რამდენიმე საათი კათარზისში

კატეგორიის გარეშე

1399086_552852924801056_919246430_o

დილის თორმეტი საათია. აღმაშენებელის გამზირზე მდებარე სათნოების სახლ კათარზისში ჯერ სრული სიწყნარეა, მხოლოდ რამდენიმე მოხუცი  იცდის მისაღებში. მათ უმეტესობას დამწუხრებული და დაუძლურებული სახე აქვს.  სამზარეულოში ამ დროისთვის ჯერ კიდევ ფუსფუსებენ და  საჭმელს ამზადებენ. კათარზისის კარი პირველის ნახევარზე იღება. მოხალისეებიც თანდათან  გროვდებიან, სულ 5 მოხალისეა.  ზოგიერთი მათგანი ჩემსავით პირველად ღებულობს მსგავს პროექტში მონაწილეობას, ზოგს კი მეტი გამოცდილება აქვს.   უკვე ორი წელია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU ერასმუს მუნდუსის დაფინანსებით  კათარზისში პროექტს ატარებს, რომლის მიხედვითაც,   შაბათ–კვირას მოხალისე სტუდენტებმა რამდენიმე საათის განმავლობაში  უნდა იმუშაონ  სასადილოში. ,,თავიდან პროექტი ძირითადად, უცხოელ სტუდენტებზე  იყო გათვლილი, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, რათა  ხელი შეგვეწყო ქართულ კულტურასთან   მათი   ინტეგრაციისათვის, მაგრამ  ისე მოხდა, რომ წელს ქართველმა სტუდენტებმა ძალიან დიდი ინიციატივა გამოიჩინეს. პროექტი თავიდან   მრავალჯერად მოხალისეობას ითვალისწინებდა, მაგრამ, რადგანაც ბევრი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს და ჩვენს მისიასაც ცოტა ავცდით, ამჟამად ერთჯერადია. აღნიშნული პროექტი დეკემბერში დაიხურება და იანვარში ისევ განახლდება“– ამბობს გვანცა ჩიტიაშვილი (ESN–ის წარმომამადგენელი და მოხალისე). სადილის დრო მოვიდა. სამზარეულოში კათარზისის თანამშრომლები მოკლედ გვიხსნიან, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ძირითადი ფუნქციები მოხუცებისთვის  საჭმლის დროულად მიტანა და ალაგებაა, თუკი ამას გვთხოვენ. პირველის ნახევარზე უკვე საკმაოდ ბევრი მოხუცია მოგროვილი და მოთმინებით ელოდებიან მათთვის კუთვნილ სადილს. კარი იღება და მალე  ორივე დარბაზია სავსე. ბორდოსფერ ფორმებს ვიცვამთ და ენთუზიაზმით ვიწყებთ მუშაობას. 1464882_662006130486683_1821784668_n

„გუშინაც ვიმუშავე კათარზისში, ძალიან მომეწონა, რაღაცნაირად, დადებითი ემოციები მომიტანა. ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ თავს კარგად გრძნობ და ბედნიერი ხარ მთელი დღე, იმის გამო, რომ სხვას ეხმარები. საერთოდ, მსგავს  საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად ვიღებ ხოლმე  მონაწილეობას“–ანა კაკაბაძე (მოხალისე). სასადილო დარბაზები საკმაოდ კეთილმოწყობილია, კედლებზე ნახატებია ჩამოკიდებული, ერთ–ერთ სურათზე მღვდელია გამოსახული ჯვრით ხელში. თითოეულ მაგიდასთან ოთხი, ან მეტი ადგილია. სამზარეულოში გვეძახიან. მენიუ, რომელიც ჯამში 325 მოხუცზეა გათვლილი, ასე გამოიყურება: ნახევარი პური და პატარა პაკეტში ჩადებული კარაქი; წვნიანი, რომელშიც მხოლოდ ერთი გუფთაა „ჩაგდებული“; ასევე, რამდენიმე თხლად დაჭრილი პომიდორი: მოხარშული  ე.წ „გრეჩეხა“ დაშლილ ხინკალთან ერთად; ტყემლის საწებელი  და ერთი ჭიქა რძე. 1398143_552853564800992_1712131398_o

სამზარეულოში სულ ხუთი თანამშრომელია. ძალიან სწრაფად მუშაობენ. ზოგი წვნიანს ასხამს თეფშებზე,ზოგი პურს ჭრის, ზოგიც ჭურჭელს რეცხავს… აქ ისიც კი იციან, რომელი მოხუცია უფრო მოუთმენელი და პირველ რიგში, იმათზე მიგვითითებენ – ჯერ მაგათ მიუტანეთ საჭმელიო. კითხვაზე, კმაყოფილები არიან თუ არა კვებით მოხუცები, მპასუხობენ, რომ ეს ყველაფერი მათთვის უფასოა და წესით, კმაყოფილები უნდა იყვნენ.

,,სასადილოში ჩვენ გვჭირდება მოხალისეების ყოველდღიურად დახმარება. ჩვენთვის ეს არის  სასიცოცხო რამ. თუმცა, დაკავებულობის გამო და იმიტომ, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლობენ, ყოველდღიურად აქ მოსვლას ვერ ახერხებენ.  ერთადერთი მათთვის გამოთავისუფლებული დღეები  შაბათ–კვირაა და ამ დღეებში  ყველაზე მეტი მოხალისე მოდის. არადა, ჩვენ სწორედ სამუშაო დღეების პრობლემა გვაქვს. კარგი იქნება, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გვყავდეს მოხალისეთა გარკვეული რაოდენობა“– ამბობს გულიკო რომანიშვილი, კათარზისის პრეზიდენტის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში.

კათარზისში დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებიან, ამიტომაც, მოხუცები ხარბად შეექცევიან სადილს და მადლობას გვიხდიან დახმარებისთვის. ძალიან მეგობრული ატმოსფეროა, ვხვდები, რომ ისინი ერთმანეთს და აქ მომუშავე პერსონალს კარგად იცნობენ. ზოგიერთი მათგანი გულითადად ესაუბრება მეორეს და როდესაც საჭმელი მიგვაქვს, ერთმანეთს უთმობენ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტად შია. 67 წლის ბატონი ალბერტი კათარზისის  ყოველდღიური სტუმარია. „აქ უკვე 6 წელია, დავდივარ. ყველანი  მიჩვეულები ვართ აქაურობას, ვრჩებით ხოლმე, სადილს ვჭამთ ერთად. ყველას განსხვავებული ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ახლა გავიცანით ერთმანეთი და მეგობრები გავხდით. ერთმანეთს სახელებითაც კი ვიცნობთ“. კათარზისის სასადილო სამ საათამდე მუშაობს. ამ დროის განმავლობაში,   ზოგი მოხუცი  ბუზღუნებს და უკმაყოფილოა, რომ შავი პური გათავდა და აღარ არის, ზოგი ცოტა ეშმაკობს და მეორედ გვთხოვს საჭმლის მიტანას, ერთ–ერთი მოხუცი რძეს ყველას თვალწინ  იპარავს, ზოგს კი პარკით სახლში მიაქვთ თავისი წილი ულუფა. მიუხედავად ამისა,  მათ არავინ  არაფერს ეუბნება. და მაინც, აქ საჭმელი სრულად გაწერილია, განსაკუთრებით კი, პური და კარაქი, და მოხუცს, რომელიც საჭმლის დამატებას ითხოვს, ვერაფრით ეხმარებან. ოთხის ნახევარზე სასადილოს დარბაზი იცლება. მოხუცთა ნაწილი სახლში მიდის; ზოგი კათარზისის სხვა დარბაზებში ინაცვლებს, სადაც ნაწილი ტელევიზორს უყურებს, ნაწილი დომინოს ან ჭადრაკს თამაშობს, ნაწილი კი, უბრალოდ ზის და  სახლში წასვლაც არ უნდა, რადგან იქ ალბათ  არავინ ელოდება.

მოამზადა გურანდა ძამელაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები