სირბილაძის მორიგი გოლი

სპორტი

31 იანვარს ირაკლი სირბილაძის „ინტერ ტურკუ“ ფინეთის ლიგის თასზე, სადაც მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები თამაშობენ, TPS-ს დაუპირისპირდა და 2:4 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად იასპარეზა და თავი გამოიჩინა. პირველი გოლი სირბილაძის პასით გავიდა, ხოლო მეოთხე  გოლის ავტორი თავად ქართველი თავდამსხმელი გახდა.

„ინტერ ტურკუს“ შანსების შესახებ ჩვენთან ირაკლი სირბილაძემ ისაუბრა:

„ცოტა ხანში ჩავერთვებით ფინეთის ლიგის გათამაშებაში – ჩემპიონატში, ქვეყნის თასზე და ლიგის თასზე. აქ მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები თამაშობენ, ფინეთის თასის გარდა – იქ ყველა გუნდია წარმოდგენილი. ჩვენ სამივე ჩემპიონატზე ვიასპარეზებთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ლიგის თასს, ჯგუფში 3 გუნდია და ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. „ინტერ ტურკუ“ კარგ ფორმაშია, ბოლომდე ვიბრძვით, ჩემპიონობისა და თასის მოგების შანსი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, ორივე თუ არა, ერთ-ერთი მაინც მოვიპოვოთ – ან თასი, ან ჩემპიონობა.“

შემდეგ შეხვედრას სირბილაძის „ინტერ ტურკუ“ 14 თებერვალს IFK Mariehamn წინააღმდეგ გამართავს.

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები