სილამაზე- საშინელი ძალა (სილამაზის ეფექტი…)

ბლოგი

სილამაზის გავლენა ადამიანთა ცივილიზაციის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ეპოქაში ადამიანურ სილამაზეს აღიქვამდნენ და აფასებდნენ სხვადასხვაგვარად. ანტიკურ ხანაში მას თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ. დასტურად მოვიყვანოთ თუნდაც უძველესი დროის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მოვლენა – ხანგრძლივი და სასტიკი  ომი საბერძნეთსა და ტროას შორის.

1

ლეგენდის მიხედვით, ეს ომი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ მსოფლიოს ულამაზესი ქალი, სპარტის მეფის ცოლი, მშვენიერი ელენე გაიპარა ტროას უფლისწულთან ერთად…
შუა საუკუნეებში ლამაზ ქალებს მიიჩნევდენ ჯადოქრებად და ცოცხლად წვავდნენ კოცონზე, ხოლო მე-16 საუკუნის ცნობილ მხატვარ ბრიუგელის  ნახატები სავსეა უზომოდ მახინჯი ადამიანების გამოსახულებებით.

მაგრამ ყოველთვის მოდიოდა ისეთი დრო, როდესაც სილამაზეს არა მხოლოდ აფასებდნენ, არამედ კვარცხლბეკზეც კი აჰყავდათ. ზუსტად ასე იყო, როდესაც შუა საუკუნეების მერე მოვიდა მშვენიერი რენესანსის ხანა, რომლის სილამაზის ხედვა ასახულია ისეთი დიდი ოსტატების ნახატებსა და სკულპტურებში, როგორებიც არიან:  ლეონარდო და ვინჩი (სხვათა შორის, სწორედ მან, პირველმა გამოთვალა საყოველთაო სამოდელო პარამეტრები 90-60-90) და ცნობილი „დავითის“ სკულპტურის ავტორი მიქელანჯელო, რომელმაც ასევე მშვენიერი სიქსტის კაპელა მოხატა, სადაც თავდაპირველად (სანამ რომის პაპის რისხვა არ გამოიწვია) თვით უფალიც კი ნახევრადშიშველი გამოსახა.

3

ხოლო თანამედროვე სამყაროში სილამაზე წარმოადგენს აბსოლუტურ კულტს: ლამაზი ადამიანები გვიყურებენ სარეკლამო ბანერებიდან, გლამურული ჟურნალების ყდებიდან და, რა თქმა უნდა, ტელევიზორების ეკრანებიდან, მათი გამოსახულებებით „გატენილია“ ინტერნეტ-სივრცე. „მედია-ქრონიკები“ სავსეა ფანტასტიურად ლამაზი ქალებისა და მამაკაცების ისტორიებითა და ფოტოებით; ბავშვთა კვების პროდუქტების ყუთებიდანაც კი დაუჯერებლად ლამაზი ჩვილები გვიყურებენ!

4
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სილამაზის იდეალები განსხვავებულია. ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომლებმაც ჩაატარეს მრავალი შედარება და გამოთვლა, ოფიციალურად დაასახელეს გოგონა, რომელსაც მიიჩნევენ ქალური სილამაზის იდეალად. ეს გოგონაა პატარა რესტორანში მომუშავე 18 წლის ბრიტანელი ფლორენს ქოლგეითი (თანაც ლამაზმანს ნამდვილად არ არცხვენს თავის გვარს: სურათშივე ჩანს, რომ იდეალური კბილები აქვს 😀 ). ფლორენსმა გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ბრიტანეთის ულამაზესი სახე“ (Britain’s Most Beautiful Face) საზოგადოებრივი არჩევნების შედეგად. მისი გარეგნობა მაკიაჟისა და ყოველგვარი პლასტიკური ჩარევის გარეშე მიიჩნიეს კლასიკური სილამაზის იდეალად.

5
და ამ სილამაზის ტრენდების პერმანენტული ცვალებადობის მიუხედავად, ერთი რამ უცველია  – ყველა დროსა და ეპოქაში ადამიანები ძალიან ბევრს რისკავდნენ და სერიოზულ მსხვერპლზე მიდიოდნენ, რათა უფრო ლამაზები გამხდარიყვნენ.
ზოგიერთმა ლიტერატურულმა პერსონაჟმა (დორიან გრეის თამადობით 😀 /მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ოსკარ უაილდის რომანის მთავარი გმირი, დორიან გრეი) სულიც კი  მიჰყიდა ეშმაკს, ხოლო უბრალო მოკვდავები კი ყოველგვარ ხერხსა და ეშმაკობას მიმართავდნენ, რათა უფრო ლამაზები გამოჩენილიყვნენ სხვის თვალში. მათ უმეტესობას ავიწყდებოდათ, რომ გარეგნული სილამაზე, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ წუთისოფელში, არ არის მარადიული.

6
ახლა კი ვისაუბრებთ, თუ რა გავლენს ახდენს ცალკეული ინდივიდების გარეგნული მიმზიდველობა სხვა ადამიანებზე და ასევე, ვეცდებით, გავცეთ პასუხი კითხვას: უფრო მარტივია თუ არა ცხოვრებაში წარმატების მიღწევა ლამაზი ადამიანებისთვის, სხვებთან შედარებით და არიან თუ არა ისინი უფრო ბედნიერები?
როგორც ცნობილია, ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები არ ანიჭებენ მნიშვნელოვნებას ისეთ ზედაპირულ თვისებებს, როგორიცაა ლამაზი გარეგნობა, რადგან მათ იციან, რომ შინაგანი სილამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ანუ ეს აზრი მეტაფორულად რომ გამოვხატოთ, „წიგნი უნდა შეფასდეს არა მისი ყდით, არამედ მისი შინაარსის მიხედვით“.
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი რომაელი პოეტი და საზოგადოებრივი მოღვაწე ციცერონი გვირჩევდა : „უმაღლესი ღირსება და ბრძენის მთავარი მოვალეობაა – არ ჩავარდეს სილამაზის ტყვეობაში“.

მაგრამ, ამის მიუხედავად, იმის მტკიცება, რომ გარეგნობა საერთოდ არაფერს ნიშნავს, არის საკმაოდ აბსურდული, რადგანაც დღესდღეობით არსებობს უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ გარეგნობას რეალურად დიდი მნიშვნელოვნება გააჩნია. ხოლო ლამაზი გარეგნობა კი ძალიან ღირებული თვისებაა.

მიმზიდველობის_გავლენა

გამოკვლევებითაა დადგენილი, რომ ადამიანები ავტომატურად ანიჭებენ  მიმზიდველი გარეგნობის მქონე ინდივიდებს  ისეთ დადებით თვისებებს, როგორიცაა ნიჭი, სიკეთე, ინტელექტი და ხშირად ვერც კი ხვდებიან, თუ რაოდენ დიდ გავლენას თამაშობს ფიზიკური მიმზიდველობა მათ მიერ ადამიანთა აღქმაში. მაგალითად, 1974 წელს კანადაში ჩატარებული ფედერალური არჩევნების ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ  უფრო სიმპათიურმა კანდიდატებმა  2,5-ჯერ მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე დანარჩენებმა. ამის მიუხედავად, კანადელი ამომრჩევლების 73% მტკიცედ უარყოფდა მათ არჩევანზე გარეგნობის ეფექტის გავლენას; საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა მხოლოდ 14%-მა დაუშვა ამდაგვარი გავლენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენები სხვა ქვეყნების არჩევნების ანალიზის დროსაც შეიმჩნეოდა.
დადებითი შედეგი იქნა ასევე მიღებული იმ გამოკვლევის შედეგად, რომლის დროსაც განისაზღვრებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  რაიმე საპასუხისმგებლო თანამდებობის  პრეტენდენტების გარეგნული იერი. მოდელირებული ინტერვიუების დროს დამსაქმებლები საკმაოდ ხშირად, უფრო მეტ ყურადებას აქცევდნენ  კანდიდატების გარეგნობას, ვიდრე მათ პროფესიულ უნარებს. ამავდროულად, გასაუბრების წარმმართველი მენეჯერები ამტკიცებდნენ, რომ გარეგნობა, პრაქტიკულად არ ახდენდა გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე.

 9

სხვა ექსპერიმენტებმა აჩვენა,  რომ ლამაზი ადამიანები უფრო ხშირად იღებენ დახმარებას, როდესაც ის მათ სჭირდებათ. ორივე სქესის წარმომადგენლები რეაგირებენ მიმზიდველ გარეგნობაზე დაახლოებით ერთნაირად. ასე, ბენსონის გამოკვლევის თანახმად, სასიამოვნო გარეგნობის ქალები და მამაკაცები დახმარებას იღებენ საკუთარი სქესის წარმომადგენლებისგან  უფრო ხშირადაც კი, ვიდრე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაგან. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც მიმზიდველი ადამიანი განიხილება, როგორც კონკურენტი. ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიმპათიურ ადამიანებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი უპირატესობები. ისინი უფრო მეტად მოსწონთ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს, უფრო დამაჯერებლები არიან, ასევე, მათ უფრო ხშირად მიიჩნევენ ხასიათის უფრო სასურველი თვისებების მქონეებად.

11

ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, ადამიანს ექმნება წარმოდგენა სოციალური სარგებლების შესახებ, რომლებიც განპირობებულია ლამაზი გარეგნობით. საკმაოდ საინტერესო მონაცემები იქნა მიღებული ფსიქოლოგების მიერ სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად (აშშ-ს მისურის შტატში და არა მხოლოდ). აღმოჩნდა, რომ ზრდასული ადამიანები ნაკლებ მნიშვნელოვნებას ანიჭებენ აგრესიულ ქმედებებს, თუ მათ ჩაიდენენ ლამაზი ბავშვები, ხოლო მასწავლებლები კი თვლიან, რომ ლამაზი ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი ნაკლებად სიმპათიურები თანატოლები. სამწუხაროდ, ბევრი ეთანხმება ეგრეთ წოდებულ „ბარტ სიმფონნის ეფექტს“, რომელიც ნიშნავს, რომ შეუხედავი მოზარდები ნაკლებად მოხერხებულნი და სოციალურად მომზადებულნი  არიან, ვიდრე მათი უფრო ლამაზი თანატოლები.
ასევე დამტკიცებულია, რომ არა მხოლოდ ზრდასული ინდივიდები მიიწევენ სხვა მიმზიდველი „დიდებისკენ“, არამედ პატარა ბავშვებიც  მიიწევენ ლამაზი თანატოლებისაკენ. უფრო მეტიც, ჩვილი ბავშვებიც კი ლამაზ სახეებს ანიჭებენ უპირატესობას. ალან სლეიტერი, ექსეტერის უნივერსიტეტიდან,მიიჩნევს, რომ ასეთი რეაქცია არის არა შეძენილი პირობითი რეფლექსი, არამედ ადამიანის ტვინის თანდაყოლილი თავისებურება. იგი  აჩვენებდა ჩვილებს ადამიანების ფოტოებს და მათი თვალების მოძრაობებს აფიქსირებდა. ლამაზი ადამიანების სურათები ბავშვებს სიამოვნებას ანიჭებდა – ისინი დიდხანს აჩერებდნენ მათზე თვალს, ხოლო ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრმა – ჰანს ბრეითერმა ტომოგრაფის მეშვეობით დაადგინა, რომ ჩვილების ტვინში ნათლად შეიმჩნეოდა  სიამოვნების ცენტრების გააქტიურება.

12

-1%___სილამაზეს

საინტერესო გამოკვლევები ჩაატარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის  ეკონომისტმა ენრიკეტტა რავინამ, რომელმაც, ფიგურულად რომ ვთქვათ, „გადაცვალა სილამაზე ფულზე“. მან შეისწავლა საკმაოდ ცნობილი საკრედიტო სერვის Prosper.com-ის კლიენტების საკრედიტო ისტორიები. ამ სერვისის მომხმარებლებს შეუძლიათ ისესხონ ერთმანეთისგან ფული, მაგრამ ამისთვის მათ უნდა მიაწოდონ კრედიტორს ვრცელი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და ამასთანავე, ატვირთონ ფოტოსურათი. როგორც სხვა მსგავს ექსპერიმენტებში, რავინამ თავდაპირველად დამოუკიდებელ ექსპერტებს სთხოვა შეეფასებინათ Prosper.com-ის კლიენტების მიმზიდველობა, ხოლო ამის შემდეგ კი გამოიკვლია პირობები, რომლითაც კლიენტები იღებდნენ კრედიტებს.
ერთი შეხედვით, კრედიტორები საკმაოდ რაციონალურად იქცეოდნენ – უფრო მაღალი მზადყოფნით აძლევდნენ სესხებს მაღალი საშუალოწლიური შემოსავლის მქონე კლიენტებს კარგი საკრედიტო ისტორიით… მაგრამ მსესხებლების გარეგნობა მაინც ახდენდა გავლენას კრედიტორთა გადაწყვეტილებებზე: Prosper.com-ის  თანაბარშემოსავლიან კლიენტთა შორის სესხს უფრო ხშირად უმტკიცებდნენ უფრო კარგი გარეგნობის პატრონებს. გარდა ამისა, ისინი უფრო ხელსაყრელ პირობებსაც კი  აღწევდნენ – მათი კრედიტების  საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით.

მაშ ასე, არის თუ არა ბედნიერება დამოკიდებული გარეგნულ სილამაზეზე? – რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება თამამად – არც ყველა ლამაზი ადამიანია ბედნიერი და არც ყველა ბედნიერი ადამიანია  ლამაზი.
თავისთავად ცხადია, რომ მიმზიდველ ადამიანებს უფრო მეტი არჩევანი აქვთ მეორე ნახევრის პოვნის დროს. მაგრამ რაოდენ სერიზოული იქნება ურთიერთობა და რამდენ ხანს გასტანს – ეს უკვე საერთოდ სხვა საკითხია. თანაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამწუხაროდ  მდიდარ არჩევანს საკმაოდ ხშირად შეცდომებამდე მივყავართ.

  და რაოდენ ბანალურად და მიამიტურადაც არ უნდა ჟღერდეს, მთავარია, ადამიანის შინაგანი განწყობა… კი, რა თქმა უნდა, „შინაგანი სილამაზე“  ცნობილი და საკმაოდ „გაცვეთილი“ გამონათქვამია, მაგრამ მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ყოველთვის აისახება ჩვენს გარეგნობაზე. გავიხსენოთ თუნდაც, რამდენჯერ შევხვედრილვართ  განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებიც აშკარად არ გამოირჩეოდნენ უნაკლო სახის ნაკვთებითა ან სხეულით, მაგრამ მათი მდიდარი და ჰარმონიული შინაგანი სამყარო  არა მხოლოდ მთელს მათ არსებას ავსებს, არამედ  თითქოს ანათებს  თავისი განუმეორებელი ნათებით და ეს „შარავანდედი“ იზიდავს  ყველას  მათ  ირგვლივ.

ამიტომ დავფიქრდეთ, იქნებ გვიღირს ცოტა ნაკლები ყურადღება მივაქციოთ საკუთარ გარეგნობას და ვეცადოთ, გავაუმჯობესოთ და ჰარმონიაში მოვიყვანით ჩვენი სულიერი მდგომარეობა. როგორც ერთი, ახალგაზრდა თაობაში საკმაოდ პოპულარული, მწერალი (რომლის სახელიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს :D) გვირჩევს: „შეიგრძენი თავი ბედნიერად…და იგრძნობ, რომ დღითიდღე უფრო ლამაზი ხდები!“

 14

ავტორი : გიორგი გასპარიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები