რა არის ვეგეტარიანელობა? რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ცხოვრების ამ სტილს და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?! ეს კითხვებია, რომლებიც დღესდღეობით აქტუალურია მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მიზეზები, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ვეგეტარიანელები სხვადასხვაგვარია: ზოგი თვლის, რომ ცხოველებით კვება მის მორალს შეურაცხყოფს, ზოგის აზრით, მხოლოდ ბოსტნეულის მიღება ჯანმრთელობაა, ზოგიერთი თვლის, რომ ვეგეტარიანული ცხოვრება ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამით ეკონომიას გააკეთებს, მიზეზი ასევე შეიძლება იყოს რელიგიური მრწამსი, ფორმაში ჩადგომა, ან უბრალოდ ის, რომ განსხვავებული ცხოვრების სტილი ,,მოდაშია.’’
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვეგეტარიანელობა მხოლოდ 21-ე საუკუნის გატაცება არაა და მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყვნენ. ვეგეტარიანელობა გვხვდება რელიგიებში, როგორებიცაა: ბუდიზმი, იუდაიზმი, ასევე ქრისტიანულ რელიგიაში მარხვის პერიოდში. ვეგეტარიანელობის 4 ძირითადი კატეგორია არსებობს:
1) ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელები, რომლებიც მიირთმევენ კვერცხს, რძეს და თაფლს. მათთვის ნებისმიერი ხორცის სახეობა კატეგორიულადაა აკრძალული.
2) ლაქტოვეგეტარიანელები, რომლებიც საკვებად არ იღებენ ხორცს და კვერცხს, მაგრამ მიირთმევენ თაფლსა და რძეს.
3) ოვო-ვეგეტარიანელები, რომელთათვისაც თაფლი და კვერცხი დაშვებულია, თუმცა არ იღებენ ხორცსა და რძის პროდუქტებს.
4) ვეგანები, რომელიც ვეგეტარიანელობის ყველაზე მკაცრი ფორმაა. ვეგანები უარს ამბობენ არა მარტო ხორცზე, კვერცხსა და თაფლზე, არამედ ტანსაცმელზეც, რომელიც ცხოველისგან არის წარმოებული.
დღესაც დავობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სასარგებლოა ვეგეტარიანული ცხოვრების სტილი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ესეც ინდივიდუალურია.Aარსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ის ვიტამინები სჭირდებათ, რასაც მხოლოდ ხორცი შეიცავს, მაგრამ ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოთხოვნილება და მხოლოდ მცენარეული საკვების მიღებითაც ჯანმრთელად გრძნობენ თავს. სწორედ ასეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის. 21 წლის ნინო ნიკოლეიშვილისთვის.Mმან 2 წელია, რაც ვეგეტარიანული ცხოვრების სტილი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ამის წინააღმდეგნი იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ვეგეტარიანელობა ნინოს ჯანმრთელობას დააზარალებდა, ამას ნინოსთვის ხელი არ შეუშლია, როგორც მან აღნიშნა, მას ჯანმრთელობის პრობლემები ამის გამო არასდროს შექმნია:
,,დაახლოებით ორი წლის წინ მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ცხოველების ჭამა. ვთვლი, რომ ადამიანებს გარშემო აქვთ იმდენი საკვები, რომ არ არის საჭირო მოკლას ცოცხალი არსება და შეჭამოს მარტო იმიტომ, რომ ეს ფიზიკური სიამოვნებაა.’’
ნინოსგან განსხვავებით 20 წლის სტუდენტს თათია მელთაურს ვეგეტარიანული ცხოვრების სტილმა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა და ახლა იძულებულია ხორცის პროდუქტები მიიღოს:
,,ვეგეტარიანელობა გადავწყვიტე სამი წლის ასაკიდან, აღმოვაჩინე, რომ თურმე ქათმის ხორცზე მქონდა ალერგია, იმის მერე ცხოველების მიმართაც გამიჩნდა რაღაც დამოკიდებულება – მეცოდებოდა ისინი, 16 წლის ასაკამდე არანაირი ხორცი არ გამისინჯავს, არც ქათმის, არც ღორის, შემდეგ რაღაც პრობლემები შემექმნა ჯანმრთელობასთან და ექიმმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მეჭამა ხორცი. ცოტა გამიარა ამ შეცოდების მომენტმა, მაგრამ ფრინველის ხორცზე დღესაც მაქვს ალერგია.’’
აშშ-ის კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. Aსევე სხვა, წარსულში ჩატარებულ კვლევებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საკვებს, რომელსაც ვეგეტარიანელები იღებენ, შეუძლია შეამციროს ისეთი დაავადებების საფრთხე, როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, დიაბეტი და ჭარბი წონა.
თუმცა საპირისპირო აზრი აქვს დიეტოლოგ ასმათ კევლიშვილს. როგორც ის ამბობს, ვეგეტარიანელობას ადამიანის ორგანიზმისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, კერძოდ ასეთი ტიპის ადამიანები ავადდებიან შაქრიანი დიაბეტით და აწუხებთ ჭარბი წონა:
,,ვეგეტარიანელები ძირითადად ეტანებიან სახამებლის შემცველ პროდუქტს – პურს, მაკარონის პროდუქტს, ბურღულეულს და როდესაც დიდი რაოდენობით ასსეტ პროდუქტს იღებს ადამიანი, აქ უკვე სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება. ადამიანი როცა ხორცს არ ჭამს, მაშინ ძალიან კარგი პროდუქტია ოსპი – ეს ბიბლიური საკვებია, რომელიც ცხოველური წარმოშობის ცილებთან მიახლოებულ ცილებს შეიცავს და უფრო მეტად სასარგებლოც არის, ვიდრე ცხოველური წარმოშობის ცილები.’’
თუ ბრიუსელის უნივერსიტეტში ჩატარებულ მეცნიერულ კვლევებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ვეგეტარიანელები 2-3-ჯერ უფრო შრომისუნარიანები არიან იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ხორცს მიირთმევენ, ამასთანავე, ვეგეტარიანელებს შესწევთ ძალა 3-ჯერ უფრო სწრაფად აღიდგინონ დახარჯული ენერგია, თუმცა ის პლუსები, რაც ვეგეტარიანელობას ახლავს თან შეიძლება მინუსებად გადაიქცეს და უარყოფითი შედეგი გამოიღოს იმ შემთხვევაში, თუ ვეგეტარიანული დიეტა დაბალანსებული არ არის. მიუხედავად ვეგეტარიანელობის დადებითი მახასიათებლებისა, დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი მაინც აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობა არის არა ვეგეტარიანული საკვების მიღება, არამედ ბალანსირებული კვება, რაც თავის მხრივ გულისხმობს ყველა სახის პროდუქტის მიღებას.
ავტორი: თათა ბერელიძე