თსუ–ს სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულებები გაიმართებ

სტუდენტური ცხოვრება

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014 წელი გამორჩეულად დაიწყება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს თსუ–ში სტუდენტებისთვის გაცილებით მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთაც არამარტო სტუდენტური თვითმართველობა, არამედ სტუდენტების მიერ შექმნილი სხვადასხვა საინიაციატივო ჯგუფიც აწყობს.

ერთ–ერთი ასეთი ღონისძიება „new year  party“ 20 დეკემბერს, 17 საათზე თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით გაიმართება. წვეულება 2500 სტუდენტზეა გათვლილი და ის ტრადიციულად კლუბ „ტრიუმფში“ მოეწყობა. ბილეთი უფასოა, შესაბამისად ღონისძიებაზე  დასწრება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისიერ სტუდენტს თავისუფლად შეეძლება. მსგავსი წვეულება წინა წლებში უკვე რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა, თვითმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ სოფო ჩიტაძის განცხადებით, წლევანდელი ღონისძიება გაცილებით საინტერესო იქნება:

„გვინდოდა, რომ „new year  party“ ყოფილიყო გასხვავებული  და  არ ყოფილიყო მხოლოდ კლუბური სიტუაცია; ამიტომაც აქ მოსულ სტუდენტებს  დახვდებათ კონცერტი და საშუალება ექნებათ მოისმინონ მათთვის საყვარელი ჯგუფის „ფრანის“ რეპერტუარი. ასევე გამოვა  „თსუ არტი“ თავისი შოუ–პროგრამით, საღამოს კი დაასრულებს DJ. მოსულ სტუმრებს ელოდებათ ძალიან ბევრი და საინტერესო პრიზი. თითოეულ ბილეთს მინიჭებული აქვს  შესაბამისი  უნიკალური კოდი, რომლის მიხედვითაც გავათამაშებთ სხვადასხვა ფასიან საჩუქრებს“.

სოფო ჩიტაძის თქმით, თვითმართველობა ყველანაირად ცდილობს სტუდენტების ინფორმირებას ამ ღონისძიების შესახებ:

„პოსტერები გაკრულია ყველა კორპუსში, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია თითოეულ სტუდენტს.  გვაქვს ოფიციალური გვერდიც,  საიდანაც სტუდენტებს ეგზავნებათ ინფორმაცია მოსაწვევის სახით“.

1470246_564261160326899_2070901138_n

რაც შეეხება თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, ნაწილი უარყოფითადაა განწყობილი თვითმართველობის მიერ ორგანიზებულ საახალწლო წვეულებაზე, ზოგი კი მიესალმება და აღნიშნავს, რომ სიამოვნებით დაესწება „new year  party“–ს.

მარიამ ცინცაძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი:

„მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ წვეულებაზე წასვლას, რადგან არ მიყვარს მსგავსი ღონისძიებები, მაგრამ შეიძლება არის ბევრი სტუდენტი, რომელსაც  უნდა წასვლა“.

თამარ გოგუაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: „ჯერ არ მსმენია ამ ღონისძიების შესახებ, მაგრამ თუ მოვასწრებ და ჩემი მეგობრებიც წამოვლენ სიმავონებით დავესწრები“.

მარიამ ქაჯაია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი: ,,ფართი, როგორც ვიცი, სტუდენტური თვითმართველობის მიერ ყოველ წელს იმართება, მაგრამ ყოველთვის დაგვიანებით ვიღებ ხოლმე ინფორმაციას და თანაც მიმაჩნია, რომ უაზრობაა ყველაფერ ამაში ფულის ყრა. რამე უფრო სასარგებლო რომ გააკეთონ ამ თანხით, ვთქვათ, კიდევ ერთ სტუდენტს მისცენ სტიპენდია,  უკეთესი იქნება“.

ნათია სისაური, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი:    ,,ძალიან მომწონს ეს იდეა და ზოგადად ყველა სტუდენტმა იცის, რომ საახალწლოდ  არის „ფართი“, რომელიც  „ტრიუმფში“ იმართება ხოლმე.  ვფიქრობ, უმჯობია ისეთ კლუბში ჩატარდეს, რომელიც უკეთესია, მაგალითად „სენატში“, სადაც  უფრო ორგანიზებული სახე ექნება“.

მეორე ღონისძიება, „TSU Legal Christmas“ „ფართი“,  რომელიც ასევე საკმაოდ მასშტაბური იქნება, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25 დეკემბერს 22:00 საათზე, კლუბ „სენატში“ გაიმართება. წვეულებას აქვს   დრეს-კოდიც, აუცილებელია, ყველა სტუდენტმა თან იქონიოს ნიღაბი. ღონისძიება ამავე დროს საქველმოქმედო ხასიათისაცაა. იურიდიული ფაკულტეტის სახელით შეგროვილი ნივთები მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლებს გადაეცემათ.

ერთ–ერთი ორგანიზატორის ანუკი მგელაძის განცხადებით, წვეულება  300 კაცზე იქნება გათვლილი. მისი თქმით, იმის გამო რომ ძალიან გაუჭირდათ სპონსორი კომპანიის მოძებნა, ბილეთი ფასიანი იქნება:

„300 კაციანი „ივენთის“ გაკეთება არც ისე იაფი ჯდება, მაშინ როდესაც ლექტორებსა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვპატიჟებთ და მათ თანხასაც ჩვენ ვიხდით…  გვქონდა მცდელობა შიდა პარტნიორების მოძებნისა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა.  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ქალბატონ თამარ ზარანდიას ხელმძღვანელობით, აქტიურად გვიდგას მხარში; ასევე თსუ–ს ადმინისტრაციის ნებართვით დაგვიბეჭდა სტამბამ  200 მოსაწვევი“.

მისი თქმით, მათ ჰყავთ „გარე“ პარტნიორები, რომლებიც წვეულებაზე გაათამაშებენ პრიზებს. ამ პარტნიორებიდან, ერთ–ერთმა მათგანმა, გამოყო თანხა 200 ლარის ოდენობით, რაც დარბაზის დასაჯავშნად დაიხარჯა. მეტი თანხის მოგროვება ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს იმის გამო, რომ ბილეთის ფასი სტუდენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

„ არის 20 ლარიანი მოსაწვევები – შედის 1„shake“. სტუდენტები ამ მოსაწვევით მხოლოდ ფეხზე იდგებიან; 30 ლარიან მოსაწვევში შედის 1 „shake“ და მაგიდასთან დაჯდომა; არის ასევე VIP მაგიდა, რომელიც 1 ადამიანისთვის ღირს 50 ლარი – მასში შედის მაგიდასთან დაჯდომა და მცირე საახალწლო სუფრა.  ამჟამად, უკვე ყველა VIP ადგილი გაყიდულია“–ამბობს ანუკი მგელაძე.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც თსუ–ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები აწყობდნენ 18 დეკემბერს  კლუბ „Famous Tbilisi“- ში, ჩაიშალა. მისი ერთ–ერთი ორგანიზატორის, გიორგი დავითაშვილის განცხადებით, სტუდენტების მხრიდან აქტიურობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ღონისძიება შემდგარიყო.

გარდა აღნიშნული წვეულებებისა, წინასაახალწლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილია კიდევ მრვალი ღონისძიება: ჩატარდება სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, ევროკავშირის მოდელირება და სხვადასხვა საინტერესო „ივენთი“, რომელებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ.

მოამზადა გურანდა ძამელაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები