„იყავი ნამდვილი, ისიამოვნე სიფხიზლით“

შემეცნება

11 მარტს, თეატრალურ უნივერსიტეტში საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „ბემონი“ (BEMONI) ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ლექცია-სემინარი ჩაატარა. ორგანიზაცია „უნისეფის“ (UNISEF) მხარდაჭერით ნარკოტიკების მოხმარებასა და პრევენციასთან დაკავშირებით 2-დღიან საინფორმაციო ლექციებს ატარებს. დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია. ლექცია დიალოგის ფორმატით წარიმართა.

ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელიც რადიკალურად ცვლის პიროვნების ფსიქიკურ მდგომარეობას. ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ცვლის ფსიქიკის მდგომარეობას ფსიქოაქტიურ ნივთიერებად ითვლება. ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო, ნარკოტიკები ფსიქოაქტიური ნივთიერებებია. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება არ არის ნარკოტიკი, მაგრამ ყველა ნარკოტიკი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. სამკურნალოდ დანიშნულ ფსიქოაქტიურ მედიკამენტებს კი ფსიქოტროპული ეწოდებათ. მათი თვითნებური გამოყენება დანიშნულების გარეშე, ისევე იწვევს მიჩვევასა და დამოკიდებულებას, როგორც ნარკოტიკები. ფსიქოაქტიური ნივთიერების სისტემატური მოხმარების შედეგად სუსტდება ორგანიზმის მგრძნობელობა ამ ნივთიერების მიმართ და პირვანდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება დოზის მომატება. მედიცინაში ამ მოვლენას „ტოლერანტობა“ ეწოდება – ორგანიზმი ანგარიშს უწევს თქვენს მოთხოვნილებას.

თუკი დამოკიდებული ადამიანი შეწყვეტს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას, ვითარდება აღკვეთის სინდრომი, ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ჟარგონით – „ლომკა“, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შეწყვეტისას იჩენს თავს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია – ჩვეული ნივთიერების ნაკლებობით გამოწვეული „შიმშილი“. ეს საკმაოდ ძნელად ასატანი მდგომარეობაა და სხვადასხვა ნივთიერების შემთვევაში სხვადასხვა ინტენსივობით, ხანგრძლივობით ვითარდება. ფსიქიკური დამოკიდებულება ფიზიკურზე ძნელად განსაკურნებელია, ადამიანი ვერ გრძნობს სიმშვიდეს, მოუსვენარი და უგუნებო ხდება.

არსებობს რამდენიმე სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებებირალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, სტიმულატორები და აღქმის შემცვლელი ნივთიერებები. დეპრესანტები თრგუნავს ნერვული სისტემის აქტივობას, ადუნებს, ამშვიდებს და ხსნის ტკივილს. სტიმულატორები აღაგზნებს ფსიქიკას და ასტიმულირებს ენერგიას. აღქმის შემცვლელი ნარკოტიკები კი აღქმის პათოლოგიებს იწვევს, როდესაც ადამიანი ხედავს და აღიქვამს იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს. აღქმის შემცვლელი ნივთიერებების მიღებისას მკვეთრად, განსხვავებულად აღიქმება ფერები, ბგერები, მანძილი.

დიალოგში საკაოდ გათვიცნობიერებული სტუდენტები მონაწილეობენ, ზუსტად ასხვავებდნენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ერთმანეთისგან, ხსნიდნენ მათი ზემოქმედების ეფექტებს და დამანგრეველ შედეგებს. საინტერესო ვერსია იყო „მარიხუანა – მუზა“, როდესაც შემოქმედებითი პროცესის დაწყების, სტიმულირებისა და ეფექტურად წარმართვის საშუალებად გამოცხადდა. ამ შეხედულებების მიუხედავად, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნარკოტიკის ერთხელ მიღებაც კი აზიანებს ორგანიზმს, ყოველთვის როცა, ნარკოტიკი ხვდება ადამიანებში, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ღვიძლი და თირკმელი, რომ ორგანიზმი ამ შხამისგან გაიწმინდოს.

„BEMONI“ გირჩევთ, „იყავი ნამდვილი – ისამოვნე სიფხიზლით“.

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები