25 დეკემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში იური მეჩითოვისა და მაია დეისაძის სახელოსნოსთან არსებული ფოტო-სკოლის სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტისადმი ინტერესი მაია დეისაძისა და იური მეჩითოვის განსაკუთრებულმა ოსტატობამ და სწავლების პროცესისადმი, სიახლეებისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა. განსახვავებული და მრავალფეროვანი იყო ამ ნამუსევრების თემები და ფორმატები: პორტრეტი, პეიზაჟი, რეპორტაჟი, დოკუმენტური და მხატვრული ფოტო, მინიმალისტური ფოტოგრაფია. გამოფენა შემოქმედებითი იმპროვიზაციის სახით წარიმართა, მონაწილეები დამთვალიერებლებთან დიალოგს მართავდნენ, პასუხობდნენ კითხვებს.
გამოფენაზე 150-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობდნენ: გიორგი ედიშერაშვილი, თამარ კეშელავა, ნენე ხოშტარია,ვახტანგ სიდამონიძე, ნიკა ივანიშვილი, სოსო ახალმოსულიშვილი, მერი წივწივაძე, სოფო კარიაული, ედუარდ ესაიანი, გიორგი სირაძე, არტურ ზარაფიანი.
პროექტის მიზანია, ახალი რესურსებისა და თემატური სახესხვაობების გამოაშკარავება. გამოფენის მნიშვნელობას ორმაგად ზრდის თანამედროვე ფოტოგრაფიის ახალი სახით წარმოჩინება.
გიორგი ედიშერაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სწავლობდა ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, პროფესიით ეკოლოგია, შესაძლოა სწორედ ეს იყო ძალიან შემოქმედებითი, პეიზაჟური ფოტოების შექმნის ერთ-ერთი მიზეზი. გიორგი 6 თვის განმავლობაში, იური მეჩითვისა და მაიკო დეისაძის სახელოსნოში პროფესიულ ფოტოგრაფიას ეუფლებოდა, შთაბეჭდილებები განსაკუთრებულია. კურსის დასრულების შემდეგ ფოტოგრაფი გვესაუბრა შემოქმედების საწყის ეტაპზე, ფოტოების შექმნის ისტორიაზე.
– ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება, ჯერ მობილურით ვიღებდი, შემდეგ სონის უბრალო ციფრული აპარატით, სასაპნეს რომ ეძახიან. შემდეგ უფრო გამიტაცა ფოტოგრაფიამ და ლენტაზე გადავედი, გადავწყვიტე, უფრო ახლოს გამეცნო ფოტოგრაფიის ხელოვნება, ვკითხულობდი სტატიებს, ვნახულობდი ვიდეოებს, შემდეგ ახლობელმა მითხრა, რომ არსებობდა „მეჩითოვი-დეისაძის სახელოსნო“ და ასე დაიწყო ფოტოგამოფენის ისტორია.
– პორტრეტებს ბევრი იღებს. პეიზაჟის გადაღება, მით უმეტეს, ისეთის, რომელიც ჯერ არავის გადაუღია, ადვილი არაა, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ყველას ყველა კუთხე-კუნჭული აქვს გადაღებული (იცინის) ამავე დროს, მიყვარს წყნარ, ლამაზ გარემოში მუშაობა.
– სახელოსნოში ყოფნისას უდავოდ დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ბატონი იური მეჩითოვისა და ქალბატონი მაიკო დეისაძისგან. მათი პროფესიონალური რჩევები ძალიან დამეხმარა თვითგანვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ, ძალიან თბილი და კეთილი ადამიანები არიან.
– მინდა ვთქვა, რომ უდავოდ მრავალფეროვანი, საინტერესო თემატიკის სურათები იყო გამოფენილი. განურჩევლად ყველას კარგი სურათები ჰქონდა, თუმცა ჩემი პირადი სიმპათია თამუნა კეშელავასა (ორი გოგონას სერია) და სოფო კარიაულის (ომის ვეტერნები) ფოტოებმა დაიმსახურა. მთლიანობაში თითოეულ მონაწილეს ძალიან ძლიერი ფოტოები ჰქონდა.
– ამ სახელოსნოში 6 თვის განმავლობაში ვსწავლობდი, საბოლოოდ კი სერთიფიკატი დავიმსახურე. დიდი მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს, ქარვასლას ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა გამოფენის ორგანიზებაში.
გთავაზობთ გიორგი ედიშერაშვილის ფოტოებს.
თეკლე ქაროსანიძე