27 დეკემბერს თბილისი ივენთ-ჰოლში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო 2013 წლის სპორტულ მნიშვნელვან მოვლენებს. ივენთ-ჰოლში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.
საღამოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროს წარმომადგენლები, სპორტსმენები, სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ, გულშემატკივარს კი შეეძლო, საზოგადოებრივი მაუწყების პირველ არხზე პირდაპირ ეთერში დაჯილდოვებისთვის თვალი ედევნებინა.
2013 წლის მანძილზე ნაჩვენები სპორტული შედეგების გათვალისწინებით, 10 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა:
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გახდა;
საუკეთესო პარასპორტსმენი – ბესიკ ლეგიაშვილი (მკლავჭიდი)
საუკეთესო არაოლიმპიელი სპორტსმენი – ვახტანგ ჩიდრაშვილი(სამბო)
საუკეთესო მსაჯი – ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო)
საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ხელბურთის ფედერაცია
საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები
საუკეთესო მენეჯერი – გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი)
საუკეთესო ქალი სპორტსმენი – მარიამ ჯანაშვილი (ძიუდო)
საუკეთესო მწვრთნელი – ირაკლი უზნაძე (ძიუდო)
საუკეთესო სპორტსმენი, კი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (გუნდური), ევროპის ჩემპიონი (პირადი და გუნდური) ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა.
ამ ნომინაციების გარდა 3 სპეციალური პრიზი იყო დაწესებული, რომელიც ასე გადანაწილდა:
მასობრივი სპორტის განვითარებისთვის: პროექტი „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“, დაჯილდოვდა ბადრი ქარქაშაძე.
წლის აღმოჩენა: წყალბურთის ეროვნული ნაკრები.
ქართული სპორტის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის: საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კი სიგელი ნუგზარ ჯუღელს გადაეცა, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ხატია ცარციძე