თამუნა ბუხუნიშვილი აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ბიზნესის მართვასა და ადმინისტრირებაზე სამართალს სწავლობს, მაგრამ მისი ინტერესები ამ სფეროს სცილდება. თავისუფალ დროს ის ფოტოგრაფიით არის დაკავებული და მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვს ამ კუთხით.
– თამო, რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფიას ?
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ ძირითადად ფოტოებს მაშინ ვიღებ, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს. ყველაფერთან ერთად, ჩემთვის განტვირთვის საშუალებაც არის, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, უფრო ინტენსიურად ვიყო ჩართული. ბავშვობიდან, ყოველთვის მომწონდა ფოტოგადაღების პროცესი, თუმცა, სისტემატიურად გადაღება დავიწყე 2 წლის წინ. თავიდან ფოტოგრაფიაზე და ფოტოგადაღებაზე ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი.
– როგორც ვიცი, რამდენიმე კონკურსში იღებდი მონაწილეობას და მნიშვნელოვანი წარმატებებიც გაქვს.
– კი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თითოეულმა კონკურსმა ჩემი პროფესიონალურად განვითარების კუთხით. ერთ-ერთი იყო ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ფოტო-მასტერკლასები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინგლისიდან მოწვეული ფოტოგრაფი კირკ ელინგჰემი. ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული თვალსაზრისით ამ პროექტში და მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება. ამ პროექტის განმავლობაში შემოვიარეთ საქართველოს სამი მხარე: ყაზბეგი, სვანეთი და კახეთი, სადაც მოგვიწია სხვადასხვა თემებზე მუშაობა. პროექტის დასრულების შემდეგ, აგრარულ უნივერსიტეტში მოეწყო გამოფენა ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოებისა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ჯერჯერობით. შემდეგ იყო ეგო-არტი, ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონკურსი, სადაც საქართელოს ყველა რეგიონიდან ერთი გამარჯვებული შეარჩიეს. მე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელით გავიმარჯვე.
ბოლოს თუშეთის ფოტო-ტურში ვმონაწილეობდი. ერთი სიტყვით, ყველა კონკურსი და ტრეინინგი მაინტერესებს, რადგან ვიცი, რომ დამეხმარება და მომცემს საშუალებას, უკეთესად ვისწავლო ეს საქმე. მინდა, საფუძვლიანად შევისწავლო ფოტოგრაფია, ყველა დეტალი და ნიუანსი ვიცოდე, უფრო მეტად დავკავდე ამ მხრივ და არ მინდა, დავრჩე მოყვარულის და დამწყები ფოტოგრაფის დონეზე.
– შენი ფოტოებიდან ჩანს, რომ უმეტესწილად, პეიზაჟების გადაღება გსიამოვნებს…
– კი, მართალია და უმეტესად მთის პეიზაჟებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის. ძალიან იშვიათად ვიღებ პორტრეტებს. ქუჩაში რომ გავდივარ, ზოგს არ სიამოვნებს, რომ ფოტოს უღებ და ჩუმად გადაღება მგონი, რომ არ გამომდის, რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. გარდა ამისა, მე ყველგან სილამაზეს და პოზიტივს დავეძებ და არ მიყვარს, მძიმე სოციალური პრობლემების გადაღება.
– ფოტოგალერეა უდაოდ შთამბეჭდავია და წარმატებებს გისურვებ!
სტატია მომაზადა თამუნა ჭონქაძემ.