საქართველოს დიადი წარსულის ნანგრევებზე ამოზრდილი ახალი შენობები თბილისში

შემეცნება

03well-tblisi1-custom7

თბილისის ახალი ნათელი არქიტექტურული ჰორიზონტი პოლიტიკურად განიხილება საქართველოში. არის ეს კულტურული ისტორიის ხელისშემშლელი კომერციონალიზმი თუ ნაბიჯი პროგრესული საზოგადოებისაკენ?

ძველი თბილისის შუაგულში დგას რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, რომელიც საკმაოდ ძველია. მის გარშემო გოგირდის აბანოებია. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ გადაწყვიტა ქალაქის აგება მეფე ვახტანგ I-მა V საუკუნეში.

ჩემი აზრით, რ. გაბრიაძე  საქართველოს ეროვნული განძია. 10 წლის წინ პირველად ვესტუმრე თბილისს, სწორედ მაშინ ვნახე მისი დადგმული „სტალინგრადის ბრძოლა“ და ამიტომ შემიყვარდა ეს ქალაქი. შემიძღვნენ თუ არა ნესტიან, სარდაფიან შენობაში, მაშინვე მომაჯადოვა გაბრიაძის პაწაწინა მარიონეტულმა ტანკებმა, რომლებიც შოსტაკოვიჩის დაძაბული ჰანგების ფონზე იბრძოდნენ. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო ჩემთვის.

03well-tblisi1-custom5

თეატრი ფაქტიურად დანგრეული იყო, თუმცა, ასეთივე იყო მთელი ქალაქიც. ძველისძველ შენობებს დაეკარგათ უამრავი დახვეწილი ქვა, რომელთა ნაკეთობის სტილიც პირველად ბიზანტიელებმა გააცნეს ქართველებს. ჩამწკრივებული გისოსებიანი აივნები კი თავიანთი ნატიფი სტრუქტურით, რომლებიც ოსმალების მფლობელობის პერიოდში გავრცელდა, მოუვლელობისაგან ლპებოდა. ყველგან სიბინძურე იყო. შენობების მთავარი ხედი მათი სანაგვეები გახლდათ.

თუმცა ვერაფერი უკარგავდა ქალაქს თავის სილაღესა და რომანტიკულობას. სახლები ისევ ისე იყვნენ გადაკიდებულნი კლდეებზე მტკვრის პირას, როგორც საუკუნეების წინ. თითქოს, სადაცაა, წონასწორობას დაკარგავენო. გამაბრუებელი გოგირდის სურნელი იდგა გუმბათოვან ძველ აბანოებში, სადაც ოდესღაც, პუშკინი ეტრფოდა მობანავე ქართველ ქალიშვილებს. მაღლა, კლდეებიდან ნარიყალას ციხესიმაგრის ნანგრევები თითქოს IV საუკუნიდან გადმოსცქეროდა ქალაქს.

ისტორიამ არ დაინდო თბილისი. სპარსებს, ბიზანტიელებს, ოსმალებს, რუსებსა თუ საბჭოთა კავშირს, ყველას თავისი მიზნები ამოძრავებდა. თუმცა, თითოეულმა რაღაც კარგიც შეჰმატა მას. შედეგად მივიღეთ ქალაქი, რომელიც ბორის პასტერნაკმა შეადარა ქიმერას – მითიურ ცხოველს დასავლეთისაკენ მომზირალი თავითა და აღმოსავლეთისაკენ მიმართული სხეულით. თბილისი ბოლო დროს კიდევ უფრო დამშვენდა. იტალიელმა არქიტექტორებმა მის მრავალფეროვან არქიტექტურას, მინისა და ფოლადის მეშვეობით თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ელვარება შემატეს.

ახალი შენობა-ნაგებობები ნამდვილად საოცარია. თუმცა არის კი მათი ადგილი ხანგრძლივი ისტორიის მქონე იმპერიის ფესვებზე?

აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა ისევეა პოლიტიკური, როგორც ესთეტიკური. საქართველოსთვის ეს ახალი შენობები მსოფლიოში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება გახდა. ეკუთვნიან კი ისინი მართლაც ევროპული არქიტექტურის კოსმოპოლიტურ სფეროს? თუ პასტერნაკის მოსაზრების მსგავსად, თბილისი კვლავ დროში დაკარგულად რჩება, როგორც „ქალაქი სხვა სამყაროდან“?!

შეუძლებელია, ვერ შემემჩნია, თუ რამდენად შეიცვალა ქალაქი მას შემდეგ, რაც ბოლოს ვიხილე, 4 წლის წინ. გაბრიაძემ 2010 წელს განახლებული თეატრი გახსნა. მან ისეთივე უცნაური ჟინითა და მონდომებით მორთო იგი, როგორითაც ის თავის თოჯინებს ამზადებს. თეატრს ამშვენებს მისივე ხელნაკეთი ქვებით მორთული გადახრილი კოშკი, სახურავზე აღმოცენებული ბროწეულის ხითა და უზარმაზარი საათით, რომლის ისრებსაც ოქროსფრთიანი ანგელოზი ამოძრავებს.

ცვლილებები მეტად მოუხდა თეატრს. მთელი მისი შემოგარენი, რასაც ისტორიული ცნობები „ძველ ტიფლისად“ მოიხსენიებენ, განახლებულად და გამოცოცხლებულად გამოიყურება. სახლები ნათელ ფერებადაა შეღებილი. მათი მოშვებული აივნები, თითქოს წელში გამართულან და განახლებულან. ქუჩებში სისუფთავეა და არაერთი კაფე და რესტორანია გახსნილი.

ამჯერად პირველად მომეცა შანსი მტკვარზე აგებული მშვიდობის ხიდის ნახვისა, რომელიც 2010 წელს გაიხსნა. იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუჩიმ იგი 1200 ტალღოვანი მინის ფილით გადახურა, რამაც საოცარი ელვარება შესძინა მას.

03well-tblisi1-custom3

თავისუფლების მოედანთან ახლოს, ქალაქის შუაგულში დგას შენობა, რომელიც გადახურულია მილისებრ ღეროებზე დამაგრებული თეთრი ლითონის გიგანტური ყვავილის ფურცლებით. ეს გახლავთ თბილისის ახალი იუსტიციის სახლი, რომელიც იტალიელმა მასიმილიანო და დორიანა ფუკსასებმა დააპროექტეს. ის მართლაც უზარმაზარია. ცენტრალურ დარბაზში ქართველები ქორწინდებიან, იძენენ ახალ საცხოვრებელს, იხდიან გადასახადებს და ახორციელებენ მრავალგვარ ოფიციალურ საქმიანობას ყოველგვარი დარღვევის გარეშე, რაც მათთვის სიახლეს წარმოადგენს. ეს გრანდიოზული არქიტექტურა ქართული ბიუროკრატიის ღირსების ასამაღლებლად შეიქმნა. „5 წუთში ყოველგვარ საქმეს ვრჩები, რაც არც თუ ისე მიხარია, რადგან აქ ყოფნა მართლაც სასიამოვნოა და სულაც არ მსურს წავიდე“, მითხრა ერთმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა.

თუმცაღა, შექებასა და აპლოდისმენტებს ტყუილად მოელით. მთელი მათი ხიბლის მიუხედავად, ქართველები მეტად ფიცხები არიან. თბილისის ამ სახეცვლილებამ ბევრი მათგანი გააღიზიანა. მრავალი მხრიდან ისმის საჩივრები. მთავრობას ადანაშაულებენ კერძო მესაკუთრეთა წაქეზებაში, რომლებმაც კომერციული მიზნები ამჯობინეს თბილისის ისტორიული სახის შენარჩუნებას მისი აღდგენის დროს. ადგილობრივი მსახიობი გიო სუმბაძე ამ ყოველივეს „ფასადურს“ უწოდებს.

სუმბაძის აზრი ყურადსაღებია. ზოგიერთი გათანამედროვებული ფასადის მქონე შენობა მართლაც ძალიან ძველი და გამორჩეულად ხარისხიანად ნაგები იყო. მაგრამ სინამდვილეში მთავრობას სჭირდებოდა გარკვეულ დათმობაზე წასვლა, კერძო დეველოპერთა სტიმულირებისათვის. მხოლოდ მთავრობა ვერ შეძლებდა ძველი თბილისის აღდგენას. გარდა ამისა, კომუნისტები 4-5 ოჯახს აიძულებდნენ ერთად ცხოვრებას ისეთ სახლებში, რომლებიც ერთი ოჯახისათვის იყო გათვლილი, რაც ხელს უწყობდა საცხოვრებელთა სწრაფ ცვეთას. ამიტომ მათი განახლება აუცილებელი იყო.

მე ვისეირნე ისტორიულ უბნებში, მაია მანიასთან ერთად, რომელიც თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიის პროფესორია და ერთ-ერთი მოწინააღმდეგე განახლებული ძველი თბილისისა. მან მიმითითა ერთ ძველ შენობაზე და მითხრა: „შეხედე, მათ მოაცილეს ძველი ქვები და აგურით მოაპირკეთეს იგი! მიაშენეს აივანი. რა საჭირო იყო ეს?“. ბოლოს ჩვენ შევედით ლამაზ ღია ეზოში, რაც ძველი ქართული ტრადიციული სახლების დამახასიათებელი ნაწილია. მაიამ ისინი შეხამებულად მიიჩნია. „წარმოუდგენელია, რაც მათ ძველ თბილისს გაუკეთეს. არაფერს ვიტყოდი, მათ რომ ნამდვილი რესტავრაცია ჩაეტარებინათ ათიოდე სახლისათვის“, – მითხრა მან, გულწრფელად შეშფოთებულმა.

უამრავ თბილისელს მიაჩნია, რომ ახალი შენობები შეუფერებელი და გამაღიზიანებელია. ახალი მშვიდობის ხიდს დასცინიან  და მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „ოლვეის ულტრას“, რადგან ის ქალის ჰიგიენურ საფენს წააგავს. „ვფიქრობ, ახალი ხიდი მშვენიერია, თუმცა, უკეთესი იქნებოდა სადმე ამ ადგილიდან მოშორებით, ვთქვათ, რომელიმე გარეუბანში დაედგათ“, – ამბობს ნინო სუხიშვილი, რომელიც თავის ძმასთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს ქართულ ნაციონალურ ბალეტს, რომელიც მათი ბებიისა და ბაბუის დაარსებულია.

არავითარი პირადი შუღლი არ გამხდარა მიზეზი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი – მოხერხებული მილიარდელი, ჩაერთო აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა დაემარცხებინა საქართველოს ამჟამად ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დგას თბილისის ამ არქიტექტურული აღორძინების უკან. ბიძინა ივანიშვილი – ამჟამად საქართველოს პრემიერ მინისტრი, არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას თბილისის ახალი შენობების მიმართ და საქარველოს თვითმყოფადობისათვის შეუფერებლად და ტყუილუბრალო დანახარჯებად მიიჩნევს მათ.

სააკაშვილმა ძალაუფლება 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს მოიპოვა. ის გაბედული და ქარიზმატული იყო, ისევე, როგორც მის გვერდით მდგომი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებიც მასთან ერთად მოვიდნენ მთავრობაში. ისინი გადაჭარბებული პოპულარობითა და კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. ისევე, როგორც პეტრე დიდი, სააკაშვილიც ეცადა იტალიური არქიტექტურის მეშვეობით შეებიჯებინა პროდასავლური თანამედროვეობის ოქროს ხანაში.

ეს მიზანი ნამდვილად ღირებული იყო პოსტსაბჭოთა სიღარიბესა და კორუფციაში ჩაფლული ქვეყნისათვის. თუმცა, პრობლემა იყო ის, რომ სააკაშვილი იღწვოდა უფრო, როგორც მეფე და არა როგორც არჩეული პრეზიდენტი.  აზრთა სხვადასხვაობა იგმობოდა უხეშად და ზოგჯერ სასტიკადაც კი. ვარდების რევოლუციაც თითქოს ამ სისასტიკეში დაჭკნა. 2012 წლის ოქტომბერში საქართველომ საბოლოოდ შეძლო არჩევნების გზით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩამოცილება ხელისუფლების მთავარი მმართველი ძალიდან. სააკაშვილმა კი თავისი პრეზიდენტობის ვადა 2013 წლის ოქტომბერში ამოწურა.

ივანიშვილი სულაც არ აღმოჩნდა ლმობიერი მმართველი. მას თითქოს, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის სიძულვილი უფრო ამოძრავებს, ვიდრე საკუთარი ხედვა და მიზნები. მან 100-ზე მეტ ნაციონალ პოლიტიკოსს წაუყენა ბრალდებები და ზოგი მათგანი გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა სასამართლოს მოლოდინში.

ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩაახშო თბილისის ყოველგვარი არქიტექტურული აღორძინება. ძველი ქალაქის გასწვრივ, სანაპიროზე, ასევე ფუკსასების მიერ დაპროექტებული მუსიკის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის გასაყარზე, ბულდოზერები უმოქმედოდ დგანან. ეს უნდა ყოფილიყო ორი უზარმაზარი მილის ფორმის შენობა, რომლებიც ახლა „ოზიმანდიას“ ფოლადის ფეხების მსგავსად დგანან. მათ უმეტესობას, ვისაც მე ვესაუბრე, მაინც არასდროს მოსწონდა ისინი, რადგან მართლაც ტლანქად და უცნაურად გამოიყურებიან ამ ადგილზე.

თუმცა, ეს არ გამხდარა მიზეზი გასული წლის ნოემბერში თეატრის ქართველი ხელმძღვანელის დაკავებისა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არალეგალური თანხების მიღებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოაქვეყნა განცხადება: „როგორც ჩანს, პრემიერ მინისტრს თეატრის შენობა თავისი რეზიდენციისკენ მიმართული ქვემეხების ლულა ჰგონია, რომელიც მას გასანადგურებლად ემუქრება. მართალია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ისეთი შეგრძნება  მაქვს, რომ დღეს საქართველოში ადამიანები სწორედ გემოვნების გამო ისჯებიან.“

მე შევხვდი უგულავას თავის ოფისში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ თანამედროვე შენობაშია. 38 წლის ასაკში- იგი სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერია ვარდების რევოლუციის დროიდან. მან მითხრა: „ივანიშვილის სურვილი დაანგრიოს თეატრი ან მშვიდობის ხიდი, სულაც არ არის კავშირში არქიტექტურასთან; მას უბრალოდ სურს მოიცილოს ყველაფერი სააკაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდიდან. ამას გარდა, თავად ივანიშვილის სახლი იყო პირველი თანამედროვე მინის შენობა თბილისში.“

შეუძლებელია ვერ შენიშნოთ იგი გორაზე, თბილისის თავზე. 50 მილიონ დოლარიანი ზღაპრული შენობა, რომელიც თითქოს ჯორჯ ჯესტონს ელოდება თავისი ვერტმფრენით დასაშვებად. ივანიშვილი, რომელსაც მეტად უყვარს განმარტოვებით მუშაობა, სწორედ აქ მუშაობს თავისი ოფისის ნაცვლად. კომპლექსი მოიცავს მის პირად ზოოპარკს, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ ჰირშტის, კოონსის, ლუჩიან ფრეუდის, ლიხტენშტეინის და ჰენრი მურის ხელოვნების ნიმუშებზე (თბილისში მყოფი ნახატები მხოლოდ ასლებია, ივანიშვილი ორიგინალებს ლონდონში ინახავს). ივანიშვილის სიმდიდრე – 6 მილიარდი დოლარი, რომელიც მან რუსეთში მოუწესრიგებელი პრივატიზაციის პერიოდში დააგროვა, დაახლოებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს წარმოადგენს.

ქართველი ხალხი ყველაზე კარგად იცნობს ხელისუფლების ცვალებად ხასიათს. მათ დიდი გამოცდილება აქვთ იმპერიის ნანგრევების გადამუშავებისა. რუსთაველის გამზირს –  თბილისის მთავარ არტერიას მიუყვება რუსეთის და საბჭოეთის მფლობელობის პერიოდის შენობები. თემურ უგულავა სწორედ ახლა მუშაობს ერთ-ერთი მათგანის – 1970 წელს აგებული უზარმაზარი საბჭოთა სტამბის კომფორტულ სასტუმროდ გადაკეთებაზე. ის ყველა საბეჭდი აპარატურის შენახვას აპირებს, რომლებითაც „პრავდას“ ასლები იბეჭდებოდა გასულ საუკუნეში. „თემური ყოველთვის საბჭოთა შენობების შეძენას არჩევს“, ამბობს ნატალია ყანჩელი, რომელიც მასთან ერთად მუშაობს ამ პროექტზე. მათ ახლახანს გადააკეთეს ყაზბეგის მთებში მდებარე ძველი საბჭოთა პერიოდის სასტუმრო. „საბჭოთა კავშირში დანახარჯებზე არ დარდობდნენ. ამ სახლებს 9 ბალიანი მიწისძვრის გაძლებაც შეუძლიათ“.

საბოლოოდ, აქ უამრავი სვეტია. მაგალითად, საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი კლასიკური შენობაა 1938 წელს აგებული პარლამენტი მაღალი თაღების კოლონადით. იგი ახლა აღარ მოქმედებს. სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში – თბილისიდან 3 საათის სავალი გზის დაშორებით გადაიტანა, უტოპიურ კომპლექსში, რომელიც ესპანელ არქიტექტორს ალბერტო დომინგოს ააგებინა. ახალი პარლამენტის შენობა უზარმაზარ მინის კვერცხს მოგაგონებთ, რომელსაც არასტუმართმოყვარე პლანეტაზე სიცოცხლის გადარჩენა აქვს განზრახული.

ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე შევხვდი გიგა ბოკერიას, რომელიც ასევე ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული მთავრობის აქტიური პოლიტიკოსია. „ყველა ეს შენობა ერთგვარი „შეფუთვა“ იყო. ჩვენ მთელი ორგანოს მენტალიტეტის შეცვლა გვსურდა“, ამბობს იგი. „პოსტ საბჭოთა პერიოდში მთავრობა მუდამ ხალხის შეურაცხყოფის გზებს ეძებდა. სწორედ ეს გვინდოდა წარსულს ჩაგვებარებინა. ყოველგვარი დებატების არსი მუდამ ერთი იყო: როგორი ქვეყანა უნდა გახდეს საქართველო?“

დიდი ხანი არაა, რაც ამ საკითხმა ბასრი ბრჭყალები გამოაჩინა. 2013 წლის მაისში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაკიცხა, სასტიკად ცემეს შეკრების დროს. ივანიშვილმა დაგმო ყოველგვარი ძალადობა, თუმცა არათანამედროვე, დრომოჭმული შეხედულებები, როგორც ჩანს, მხოლოდ შენობებისკენ აღარ არის მიმართული. „ეს ყველაზე სამარცხვინო დღე იყო ჩვენს ისტორიაში,“ ამბობს ბოკერია. „ისინი ცდილობენ, ქართველობა დაგვაკარგვინონ.“

„ვფიქრობ, ყველაფერს აქვს თავისი გარდატეხის წერტილი,“ ამბობს ნატალია ყანჩელი. „სააკაშვილმა საბოლოოდ მიაღწია მას და ის  წავიდა. ვფიქრობ, ივანიშვილის ხელისუფლება ბოლოს მიაღწევს მეორე უკიდურეს წერტილს და შემდეგ ისიც  წავა. იმედი მაქვს, ოდესმე ქართველი ხალხი ისწავლის ოქროს შუალედში ცხოვრებას“. რომელი გზისკენაც არ უნდა აიღოს გეზი საქართველომ, რომელიმე შენობა თბილისში აუცილებლად იზეიმებს ამ არჩევანს.

ჯოშუა ლევინი

წყარო: New York Times

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები