იასამნისფერი სახლის ლამაზი დიასახლისი

ბლოგი

მამული, ენა, სარწმუნოება. ილია

სექსი, ნარკოტიკები და როკ’ნ’როლი. იენ დიური

ღმერთი, ოჯახი და იაჰუ. მარისა მაიერი

Yahoo

ბევრს არ გემახსოვრებათ, მაგრამ დრო იყო, ინტერნეტში შესვლისას ხალხი “გუგლს” კიარა “იაჰუს” მიმართავდა ხოლმე. Yahoo! იყო მეილი. Yahoo! იყო საძიებო სისტემა. Yahoo! იყო ნიუსფიდი და Yahoo! იყო ფოტოჰოსთინგიც. ჩემი პირვალი ბლოგი(სმაგვარი)ც კი Yahoo!-ზე მქონდა. :)

არ ვიგონებ. ნამდვილად იყო ასეთი დრო.

შემდეგ Yahoo!-ს შეეყარა დაავადება, რასაც მარკეტოლოგები “მარკეტინგულ ახლომხედველობას” ვუძახით – როდესაც ბაზრის ლიდერი ხარ, ხშირად არც უკან იხედები, აღარც – გარეშემო და ვერ ამჩნევ, როგორ იცვლება დრო და როგორ გიახლოვდებიან კონკურენტები. ასე დაემართა Yahoo!-საც. პრაქტიკულად ყველგან, სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა პირველობა Google-ს დაუთმო.

ერთ წელიწადში Yahoo!-ს აქციონერებმა სამი აღმასრულებელი დირექტორი გამოცვალეს, სანამ 2012-ში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს და კონკურენტი კანტორიდან გადმოიბირეს მარისა მაიერი (Marissa Ann Mayer), ვინც Google-ში 14 წელი დაჰყო და 2012 წლის 16 ივლისიდან კი Yahoo!-ს CEO და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. და დაიწყო Yahoo!-ს aggiornamento – დიდი განახლება.

 

როდესაც Yahoo!-ში მივედი, ჯერ თანამშრომლებს დაველაპარაკე. ჩემი მიზანი იყო, კომპანია საუკეთესო სამუშაო ადგილად მექცია, მინდოდა, რომ ადამიანებს ჩვენთან მოხვედრისა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონოდათ.
მარისა მაიერი. Forbes Ru, 1 აპრილი, 2013

ვინც Yahoo!-ს მომხმარებლები ხართ (შემორჩით) ამ ცვლილებებს იოლად შეამჩნევდით: სახე იცვალა ლოგომ. მთლიანად განახლდა My Yahoo სერვისი, განახლდა მეილი, სრულად შეიცვალა ფოტო-ჰოსთინგი Flickr (ახალ Flickr –ს ყველას გირჩევთ – მართლაც არაჩვეულებრივი გახდა), შეიცვალა მობილურის აპლიკაციებიც (ზოგადად მობილიზაცია – კომპანიის ახალი სტრატეგიაა. დღეს, როდესაც ტაბლეტების გაყიდვებმა გადაასწრო ნოუთბუქების გაყიდვებს, ის, ვინც იმარჯვებს მობილურ ბაზარზე, იმარჯვებს ყველგან). Yahoo! გაფართოვდა, ახალი სერვისები დაიმატა, ამ მიზნით 20-მდე სხვა კომპანია შეიძინა, მათგან ყველაზე ცნობილი შენაძენი კი, რა თქმა უნდა, Tumblr-ია.

MyYahoo

Flickr

ქვეყნად არაფერია კლიენტების დაკარგვაზე იოლი და არაფერია მათი უკან დაბრუნებაზეძნელი. მაიერის კომპანიაში მისვლიდან ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მარისა Yahoo! კლიენტებს იბრუნებს.

ამჟამად Yahoo!-ს თვეში 800 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, 20%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ეგკიარა, ზაფხულის თვეებში ამ მონაცემებით Google-საც კი გადაასწრო აშშ-ს ბაზარზე. Yahoo!-ს აქციების ფასი გაორმაგდა. ცხადია, არც მარისა მაიერია დაჩაგრული – მისი შემოსავალი (ხელფასისა და ბონუსების სახით) თვეში 6 ამერიკული ლიმონია.

Marissa-Yahoo

როდესაც წარმოიდგენენ ხოლმე კომპიუტერის სპეციალისტს, წარმოსახვა ხატავს ადამიანს გულის ჯიბეში ფანქრებითა და კალმისტრებით, სქელი, ძველმოდური სათვალეთ, რომელიც ზის მთელი ღამე და ალგორითმებს ჩაჰკირკიტებს… მე ნამდვილად ჩავკირკიტებ ღამეები ალგორითმებს და ვადასტურებ თქვენს სტერეოტიპებს, მაგრამ, ამავე დროს, ამ სტერეოტიპებს გინგრევთ კიდეც!
მარისა მაიერი. Glamour, 3 ნოემბერი, 2009

მართლაც, ყველაფერს იფიქრებ ამ ახალგაზრდა ქალზე, ბუნებრივად ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით, იმის გარდა, რომ სწორედ ის დგას Google-ის ყველაზე პოპულარური პროდუქტების: Google Search, Gmail და Google Earth-ის უკან. მარისა წარმატებით ამსხვრევს ყველა სტერეოტიპს ქერა და შტერუკა ქალებზე, ლამაზ და შტერუკა ქალებზე, კეკლუც და შტერუკა ქალებზე. როგორც მისი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები იგონებენ – არც ერთ პროექტს უხილავს Google-ში მზის სინათლე მარისა მაერის ვიზის გარეშე. ის დაუნდობლად აგდებდა ნაგვის ურნაში ყველაფერს, რაცკი Google-ის ღირსად არ მიაჩნდა. დაუნანებლად ემშვიდობებოდა ყველა თანამშრომელს, ვინც კი მისი მუშაობისსტილს ვერ უწყობდა ფეხს. თუ ეშმაკი ატარებს პრადას, მარისა მაიერი ატარებს ოსკარ დე ლა რენტას (აქ ის ძალიან ჰგავს კიდევ ერთ უნიჭიერეს (თუმცა – არც ისე ლამაზ) ქალბატონს – ჰილარი ქლინთონს). გამორჩეულად უყვარს ლურჯი და წითელი ფერები (ოდესღაც Yahoo!-ც წითელი იყო, სანამ გაიასამნისფრდებოდა) და ხშირად პოზირებს ჟურნალებისთვის. უწევს ხოლმე პოზირება.

Marissa-Mayer

მიუხედავად ყველაფრისა, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები. არ უყვარს უცხო ხალხში ტრიალი. არ ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას და უხერხულად იშმუშნება, როდესაც მაინც ექცევა ყურადღების ცენტრში. მაგრამ ძლიერი პიროვნებაა და მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია. იოლად იღებს გამოწვევებს და საკუთარ თავზე გამარჯვებასაც ახერხებს ხოლმე.

ლეგენდები დადის, თუ როგორ კარგი და ამოა Google-ში მუშაობა. დღეს Yahoo!-ში მუშაობაც საამო ხდება. მარისა მაიერის მისვლამდე, Yahoo!-ს სასადილო ფასიანი იყო, ახლა – უფასოა. მაიერმა (რომელსაც ბაკალავრის ხარისხიც აქვს დიზაინში) Yahoo!-ს სამუშაო სივრცე შეცვალა, რათა ის უფრო კომფორტული გამხდარიყო. მუშაობის გარდა, თანამშრომლებს აქვთ დრო დასვენებისთვისაც – ამერიკული Make Fun კომპანიაში მუშაობის განუყოფელ ნაწილად იქცა. გუნდური სული – ესაა მარისა მაიერის წარმატების ფორმულა. კვარტალში ერთხელ ერთკვირიან შვებულებას იღებს და თავს მშვიდად გრძნობს – მან ხომ ძლიერი გუნდი შეკრა, რომელიც ჩვეულებრივ უძღვება კომპანიას. ცნობილი სიმღერისა არ იყოს, “ყველაფერი კარგადაა, მშვენიერო მარკიზა”. ოღონდ – მართლა. მაიერმა მიზნად დაისახა, Yahoo! აქციოს უფრო ღია, მეგობრულ და მხიარულ კომპანიად თანამშრომლებისთვის და უფრო ღია, მეგობრულ და მხიარულ სერვისად მომხმარებლებისთვის.

ჩვენს თანამშრომლებს სჭირდებათ კიდევ რაღაც ხელფასის გარდა – შეგრძნება, რომ მათი სამუშაო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
მარისა მაიერი. Forbes Ru, 1 აპრილი, 2013

მარისამ, რომელიც თავად მშვენიერ ფორმაშია, კარგად იცის, რომ ჯანსაღ სულს ჯანსაღისხეული უხდება, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს Yahoo!-ს თანამშრომლებს სამუშაო მაგიდაზე საჩუქრად Jawbone Up დახვდათ (ელექტრონული სამაჯური, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას აკვირდება და პატრონს ატყობინებს, თუკი ის ზარმაცობს და ფორმას კარგავს). ამას გარდა, კომპანიისგან საჩუქრად მიიღეს სმართფონები და ულიმიტო სასაუბრო/საინტერნეტო დრო ურთიერთობისთვის – მარისა მაიერი ენდობა თანამშრომლებს და ეჭვიც არ ეპარება, ისინი სამუშაო დროს ლაზღანდარობასა და უსაგნო ჩატაობას არ მოახმარენ.

Yahoo - 2

დააკვირდით, რისთვის იყენებენ ადამიანები მობილურ ტელეფონებს: ი-მეილი, რუკები, ამინდი, ახალი ამბები, საბირჟო ცნობები, ფოტოების გაცვლა, კომუნიკაცია, სპორტის სიახლეები, თამაშები… სწორედ ესაა, რასაც Yahoo! სთავაზობს მათ.

მარისა მაიერიVogue, 16 აგვისტო, 2013

მარისა მაიერი ლამაზი, ჭკვიანი, ერუდირებული და რისკის მოყვარული ქალია. სთენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არაერთი ცნობილი და წარმატებული კომპანიის შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ არჩევანი იმ დროს ყველასათვის სრულიად უცნობ Google-ზე შეაჩერა. 13 წლის შემდეგ კი ბაზრის უდავო ლიდერ კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დათმო და ასევე კარგად ცნობილ, მაგრამ კრიზისში მყოფ Yahoo!-ს ჩაუდგა სათავეში… 6 მილიონად ვინ არ დასთანხმდებოდაო – იტყვით. მაგრამ ამ 6 მილიონს დამსახურებაც უნდა. და გამომუშავებაც. :)

ავტორი: 
სტატიის ლინკი : http://stylishblog.net/2013/10/07/marissa-y-mayer/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები