მკვლელი აფთიაქები

შემეცნება

მკვლელი აფთიაქები  –  ალბათ გაგიკვირდებათ სიტვათა ეს შეთანხმება, რა შუაში არის მკვლელი  აფთიაქთან – დაწესებულებასთან, რომელიც ადამიანებს  გამოჯანმრთელებაში ეხმარება. თუმცა,  გარდა გამოჯანმრთელებისა საქართველოში აფთიაქებს კიდევ ერთი ფუნქცია აქვთ, ისინი ნარკობიზნესის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.

2004 წლიდან  ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა ნარკომანების მიმართ,  გამკაცრდა სასჯელები, როგორც ნარკოლეარიზატორების ასევე ნარკომომხმარებლების მიმართ.  ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ  ნარკოტიკების მოხმარება საკმაოდ შეამცირა, ქუჩაში აღარც ნარკომანები შეგხვდებოდათ და აღარც დაყრილი შპრიცები.   თუმცა, პრობლემას თუ ჩავუღრმავდებით  სინამდვილე  ბევრად ტრაგიკულად გამოიყურება.  საშინელი რეპრესიების  გამო  ნარკოტიკის  ყველა მომხმარებელი  იატაკქვეშ  წავიდა, შემცირდა კლასიკური  ნარკოტიკის შემოდინება ქვეყანაში, ამიტომ წამალი ძალიან გაძვირდა  და გაჩნდა კუსტარული ნარკოტიკული საშუალებები. ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებას.  საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში შეხვდებით ფსიქოტროპულ აფთიაქებს, სადაც მხოლოდ რეცეპტით უნდა იყიდებოდეს წამლები, კიდევ ვიმეორებ – უნდა…

(გიორგი) –  არასოდეს არ შემქმნია პრობლემა წამლის ურეცეპტოდ ყიდვაზე. აფთიაქები ხელსაც კი გვიწყობდნენ. ერთი პერიოდი, როცა პოლიციამ კონტროლი გაამკაცრა, ერთ-ერთ აფთიაქში პაროლის სისტემა იყო ჩამოყალიბებული, უნდა გეთქვა ფსიქოროპული აფთიაქის ფარმაცევტისთვის პაროლი და უპრობლემოდ მოგყიდდა  საჭირო  წამალებს.

2013 წლის მაისის თვეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონნო სამეწარმეო საქმიანობისთვის ფაქტზე ოცი შპს-ს ხელმძღვანელი პირი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში  მდებარე აფთიაქებში, ფსიქოტროპული მედიკამენტები  სისტემატიურად იყიდებოდა რეცეპტის გარეშე.  დაკავებულებმა 3000 ლარი ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა უნდა  ითქვას,  ეს „ბიზნესი“ იმდენად  მომგებიანი  არის,  რომ ზოგიერთი აფთიაქის მეპატრონისათვის ჯარიმა არ წარმოადგენ დაბრკოლებას.  ისინი კვლავ ერთვებიან ნარკობიზნესში, სახელმწიფო კი არ ან ვერ იფიქრებს დამატებით ბერკეტს პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი  შეიძლება ავხსნათ  იმით რომ, ამ დიდ  ბიზნესში სახელმწიფოსაც აქვს თავისი ინტერესები.  საგამოძიებო უწყებები  აძლევენ გარკვეულ თავისუფლებას აფთიაქებს,  ყურადღებას მოადუნებენ ,  შემდეგ კი გათამამებულებს  დარღვევებისთვის დააჯარიმებენ და ბიუჯეტს სოლიდურად შეავსებენ.  იგივე დამოკიდებულებას იჩენენ მყიდველების  მიმართაც.

(გელა) – რამდენჯერ შემიმჩნევია საეჭვო პირები ფსიქოტროპულ აფთიაქებთან,  სამოქალაქო  ტანსაცმელში  ჩაცმული პოლიციელები, რომლებიც დილიდან საღამომდე  გვყარაულობენ.  რამდენჯერმე ჩემს თვალწინ აიყვანეს ბიჭები და ნარკოლოგირში გააქანეს, მერე კი 500 ლარიანი ჯარიმებით  დაასაჩუქრეს.  ზოგმა ბინა ჩადო და ზოგმა პროცენტიანი ვალი აიღო მერე.

შეიძლება ითქვას, რომ ასე ხმაშეწყობილად შენდება  ნარკობიზნესი საქართველოში, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.  სტატისტიკა მეტად საგანგაშოა –  ყოველწლიური მატება და გაახალგაზრდავება. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 2-3 წელიწადში ერთხელ ატარებდა გამოკითხვას თბილისის სკოლებში, ბოლო ასეთი გამოკითხვა 2009 წელს ჩატარდა  ESPAD მეთოდოლოგიით,  გამოკითხულთა 20%  აღიარებს ამა თუ იმ არალეგალური ნარკოტიკული საშუალების ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოყენებას.

წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა საჭიროა არა ნარკომომხმარებლების,  არამედ   მკვლელი აფთიაქების მიმართ.  ნარკომომხმარებლებს  კი   სახელმწიფოს დახმარება და გვერდით დგომა სჭირდებათ,  იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მიიყვანა ამ  დონემდე.

P.S.  ვებრძოლოთ  დაავადებას და არა დაავადებულებს

ავტორი: მერი ჩაჩავა

წყარო :http://studpress.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები