16.04.2013
ერთი კვირაა, აზერბაიჯანში ტურის შესახებ გავიგეთ. არა, მოსალოდნელი გეგმების შესახებ ტრენინგების განმავლობაშიც ვიცოდით, როდესაც ასოციაციის ხელმძღვანელმა ფარიზ ხალილმა პირდაპირ სემინარიდან წასვლა შემოგვთავაზა. (ღიმილით) სემინარიდან არა, მაგრამ მოგვიანებით ღიმილისა და იუმორის გარეშე აღმოვჩნდით აღსუში. წანსვლამდე ერთი კვირით ადრე თერთმეტივეს სრული ქაოსი გვქონდა სამომავლო გეგმებშიც, გონებაშიც და ბოლოს – გარდერობშიც.
წასვლის შესახებ მკაცრად მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც გვთრგუნავდა რაღაც. რაღაც არა, ტრადიციული წინასამზადისი და მეგობრების “სევდიანი” მზერა. წასვლამდე სამი დღით ადრე შენს გამოხედვასა და თვალის ფერს რომ იმახსოვრებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ვერ დაბრუნდები და სულ მცირე ტრეფიკინგი არ აგცდება (ხუმრობით). სანამ თერთმეტი კაცი მომავალი კვირის გეგმებს ვაწყობდით, მომავლის არარსებობაში დარწმუნებული სამეგობრო თბილისში დარჩენით გამოწვეულ უხასიათობას, ჩვენზე სიცილსა და მოსალოდნელ უბედურებაზე ფიქრით იქრობდა. 🙂
კონტრაქტის გაცნობის, სახლის ნახვისა და ზუსტად გაწერილი განრიგის ფონზე მომავალი კვირის ყოველდღიურობა ჩვენი გარდერობივით დალაგდა. თერთმეტივე პასპორტი ჩანთებშია.
17.04.2013
შამქორის ტერიტორია
შამქორის ტერიტორია-ქალაქი, მეცნიერების აზრით, VI-IX სს-შია აგებული. უფრო მართებულად კი, შამქორის აღდგენას ბუღა თურქს მიაწერენ IX-XIIსს-ში (ოღუზების ტომის მიერ). ეს ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზების გზაგასაყარზე – თბილისსა და განჯას შორის მდებარეობდა. სწორედ ამიტომ პატარა, მაგრამ მდიდარი ქალაქების სიაში შედიოდა. XIIIს-ში მონღოლების შემოსევამ ქალაქი გაანადგურა; XIVს-ში კი ქალაქის კვლავ განახლების მცდელობა შეინიშნება. ქალაქის სხვადასხვა დროს განახლებასთან ერთად, იცვლებოდა არქიტექტურული ფორმები, რაც ნათლად ჩანს გალავნის სამ შრეზე.
ქალაქის დამაარსებელი ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ის ძირითადად, ორ ნაწილად იყო გაყოფილი. სასახლის მსგავს ნაგებობებში ქალაქის მმართველობა ცხოვრობდა, ხოლო მეორე ნაწილში ვაჭრები და სხვა დანარჩენი. გადმოცემით, ამ ქალაქში 60მ-ს სიმაღლის მინარეთი იყო აშენებული, მაგრამ არარეალური სიმაღლის გამო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო არა მინარეთი, არამედ საგუშაგო.
ქალაქში განვითარებული იყო კერამიკის კულტურა. ქვის ფილები მუშავდებოდა ადგილზე. ეს ვერსია მტკიცდება აღმოჩენილი ე.წ. დაბრაკული ქვებით, რადგან ქვის სხვა ადგილიდან ჩამოტანის შემთხვევაში ხარვეზიანი ქვებს არ ჩამოიტანდნენ. ეს ქალაქი იმით არის აღსანიშნავი, რომ აქ არსებობდა პირველი არხები, საკანალიზაციო სისტემები. ქალაქს ჰქონდა წყლის მომარაგების სპეციალური სისტემა. შამქორის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალებით XIს-ში არხების არსებობა მტკიცდება, მაშინ, როდესაც XVII-ის ევროპელებს ვერ წარმოედგინათ XIIს-ში რომელიმე ცივილიზაციას წყლის მომარაგების სისტემა თუ ჰქონდა.
18.04.2013
ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, ამიტომ დაღლილობა და უძილობა, კოლოკვიუმების პრაქტიკის მერე, არავისთვისაა უცხო. ეს ქართველებისთვის დამახასიათებელ, თითქმის ლეგენდადქცეულ “პუნქტუალურობას” აბათილებს და 8:00 საათზე სრულ მზადყოფნაში ვართ. არ ვიცი, ეს აღსუს სუფთა ჰაერის ბრალია, თუ უბრალო ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ სტერეოტიპებს ვამსხვრევთ.
შემდეგი გაჩერება, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთაგან ერთ-ერთი გობუსთანის (Qobustan) სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალია, რომელიც აზერბაიჯანში ბაქოს სამხრეთით მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ აღმოსავლეთ მთისწინეთსა და კასპიის ზღვას შორის. არქეოლოგიური ნაკრძალის საერთო ფართობი 3096 ჰა-ია.
ნაკრძალში დაცულია კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც მეზოლითის პერიოდშია შექმნილი. გობუსთანი დასახლებული იყო პირველყოფილი საზოგადოებით, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილია მრავალფეროვანი არტე ფაქტები, რომლებიც ამ ადგილას მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. მაგალითად, თიხის ფიგურები, სამკაულები, სამუშაო იარაღები. კედლებზე ამოკვეთილი ცხოველები, ადამიანები და ნავების ფიგურები სხვადასხვა სცენას განასახიერებენ.
გობუსთანის მუზეუმი 2010-2011 წელს აშენდა.
მუზეუმში არტე ფაქტების გარდა, ცხოველებისა და პირველყოფილი ადამიანების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული ფიგურებია გამოფენილი. შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ნათლად წარმოვიდგინოთ იმდროინდელი რელიეფი თუ ცხოვრების წესი.
გარდა იმისა, რომ გობუსთანი ცნობილია პირველყოფილი საზოგადოების ნასახლარებით, ასევე, მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე არსებული რელიეფისა და ვულკანების შესწავლის თვალსაზრისით. მუზეუმში დამონტაჟებული ტექნიკის მეშვეობით, შეგვიძლია, დავინახოთ ვულკანის აგებულება და მოქმედება. არქეოლოგები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ დროის სიმცირის გამო, შეუძლებელია ყველას შესწავლა.
გობუსთანის არქეოლოგიური ნაკრძალის შესასვლელში არის უზარმაზარი ქვა, ქვეშ კი სკამი. გადმოცემის თანახმად, მიჩნეულია, რომ სკამზე ბოროტი ადამიანის დაჯდომის შემთხვევაში ე.წ. ქვა ჩამოინგრევა. ზემოთ ხსენებული ლეგენდის ფონზე, სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვიჯექი სკამზე და არა თუ ჩამოინგრა, არც გატოკებულა. შეიძლება იფიქროთ, რომ მითები მითებად რჩება, მაგრამ მე მირჩევნია, ჩემი მეგობრების უბოროტობა ვიწამო.
ყოველგვარი შესავლის, მომზადებისა და ე.წ. დრესს კოდის გარეშე ნაკრძალიდან პირდაპირ საღამოზე აღმოვჩნდით, სადაც კულტურული და ისტორიული ორგანიზაციები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს, მათ შორის ის ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენ გვიმასპინძლა. (Miras) ჩვენ კი – “სტუმრები საქართველოდან” ჯინსებით, ბოტასებით… სუსტი გული მაქვს, აღარ გავაგრძელებ. ჩვენი უხერხული სახეების ფონზე, მენეჯერი (რომელმაც ერთ კვირაში ყველას მოხიბვლა შეძლო) ჯიუტად ცდილობდა უხერხულობის გაფანტვას და გულწრფელი ღიმილით გვიხსნიდა, რომ ჩვენ ექსკურსიაზე ვიყავით, სადაც კაბებით გამოწყობილები ვერ ვივლიდით და ეს ყველას ესმოდა. გაგიკვირდებათ და ერთი შეხედვით, ვითომ დაუძლეველი უხერხულობა ათ წუთში სად გაქრა, არავინ იცოდა. დაღლილობის მიუხედავად, სამზარეულოს გაცნობისა და გამომსვლელის მონოლოგის მოსმენის მშვენიერი სინთეზი გამოგვივიდა. მაქსიმალურად ჩართულობის მიზნით, რადგან აზერბაიჯანულის ცოდნით არავინ გამოვირჩეოდით, ყურსასმენებიც მოგვცეს, რითაც სინქრონული თარგმანის ინგლისურ ენაზე მოსმენა შეგვეძლო. მოკლედ, თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
დაჯილდოვების შემდეგ, ბაქოს ათეშგა მოვინახულეთ (აზერ. ათეშგაჰ). ათეშგა – ეს არის ზოროასტრული მაზდეანური ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი, რომელიც XVII-XVIIIსს ააგეს. ზოროასტრული ტაძრები ირანში არ შემორჩენილა, რადგან არაბები ისლამის გავრცელების მიზნით ანგრევდნენ. მაზდეანების დიდი ნაწილი დღეს ინდოეთში ცხოვრობს, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საუკუნეების წინ დატოვეს ირანი სარწმუნოების შენარჩუნების მიზნით.
ზოროასტრიზმი არის დუალისტური რელიგია, რომელიც სამყაროში სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილს ეფუძნება. სიკეთეს განასახიერებს ღმერთი – აჰურა მაზდა, ხოლო ბოროტებას -აჰრიმანი. ეს რელიგია სხვადასხვა სულის, ძალის, დემონის არსებობას ეფუძნება. ზოროასტრელების წმინდა წიგნია ავესტა, რომლის ენა – ავესტური – აქემენიდების დროს უკვე მკვდარი იყო. ავესტაში არის სხვადასხვა ჰიმნი, რომელიც აჰურა მაზდას ეძღვნება. ეს წიგნი ირანელების მთავარი დღესასწაულის ნოურუზის (ნავროზობა) განუყოფელი ნაწილი იყო და ახალი წლის სუფრაზე აუცილებელად უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით კი ეს წიგნი ყურანმა ჩაანაცვლა.
სიტყვა “ათეშგაჰ” სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. მაზდეანები ამ ტაძრებში წმინდა ცეცხლს ანთებდნენ, რომელიც არასდროს არ უნდა ჩამქრალიყო. ამაზე კი მოგვებს ანუ ცეცხლის მსახურებს უნდა ეზრუნათ.
ბაქოს ათეშგაც ტიპური ირანული ათეშგაბის პრინციპითაა მოწყობილი. ცენტრში მოქცეულია ტაძარი, მის გარშემო კი ოთახებია განლაგებული, რომელიც იქ მცხოვრები მოგვებისთვის იყო განკუთვნილი. გარშემო კი გალავანი აკრავს.
თქვენ კითხვით დაიღალეთ და წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორი დაღლილები ვიყავით. 8:00-19:00 ტრანსპორტში ჯდომასა და მოსმენილ ინფორმაციას რომ თავი დავანებოთ, რომელსაც ერთმანეთის იმედით ვუსმენდით და დღის ბოლოს ვაჯამებდით. შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფებს ერთმანეთის დანახვაზე ბალიშები თუ არა, სააბაზანო ნამდვილად გველანდებოდა. სანამ ჩვენ წარმოსახვით აბაზანებს ვიღებდით, დუშის ხმა მენეჯერის გაბრწყინებულმა სახემ შეცვალა, რომელიც სიხარულით გვამცნობდა მორიგი ობიექტის შესახებ. სწორი ქართულით რომ გითხრათ, “აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან – რესტორანში”. (ჩვენი-მირასი-სის დაჯილდოვების აღსანიშნავად). საღამოსთვის შესაფერისი, ჩვენი “ზედმეტად ორიგინალურად დახვეწილი” ტანსაცმლის თემას აღარ შევეხები. (იხ. აქედან ზემოთ მეოთხე აბზაცი). ქართველი რისი ქართველი იყო ტანსაცმელს და დაღლილობას შეეშინებინა. არც მეტი, არც ნაკლები 30 წამით დავსხედით მაგიდასთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა სიტუაციის ასათვისებლად. მართალია, ვერაფრით შევეჩვიეთ (სულ გვავიწყდებოდა) სუფრაზე არსებულ ტრადიციას, მსუბუქი საკვებით დაწყებასა და შემდეგ შედარებით მძიმე საჭმელზე გადასვლას, (გავუკუღმართდით) მაგრამ, საცეკვაო ადგილსა და რითმებს მარტივად მოვერგეთ (დიდი განსხვავება არ შეგვიმჩნევია). ყველაფერი ჩვეულებრივი ვალსით დაიწყო, გოგოების დუეტით. რამდენიმე წამში, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მენეჯერი (ბიჭი) მიხვდა, რომ ჩვენთვის გოგოების ერთად ცეკვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ჩვენი მეგობარი ბიჭები მშვიდად უყურებდნენ, ინიციატივა თავად გამოიჩინა და ადგილობრივი მეგობარი ბიჭის დახმარებით, სიტუაციის გამოსწორება სცადა, საცეკვაოდ გავიდა. მისი ქმედება თავიდან უბრალო ჯელტმენობასა და სტუმართმოყვარეობას მივაწერე, მოგვიანებით კი მოცეკვავე მეგობრებისგან გავიგე, რომ გოგოების ერთად ცეკვა, მათ თვალში მაინც და მაინც კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს და მათი დუეტის დაშლაც ამ ტრადიციით იყო განპირობებული. ტრადიციის შესახებ გავიგეთ და გაკვირვების მიუხედავად, საწინააღმდეგო არაფერი გვქონია, მაგრამ ერთი უმნიშვნელო პრობლემა გვქონდა: სულ თერთმეტი ვიყავით (რესტორანი კი იყო სავსე, მაგრამ სადაც გოგოების ერთად ცეკვა არ შეიძლებოდა იქ უცხოსთან ცეკვის იდეა არც არავის მოსვლია თავში, თუმცა არც საჭიროება იყო, კარგად გავუგეთ ერთმანეთს) და აქედან მხოლოდ ორი იყო ბიჭი, ცეკვა კი ცხრავე გოგოს გვინდოდა, ანუ ან რიგში უნდა ჩავმდგარიყავით, ან რაიმე ინტერნაციონალური მოგვეფიქრებინა.
გამოწვეული ცნობისმოყვარეობის ფონზე, გადავწყვიტე, მენეჯერისთვის ჩვენს თავისუფალ და უკომპლექსო ცეკვის შესახებ აზრი მეკითხა. გულწრფელად მიპასუხა, რომ შეგვეძლო მშვიდად გაგვეტარებინა დრო და არაფერზე გვეფიქრა, ხალხის დაჟინებული მზერა კი ცნობისმოყვარეობით ახსნა. ცოტახანში კი იქ მყოფთაგან ტაშით, შეძახილებითა და თბილი ღიმილით გამოხატული იმხელა ინტერესი და გარკვეული სითბო ვიგრძენით, რომ ყველაფერი თავისთავად გაგრძელდა. ცეკვა დაღლამდე, ჩვენი სითამამის შემხედვარე აყოლილი მასპინძლები და საჩუქრად დაკრული მთიულური.
19.04.2013
აღსუ – ყველაფერი აქედან დაიწყო.
აღსუ – ეს არის ძველი ნაქალაქარი, რომელიც ნადირშაჰის მიერ არის დაარსებული დაახლოებით XVII-XVIIIსს-ში.
ამ ადგილზე აშენებული იყო ციხე-სიმაგრე, მეჩეთი, მეჩეთის მოედანი და სხვა ნაგებობები. აღმოჩენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტები. მათ შორის: მონეტები, კერამიკა, ლამფები, ჩინეთიდან შემოტანილი ფაიფური და სხვა. აღსანიშნავია, რომ სპარსულ, არაბულ, რუსულ და ევროპულ მონეტებთან ერთად აღმოჩენილია XVIIIს-ის ქართული თეთრი.
აბანო, სადაც წყალს აცხელებდნენ მრგვალ სფეროში ანთებული ცეცხლით.
20.04.2013
სამდღიანმა უძილობამ და ემოციებმა მალე გაგვახსენა “ქართველობა” და შეწუხებული ორგანიზატორები საჭიროზე ერთი საათით ადრე გვინიშნავდნენ ადგომის დროს. ამას დამატებული სააბაზანოს რიგი და ჯამში მიღებული 24-საათიანი უძილობა. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ლაჰიჯი შორსაა, სამარშუტო კი კომფორტული.
ლაჰიჯისკენ მიმავალი გზა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე რაღაცით დარიალის ხეობას მაგონებს.
დღეს ლაჰიჯი არის სოფელი, რომელიც მდებარეობს ისმაილში, მთიან რეგიონში. მთიან ადგილას, სადაც ეს სოფელია გაშენებული, ძველად სავაჭრო გზები გადიოდა. მიწისძვრის შედეგად, მთის ერთი ნაწილი ჩამოიშალა და გზა განადგურდა. მოგვიანებით კვლავ გაიყვანეს გზა, რომელიც სოფელთან დასაკავშირებლად ერთადერთია.
ლაჰიჯები ირანული მოდგმისანი არიან და მათ ნაწილს შემორჩენილი აქვთ ლაჰიჯური ენა, რომელიც ირანულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. ეს ხალხი განსაკუთრებით ზედმიწევნით იცავს წეს-ჩვეულებებს. მაგალითად, დადიან ჩადრით და გოგოებს მხოლოდ ლაჰიჯელებზე ათხოვებენ. ადგილობრივები განსაკუთრებით განთქმულნი იყვნენ მეტალის წარმოებაში, რაზეც არქეოლოგიური მასალაც მეტყველებს.
21.04.2013
შამახას მუზეუმში დაცულია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, უძველესი დროიდან XXს-მდე.
შირვან შაჰების სასახლე.
მიცვალებულთა სურათებზე ახლობლები წითელ ლენტს აკეთებენ იმის აღსანიშნავად, რომ ახსოვთ და არ ავიწყდებათ.
22.04.2013
დღევანდელი დღე კულტურულ ღონისძიებებსა და ყველაფერ ნაციონალურს ეთმობა. დღის ბოლო კი ნაციონალურ მუსიკას დაეთმო. კურიოზებითა და მოულოდნელობებით სავსე. გემახსოვრებათ, რესტორანში, სადაც საკუთარი ხელით საჭმლის გადმოღებასაც არ გაცდიდნენ და თავად გემსახურებოდნენ, “კლასიკური” ჯინსებითა და კეტებით რომ ვიყავით. იმ საღამოს ყველას ის “გვამშვიდებდა”, რომ გარდერობში კაბები და სხვა საჭირო ნივთები გვქონდა. შანსის ხელიდან გაშვებას არავინ აპირებს და ხუთ წუთში ცხრავე გოგო მზადაა მუსიკის მოსასმენად (ექსტრემალურ სიტუაციაში). არადა მემგონი ჯობდა, ჯინსებისთვის გვეერთგულა.
ყველაფერი აღმოსავლური და ფერადი. იატაკზე ფეხმორთხმით მოსმენილი მუსიკა და მუსიკას აყოლილი ხელ-ფეხი. თავი ისე ვიგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
აღსუში დაბრუნების შემდეგ, მალევე დავუბრუნდით ბუნებრივ მდგომარეობასა და მშობლიურ კეტებს. შეძლებისდაგვარად, ნაწილს რუსულად, ნაწილს ინგლისურად და ნაწილსაც ჟესტების ენით, წრეში ბურთისა და ხელბურთის ჩვენეული წესები ავუხსენით და ბავშვობა გავიხსენეთ. ისე გავერთეთ ლამპიონის ფონზე ბურთს ვერა, მაგრამ მის ჩრდილს მაინც ვუქნევდით ხელს.
სანამ ნაწილი ბურთის ჩრდილთან თამაშობდა, ნაწილმა საფლავების მონახულება გადაწყვიტა და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ეს არის აქსუს საფლავები, რომლებიც მე-17- მე-18 საუკუნეების მიეკუთვნება. საფლავებზე ამოტვიფრულია სპარსული წარწერები და ასევე თარიღები, რაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა თარიღები უნდა იყოს.
23.04.2013
დღეს დიდი დღეა… დიდი … ვუბრუნდებით სამშობლოს. საზღვრამდე კი ქ.გებელე და ქ.შექი გველოდება.
ქ.გებელეში არის ტბა ნოჰური.
მოძიებული მასალებს თუ დავეყრდნობით, ნოჰურის ტბა არ არის ბუნებრივი. თუმცა, ისეთი ლამაზია, მისი ბუნებრივობის საკითხი მეასე ხარისხოვანია. რაღაცნაირად, ყვარელში ილიას ტბა გამახსენა, მაგრამ წყალში საკუთარი სახე რომ დავინახე, მივხვდი, საქართველოში არ ვიყავი, რადგან მინიმუმ საზამთროს ქერქს დავინახავდი.
ქ.შექი აზერბაიჯანის უძველესი ქალაქია. მისი სახელი “საქ”-იდან მოდის. ქალაქში არის სასახლე, რომელიც შექის მმართველს შაჰანშას ეკუთვნოდა.
სასახლე XVIIIს-შია მოხატული. კედლებზე არსებულ ნახატებს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. დიდი სურვილის მიუხედავად, გიდმა შენობაში სურათის გადაღების უფლება არ მოგვცა. ამ შემთხვევაში google-სთან მეგობრობა პირდაპირ მისწრებაა.
სასახლეში უამრავი ოთახია და ყველა ერთმანეთზე ლამაზი. მისაღებ ოთახში განკუთვნილი იყო თაროები წიგნებისათვის, ზემოთ კი სანთლებისათვის. კედლებს ძირითადად ორი მხატვარი ხატავდა. დანარჩენები დამხმარეები იყვნენ. შაჰს ერთადერთი ცოლი და 6 შვილი ჰყავდა. სასახლით მოხიბლულებს დედოფლობა თუ არა ერთ-ერთ შვილთაგან ყოფნა ყველას გვინდოდა.
ვბრუნდებით………
ჩვენი ერთკვირიანი ვოიაჟი აზერბაიჯანში წარმოდგენილზე მალე დასრულდა, თუმცა ტკბილი მოგონებების დაგროვება მაინც მოვასწარით და ბაქოდან ამოჩემებული ფრაზებით ვბრუნდებით. ფრაზები, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება,რადგან ყოველდღიურობად ვაქციეთ. პირველ დღეს გარკვეული კომპლექსები გვაწუხებდა ენასთან დაკავშირებით, ძირითადი საკონტაქტო ენა რუსული იყო და რადგან მხოლოდ ერთმა იცოდა ძალიან კარგად, არაოფიციალურ თარჯიმნად გვყავდა. თუმცა ყველას გვესმოდა, რასაც ამბობდნენ. პირველივე საღამოს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა მენეჯერმა ინგლისური იცოდა. ამის გაგება საკმარისი აღმოჩნდა კომპლექსების დასავიწყებლად. მოკლედ, რუსული, ინგლისური, თურქული, ე.წ. სხეულის ენა და უცებ წამოცდენილი ქართული. ერთ კვირაში ისეთი კულტურული შოკი მივიღეთ, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე სახლში რომ ვსაუბრობდი, მეგონა, ოჯახის წევრებს ჩემი არ ესმოდათ და ტვინი ავტომატურად რუსულ და ინგლისურ სიტყვებს ეძებდა თავში.
სოფიკო კვირიაშვილი