NATO – კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ

შემეცნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“  ორგანიზებით  16-17 ნოემბერს გაიმართება ორდღიანი ლექცია-სიმულაცია „NATO – კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ“.

კიბერ-ტერორიზმი არის სუბ-ნაციონალური ან ფარული აგენტების წინასწარ განზრახული, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, მშვიდობიანი, არამებრძოლი სამიზნის წინააღმდეგ, რაც გამოხატულია ინფორმაციაზე, კომპიუტერულ სისტემებზე, პროგრამებსა და მონაცემთა ბაზებზე შეტევასა და განადგურებაზე.

მისი ბუნება განსხვავდება ტერორიზმის საზოგადოდ მიღებული ცნებისაგან, თუმცა შეიცავს ამ მოვლენის გარკვეულ ნიშნებს. ის არის კიბერ-სივრცისა და ტერორიზმის ერთობლიობა, რაც ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენებას იარაღის, მეთოდის, სამიზნის სახით ტერორისტული მიზნის მისაღწევად. კიბერ-ტერორი არსებობს, როგორც კიბერ-სივრცეში, ასევე მის გარეთ და მოიცავს მოწყობილობათა სისტემების ან საინფორმაციო კომპონენტისაგან შემდგარი პროცესის განადგურებას.

2002  წელს პრაღის სამიტზე ნატოს წევრ სახელმწიფოთა ლიდერებმა კიბერ-ტერორიზმი მნიშვნელოვან საფრთხედ აღიარეს და საჭიროდ მიიჩნიეს, შექმნილიყო „ნატოს კიბერ თავდაცვის პროგრამა“, რომელიც მოიცავდა მოქმედებათა პროგრამის სამ ფაზას. პირველი ფაზისას შეიქმნა  „ნატოს კომპიუტერული ინციდენტის საპასუხო უნარიანობა“ (NCIRC), რომელიც მეორე ფაზისას სრულ სამუშაო რეჟიმში შევიდა. მესამე ფაზას მოიცავს პირველი ორი ფაზისგან მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას და კიბერ-ტერორიზმთან ბრძოლაში თანამედროვე თავდაცვითი საშუალებების გამოყენებას.

2007 წლის 14 ივნისს, რაც ესტონეთზე განხორციელდა მასიური კიბერ შეტევა, ნატოს წევრ სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კიბერ-ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა იყო საჭირო. სწორედ ამიტომ შექმნა ნატომ კიბერთავდაცვის ცენტრი ესტონეთში. კიბერ-ტერორიზმისაგან თავდაცვითი აქტივობებისა და ღონისძიებების ჩატარებას აკონტროლებს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო. პასუხისმგებლობას ინაწილებენ „ნატოს კონსულტაციის, კონტროლისა და მართვის სააგენტოები“ (NC3A) და  „ნატოს სამხედრო ხელისუფლებები“ (NMA).

პროექტის პირველ დღეს, მონაწილეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოწვეული ექსპერტისგან. მეორე დღეს, ნატოს სტრატეგიული დაგეგმარების კომიტეტის სიმულაციის ფარგლებში, თავად შეიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ მექანიზმებს.

პირველ დღეს სალექციო ნაწილს წარუძღვება ლაშა პატარაია – დამოუკიდებელი ექსპერტი, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიისა (CASE) და ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის (ISSAC) დამფუძნებელი. აშშ-ის კიბერ საინიციატივო ფორუმის წევრი და სერთიფიცირებული სპეციალისტი ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის, პოლიტიკისა და სტანდარტიზაციის საკითხებში.

მეორე დღე დაეთმობა ნატოს სტრატეგიული კომიტეტის სიმულაციას. წარმოდგენილი იქნება ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. სიმულაციის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლებათ, წარადგინონ და დაიცვან თავიანთი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია. სიმულაციის დასასრულს მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი რეზოლუცია, სადაც აღიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა განსახილველი პრობლემისა და გამოწვევების გადასაჭრელად. პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, დასახელდებიან გამორჩეული მონაწილეებიც.

პროექტში მონაწილეობა ფასიანია, საფასური 15 ლარს შეადგენს, კლუბის წევრებისა 10 ლარს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16–25 წლამდე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

მონაწილეობისთვის საჭიროა, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 13 ნოემბრამდე.

https://docs.google.com/forms/d/17CsfMB7rqxMdmwQ0FKNEM36K-6gdNA9zbPtvpa6bEJM/viewform

                                                                                                                                                                          ლიაკო პეტრიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები