როგორ იქცევიან ინგლისური სკოლის მასწავლებლები? მართალია, ისინი  უარს ამბობენ ანარქიის პირობებში ხელმძღვანელის როლის შესრულებაზე, მაგრამ წესრიგს მაინც ითხოვენ. თუმცა ზოგჯერ კიდეც აღწევენ ამ წესრიგს დიპლომატიური მიდგომით, ქულათა ბალანსით, თავიანთი ავტორიტეტით, სამართლებრივი ბერკეტებით და ზოგჯერ ომის ფასადაც.

აქვე საინტერესოა მარქსისტი ლექტორების პოზიცია – ისინი თვლიან, რომ ჭკუა-გონება, ისევე, როგორც შრომისმოყვარეობა, სტუდენტებს შორის არათანაბრადაა გადანაწილებული, ეს „ღარიბ“ სტუდენტებს მოტივაციას უქვეითებს და უფსკრული იზრდება. უფსკრულის აღმოფხვრას ისინი ყველასთვის ერთნაირი ქულების დაწერით ცდილობენ, თუმცა შედეგი არც თუ სახარბიელოა – საბოლოოდ, ყველას უქვეითთება მოტივაცია.

რას აკეთებენ კონსტრუქტივისტი ლექტორები? ჰმ, რას აღარ. ისინი ხშირად უარყოფენ არსებულ ურთიერთობის წესებს და ახლის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ეს შეიძლება საკუთარი ნებით მოხდეს ან სტუდენტებთან სოციალური ინტერაქციის საფუძველზე. მართალია, ზოგჯერ ახალი წესები შეიძლება პოსტმოდერნიზმში გადაიჭრას ან სისულელის სახე მიიღოს, მაგრამ შედეგი ხშირად არსებულ პოპულაციაზე მორგებული და ეფექტურია ხოლმე.

გეთანხმებით, შეიძლებოდა მეტად განვრცობაც, მაგრამ ბრიტანელი სოციოლოგების აზრით, ამ ზომაზე დიდის წაკითხვა საშუალო სტუდენტს ეზარება. რაც შეეხება თეორიებს, თუ რომელიმე გამომრჩა, ვიცი, არ მიწყენს. ვამბობ მე და ვენდტისეულად არხეინად ვიღიმი.

წყარო : http://suelebi.wordpress.com/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები