„რკინის“ ჟურნალისტი – ორიანა ფალაჩი

შემეცნება

Oriana Fallaci by Francesco Scavullo 1990ნიუ

– თქვენ გწამთ ღმერთის?

– რა თქმა უნდა, რატომ მეკითხებით?

– იმიტომ, რომ  ვიფიქრე, თქვენ თავად იყავით ღმერთი.

ეს ფრაგმენტი ორიანა ფალაჩის ინტერვიუდანაა, რომელიც მან 1979 წელს მოამარ კადაფთან ჩაწერა. ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მას ჰკითხეს კადაფის პიროვნებაზე, მან განაცხადა: „ის სულელია, ავადმყოფურად სულელი, ნამდვილი იდიოტი… სანამ კადაფის შევხვდებოდი, მითხრეს, რომ ის იყო სიმპათიური მამაკაცი, მაგრამ როდესაც მას უყურებთ, ხედავთ, რომ  სულელური სახე აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება ის? მას ძალიან პატარა თვალები აქვს და უზარმაზარი ნიკაპი აქვს. მე ფიზიკურად შემძულდა კადაფი“.

ორიანა ფალაჩი მეოცე საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი ჟურნალისტი იყო, რომელმაც მსოფლიოში სახელი ომის თემატიკაზე გაკეთებული რეპორტაჟებითა და მსოფლიოს ლიდერებთან ინტერვიუებით გაითქვა. მას ახასიათებდნენ როგორც ჟურნალისტს, რომლისთვისაც მსოფლიოს არც ერთ მნიშვნელოვან ფიგურას არ შეეძლო ეთქვა უარი.

ფალაჩი დაიბადა ფლორენციაში 1930 წელს ანტი–ფაშისტურ ოჯახში. ბავშვობის გახსენებისას ერთხელ თქვა:

„მე ლამაზი ბავშვი ვიყავი, მრგვალი, ჩაფიქრებული სახით. ვფიქრობ, რომ ცოტა მოსაწყენიც, ძალიან დისციპლინირებული და დამჯერი. ადრეული მოგონებები ყოველთვის დეპრესიასთან, მოწყენილობასთან და მოკლედ, უბედურებასთან ასოცირდება. ჩემი მოამბოხე ფიქრები ყოველთვის ოცნებები უფრო იყო, ვიდრე რეალობა. ვიცოდი, რომ  ოდესმე დავწერდი წიგნებს და დავწერდი გაზეთებისთვისაც, ამიტომაც არასოდეს მიფიქრია ამ ორ საქმეზე განცალკევებულად. ვფიქრობ, ჟურნალისტიკამ მომცა საშუალება ჩემი ცხოვრება ყოფილიყო ნამდვილი თავგადასავალი“.

წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო და თავს ყოველთვის მწერლად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ჟურნალისტად:

,,პირველად, როდესაც დავჯექი საბეჭდ მანქანასთან, ვიგრძენი სიყვარული სიტყვებისადმი, რომლებიც წვიმის წვეთებივით სათითაოდ მოედინებოდნენ და თეთრ ქაღალდზე რჩებოდნენ. ყოველი წვეთი ხდებოდა რაღაც, რომელიც ფურცელზე, როგორც სიტყვები – აზრს იძენდნენ“.

 ჩააბარა ფლორენციის უნივერსიტეტში, სადაც  მედიცინას სწავლობდა, ვიდრე ის ერთ–ერთმა ყოველდღიურმა გაზეთმა არ დაიქირავა. შემდგომში კი ის მრავალი იტალიური, ევროპული და ამერიკული გამოცემებისთვის წერდა სტატიებს. მათ შორის ისეთი გავლენიანი გაზეთებისთვის, როგორიცაა: ნიუ–იორკ ტაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ლაიფი და სხვა.

270238_10150235023116864_1562198_n

ორიანა თავდაპირველად სამხედრო კორესპონდენტი იყო. სწორედ მან გააშუქა ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი კონფლიქტები: ამბოხება და დაკავებების პროცესები უნგრეთში; 7 წლის განმავლობაში იყო ვიეტნამის როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილში, რაც იმით დასრულდა, რომ სამხრეთ ვიენტამიდან  გამოაძევეს; გააშუქა ლიბანის სამოქალაქო ომი და ქუვეითის ომი; ლათინური ამერიკის რევოლუციები ბრაზილიაში, პერუში, ბოლივიაში, აგრეთვე, მექსიკაში, სადაც მას 1968 წელს მეხიკოში სტუდენტების დემონტრაციის დროს ესროლეს.  ტყვია სამგან მოხვდა და მძიმედ დაიჭრა.

ფალაჩიმ ინტერვიუ აიღო მსოფლიოს უძლიერეს ლიდერებთან, რომლებსაც მოიხსენებდა:  „ნაბიჭვრები, რომლებიც მართავენ ჩვენს ცხოვრებას“.

ესენი იყვნენ: ლეხ ვალენსა, მოამარ კადაფი, არიელ შარონი, ირანის შაჰი, ინდირა განდი, დენ სიოაპინი, ბჰუტო, ჰენრი კისინჯერი და სხვა. ასევე ინტერვიუ ჩაწერა ისეთ პიროვნებებთან, როგორებიც არიან: ფედერიკო ფელინი, სინ კონერი, სემი დევისი, არტურ მილერი, ორსონ ველსი და ჰიუ ჰეფნერიც კი.

406325_3850816347392_859666525_n

ფალაჩის ინტერვიუები იყო მეტად უჩვეულო. ის აღწერდა არამარტო ხალხს, არამედ უჩვენებდა გარემოს, სადაც ისინი ცხოვრობდენ და მუშაობდნენ.

ინტერვიუში, რომელიც ფალაჩიმ იასირ არაფატთან 1972 წელს ჩაწერა, ორიანა წერს:

„მას სქელი, არაბული ულავაში აქვს და პატარა სიმაღლისაა. მასიური ტანი, უზარმაზარ თეძოები და ღიპი, კიდევ უფრო უცნაურს აჩენს. თითქმის არ აქვს ნიკაპი და შუბლი, ყველაფერ ამას კი აბოლოებს ფართო პირი და წითელი, მსუქან ტუჩები. მას აგრესიულ ცხვირი აქვს და როდესაც უყურებ მისი თვალები, თითქოს გაჰიპნოზებს“.

ფალაჩის  მანერა ინტერვიუს აღების დროს ყოველგვარი წესების დარღვევა იყო, ამის გამო ის არაერთხელ გააკრიტიკეს. ბევრი ამბობდა, რომ ის ხშირად გადადიოდა ზღვარს და ინტერვიუ დაკითხვას ემსგავსებოდა.

,,მოდით ვილაპარაკოთ ომის შესახებ”-გამოიწვია ფალაჩიმ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ინტერვიუში, რომელიც 1972 წელს ჩაწერა.

კისინჯერმა კი მოგვიანებით  განაცხადა, რომ ეს იყო  ყველაზე საშინელი ინტერვიუ, რომელიც პრესის წარმომადგენლებთან ჰქონია. ,,ეს განუწყვეტელ სროლას უფრო ჰგავდა“.

ერთადერთი ჟურნალისტი იყო, ვინც ინტერვიუ ისლამური რევოლუციის ლიდერთან აიათოლა ხომეინითან აიღო, 1979 წელს ირანის რევოლუციის შემდეგ, ფალაჩი   ირანის ქალაქ კუმში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ხომეინს. მას ათი დღით მოცდა მოუწია, სანამ ხომეინმა მიიწვია ის. ორიანამ გაითვალისწინა ისლამური კულტურა და ხომეინს ფეხშიშველი და ჩადრით შემოსილი ესტუმრა.

ფალაჩიმ მწვავე კითხვები დაუსვა ხომეინს ქალებზე, რომელებსაც საშინლად ეპყრობოდნენ მის რეჟიმში და შეეხო ჩადრის ტარების საკითხსაც. ხომეინმა უპასუხა: ,,თუ შენ არ მოგწონს ისლამური ჩაცმულობა ვალდებული არ ხარ ატარო ის, მაგრამ ისლამური ჩასაცმელი სათანადო და კარგია ახალგაზრდა ქალებისთვის“.

ორიანამ მადლობა გადაუხადა აიათოლას და  ჩადრის მოხსნა დაიწყო. მისი საქციელით განრისხებულმა ხომეინმა ფალაჩს უბრძანა, რომ გასულიყო და დალოდებოდა  როდის ინებებდა ის განეახლებინა ინტერვიუ.

მაგრამ ორიანა ამისთვისაც მზად იყო. როდესაც ხომეინმა ნება დართო დაბრუნებულიყო, მისმა  ვაჟმა  აჰმედმა  წინასწარ გააფრთხილა,რომ  მამამისი კვლავ ძალიან გაბრაზებული იყო და სჯობდა მას არც კი ეხსენებინა სიტყვა– ჩადრი.

მაგრამ მან ჩართო ჩამწერი და დაუყოვნებლივ დაუბრუნდა იმავე თემას. ,,თავიდან მან შემომხედა განცვიფრებით“,–ის იხსენებდა შემდეგ–,,ტუჩებზე ღიმილის მსგავსი დაემჩნა, ღიმილი კი ნამდვილ სიცილად გადაიქცა. დიახ,მან გაიცინა და როდესაც ინტერვიუ დამთავრდა აჰმედმა მიჩურჩულა დამიჯერე, არასოდეს მინახავს, რომ მამა იცინოდეს. ვფიქრობ, შენ ერთადერთი პიროვნება ხარ მთელს მსოფლიოში, ვინც ის გააცინა“.

ის იყო პატარა და ლამაზი ქალი, სწორი და შუაზე გაყოფილი თმით, მელანქოლიური ნაცრისფერ–მწვანე თვალებითა და ოდნავ ბოხი ხმით, რომელზეც იტალიური აქცენტით ლაპარაკობდა. განუწყვეტლივ ეწეოდა, ამიტომაც სიგარეტი მისი იმიჯის განუშორებელი ნაწილი კი გახდა.

ორიანა არასოდეს გათხოვილა. მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული საბერძნეთის წინააღმდეგობის ლიდერი ალეკოს პანაგოულისი იყო, რომელიც საბერძნეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა სიცოცხლის ბოლომდე. მათი შეხვედრა  თითქოს ბედისწერა იყო. 1973 წელს ორიანამ ინტერვიუ ჩაწერა მასთან. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ისინი უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს.

სამი წელი ჰქონდათ ურთიერთობა. ,,ლოს ანჯელეს ტაიმსის’’ მიხედვით ალეკოსმა უთხრა ორიანას ,,მე არ მჭირდება ქალი, რომელთანაც უბრალოდ ბედნიერი ვიქნები. მე მჭირდება კომპანიონი, რომელიც იქნება ჩემი ამხანაგი, ადამიანი, რომელიც იქნება ჩემი მეგობარი, ძმა ,თანამონაწილე. მე მებრძოლე ადამიანი ვარ და ყოველთვის ასეთად დავრჩები“. 1976 წელს ის  მისმა პოლიტიკურმა მეტოქეებმა მოკლეს. რამდენიმე თვის შემდეგ ორიანამ კი დაიწყო წიგნზე მუშაობა, რომელიც მას მიუძღვნა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ფალაჩი წერდა სტატიებს. ასევე ავტორია 13 წიგნის. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ დაწერა კრიტიკული ნაწარმოები ისლამზე– ,,The Rage And The Pride“. წიგნში ის წერდა: ,,ალაჰის შვილები მრავლდებიან, როგორც ვირთხები“. წიგნმა საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი გამოიწვია.

ფალაჩი 11 წლის განმავლობაში ებრძოდა მკერდის კიბოს. ,,დასავლეთ ევროპა, იტალია, უფრო ავადმყოფია, ვიდრე მე ვარ“, ,,არაფერი მინდა გავიგონო ჩემს სიკვდილზე’’–ამბობდა ის.

მიუხედავად ძლიერი ხასიათისა, ავადმყოფობას მან ვერ სძლია. 76 წლის ასაკში  ორიანა ფალაჩი მშობლიურ ფლორენციაში გარდაიცვალა.

გურანდა ძამელაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები