საჯარო ლექცია ხელოვნურ განაყოფიერებაზე

განათლება

Petri-Dishes-Blue

საქართველოში ბოლო პერიოდში (განსაკუთებით, საპატრიარქოს მიერ გაჟღერებული საშობაო ეპისტოლეს შემდეგ) მეტად აქტუალური გახდა კამათი ხელოვნურ განაყოფიერებაზე. საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთი მხარე ეწინააღმდეგება ხელოვნურ განაყოფიერებას, რადგან ფიქრობს, რომ ეს მეცნიერული საქმიანობა ადამიანის მორალურ პრინციპებსა და სარწმუნოებას უპირისპირდება, მეორე მხარე კი მას დასაშვებად მიიჩნევს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით 8 თებერვალს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საჯარო ლექცია სახელწოდებით „In vitro განაყოფიერება“. ღონისძიება ორგანიზებული იყო „საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის“ მიერ. ლექცია წაიკითხა  in vitro კლინიკის მეან-გინეკოლოგმა და მედიცინის დოქტორმა ანი მორჩილაძემ.

ქალბატონმა ანიმ ისაუბრა ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა საშუალებასა და მათ სახეებზე. ასევე აუდიტორიას გააცნო ამ თემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები. მათი მიხედვით, საქართველოში 4 ათასამდე ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებითაა დაბადებული. ასევე საუბარი იყო იმ რისკებსა და შედეგებზე, რაც in vitro განაყოფიერებასთანაა დაკავშირებული. ანი მორჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქაერთველოში არსებული ტენდეცია, რომლის მიხედვითაც ამ საკითხით დაინტერესებულ მომავალ მშობელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მედიცინის დოქტორმა ისაუბრა იმ სტერეოტიპული შეხედულებების შესახებ, რაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე არსებობს. მისივე განცხადებით, ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს შუშის თვალები აქვთ, ან სუროგატი დედის გენი ჩანასახშიც გადადის და ბავშვი მას ემსგავსება, ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვი გონებრივად შეზღუდულია და სხვა. ანი მორჩილაძემ გარკვევით აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სტერეოტიპები არცერთი სიმართლეს არ შეესაბამება. In vitro განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები არაფრით განსხვავდებიან ბუნებრივი გზით ჩასახული ბავშვებისაგან.

ლექციის ბოლოს დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე. შესაბამისად, ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დარბაზმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიჩინა in vitro განაყოფიერებასთან მიმართებით.

როგორც ღონისძების ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი მომავალშიც აპირებენ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე საჯარო ლექციების გამართვას.

DSCF1172

DSCF1169 DSCF1088 DSCF1098 DSCF1105 DSCF1109

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები