,,ბედნირი“ სტუდენტობის მეორე მხარე
ლექცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბატონი ბალანჩივაძე ბნელ 90-იან წლებს იხსენებდა და დღევანდელობას ადარებდა. მე აუდიტორიის ბოლოში ვიჯექი, ლექციას მოწყვეტილი, ჩემს ფიქრებში გაბლანდული, დამფრთხალი თვალებით აუდიტორიის კარებს მივშტერებოდი. ბალანჩივაძემ შემომხედა და განაგრძო.
– ჩემი თაობისგან განსხვავებით დღეს, თქვენ ყველანაირი პირობა გაქვთ, რომ ისწავლოთ.
ამ სიტყვებმა დამაფიქრა, რა პირობებს გულისხმობდა ნეტავ ეს მოხუცი? დავფიქრდი, თუმცა ფიქრი არ დამცალდა, აუდიტორიის კარები გაიღო, დეკანი შემოვიდა და ცივად იკითხა:
– ჩხეიძე აქ რის?! – ფეხზე წამოვდექი და კითხვიანი მზერა მივაპყრე.
– სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეგიჩერდათ. გთხოვთ, დატოვოთ ლექცია. შემრცხვა, თუმცა სტუდენტებთან არ შევიმჩნიე, მოღიმარი სახით შევხედე ბალანჩივაძეს, აუდიტორიიდან გასვლისას შევჩერდი და ვუთხარი: დიახ, ყველანაირი პირობაა სწავლისთვის.
შატილის მთებში
შენ გაზაფხული არ გინახავს შტილის მთებში,
შენ არ გინახავს მთის მწვერვალის დნობა ნელ-ნელა,
არ შეგიგრძვნია მზის ამოსვლა სუსხიან ზამთრის,
ბინდის გაყრაზე შიგ, იქ, მთებში როგორ თენდება.
მთებში სულ სხვაა, იქ სიცოცხლე სხვაგვარად ფეთქავს,
იქ სიყვარული სხვა გვარია, მერწმუნე, ქალის,
შენთვის უცხოა, თუმც ვაჟკაცმა შატილის მთებში
ქალის გამოც კი შეიძლება გაწიროს თავი.
წამო, გავიქცეთ, შიგ მთებში მსურს შენთან ცხოვრება,
მინდა, დიდი მთა გადავლახო ფეხით შიშველმა,
მინდა, ზამთარში სიცივისგან აკანკალებულს
მომიალერსოს სიყვარულის შენმა სიტყვებმა.
მე დღეს გეძახი, გავიქცეთ ერთად,
წუთით მოვშორდეთ ჩვენ ამ სამყაროს,
წამო, მთის წესით ჯვარი დაგვწერონ,
რომ ბოროტებამ ვეღარ გაგვყაროს.
წამო, იქ, სადაც ვერვინ მოგვაგნებს,
სადაც სიყვარულს აჰყავხარ ცამდე.
წამოდი, ოღონდ გავექცეთ ამ ხალხს
წამოდი, მთებში გავიქცეთ სადმე.
წამოდი, მთებში შევხვდეთ გაზაფხულს,
ერთად ვუსმინოთ მღერას ჩიტების,
მე შენ გაჩვენებ იქ, მაღალ მთებში,
თუ როგორ ხდება გაშლა კვირტების.
ჩემი ფესვები მთისკენ მიხმობენ,
სულით ხორცამდე მთის შვილი მქვია,
მისგან სიშორეს გული ვერ უძლებს,
მისგან დაჭრილის გულში მაქვს ტყვია.
წამოდი, სანამ ჩუმი ნაბიჯით
შემომპარვია ჭაღარა თმებში,
სანამ ძარღვებში კვლავ მიჩქეფს სისხლი,
სანამდის ძალმიძს გაქცევა მთებში.
წამოდი, მთაში სხვა ცხოვრებაა,
აი, როგორსაც წლები ვლამობდით,
პაპაი მიხმობს თავის ნასახლარს
და თუ კაცი ხარ, შენც იქ წამოდი…