– მოგესალმებით ქალბატონო ირინე, თუ შეიძლება, გვითხარით, როდის და სად დაიბადეთ?
– გამარჯობა, დავიბადე 5 თებერვალს, ქალაქ თბილისში. ზოდიაქოთი გახლავართ მერწყური.
– თქვენი ბავშობის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ?
– ბავშვობა მქონდა ნამდვილად ბედნიერი, მშობლების ფრთის ქვეშ და ამხანაგების გვერდით. შესაბამისად, ბავშვობის წლებს ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ.
– სად სწავლობდით (რომელი სკოლა დაამთავრეთ)?
– დავამთავრე ეხლანდელი N150 სკოლა (ძველად რკინიგზის N1 საშუალო სკოლა). ძალიან კარგი და თბილი სკოლა იყო. ვსწავლობდი კარგად. მიყვარს სწავლა და არ მიყვარს უთავმოყვარეო მდგომარეობაში ჰყოფნა.
– რატომ გადაწყვიტეთ მედიცინის სფეროს გაჰყოლოდით?რამ გადაგაწყვეტინათ ამ პროფესიის არჩევა?
– რაც თვალი გავახილე, ჩემს ირგვლივ სულ მედიცინა და განათლება ტრიალებდა. ამიტომ ვგრძნობ თავს, ჩემი აზრით, კომფორტულად.
– როგორი სტუდენტი იყავით?
– წარჩინებული სტუდენტი გახლდით, მაგრამ ამხანაგებისთვის დრო ყოველთვის მრჩებოდა. კარგად ვსწავლობდი. წიგნის გარდა, სხვა სამყარო ჩემთვის არ არსებობდა.
– როგორ გაგრძელდა თქვენი მედიცინაში მოღვაწეობა?
– კლინიკური მედიცინა რატომღაც ჩემს სფეროდ ვერ მივიჩნიე, თუმცა, ადამიანებზე ზრუნვა მიყვარს. ექსპერიმენტმა და კვლევამ უფრო დამაინტერესა, ამიტომ სრულიად ლოგიკური იყო ჩემი ფიზიოლოგიის დეპარტამენტში მოხვედრა. ნამდვილი მეცნიერების გვერდით და მათი ხელმძღვანელობით, ჩამოვყალიბდი იმად, რაც ვარ. მე გამიმართლა იმაში, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემს გვერდით იყვნენ მშრომელი და სხვისი შრომის დამფასებელი ადამიანები. ამან ჩემი საქმიანი თვისებების განვითარებას შეუწყო ხელი და მე ამ ადამიანების მადლობელი ვიქნები მუდამ. რამდენად სწორად ვცხოვრობ, ეს ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ ჩემით სხვას პრობლემები არ შევუქმნა. მაგრამ, ამავე დროს, არც ის მიყვარს, რომ სხვა მიქმნის პრობლემებს.
– ხომ არ არის რაიმე პრობლემა თქვენს სამსახურთან დაკავშირებით, რომელზეც გსურთ საუბარი და ფიქრობთ, რომ უნდა გაითვალისწინონ?
– ფიზიოლოგიის დეპარტამენტს ადამიანური რესურსი აქვს გაცილებით მეტი, ვიდრე ის ახერხებს სამეცნიერო–კვლევითი აქტივობის რეალიზებას, მაგრამ მატერიალურ–ტექნიკურ და მეთოდური რესურსი ცოტა მოგვიძველდა. მისი განახლება სერიოზულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს, რაც ჯერჯერობით გვიჭირს. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან და სხვა პარტნიორებთან კოოპერირებით ვახერხებთ კვლევების ჩატარებას, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა. მომავლის იმედი გვაქვს. თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ სტუდენტებს ნამდვილად არაფერს ვაკლებთ; სამაგიეროდ კი, მათგან ჩვენ ვგრძნობთ პატივისცემას და მადლიერებას, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის; დანარჩენს დრო მოიტანს.
– როგორ ფიქრობთ, რთულია თუ არა ლექტორებისთვის სტუდენტებთან ურთიერთობა?
– თუ გიყვარს, არანაირად არ არის რთული, უბრალოდ, ბევრ შრომას მოითხოვს. თუ სტუდენტი პედაგოგისგან შრომისმოყვარეობას და სიყვარულს გრძნობს, ის მას აჰყვება სწავლაში. თუ მასწავლებელი სტუდენტზე უფრო ზარმაცია და ამას სტუდენტი პირველივე წუთებში იგრძნობს, იქ არაფერი გამოვა. მაგრამ საქმიანმა ურთიერთობამ არ უნდა ,,ჩაყლაპოს“ ჰუმანიზმი. უკიდეგანო სიმკაცრე გულქვაობაში გადადის და მოსაწონი არ არის.
– როგორ დაიწყეთ მუშაობა ? და რამდენი წლის იყავით ამ დროს?
– 22 წლის ვიყავი, პირველად რომ შევედი ჯგუფში. მაშინაც ვღელავდი, მაგრამ ეხლა უფრო ვაცნობიერებ, რა სერიოზულ საქმეს მოვჭიდებივარ ადრეულ ასაკში. ეხლა უფრო ვხვდები, რამდენ შეცდომას ვუშვებდი მაშინ. დღევანდელ შეცდომებს, ალბათ, უფრო გვიან მივხვდებით.
– თუ გაქვთ რაიმე გეგმა დასახული ახლო მომავალში ?
– ახლო მომავალში ახალი სახელმძღვანელოს გამოსაცემად ვემზადებით, რაც ძალიან დიდ ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი დეპარტამენტი ამას ხალისით ეკიდება.
– შეგიძლიათ მითხრათ, ორიოდე სიტყვით, თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?
– უკეთესი რომ მქონდეს, უფრო კმაყოფილი ვიქნები .
– ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ირინე, რომ გამოყავით ჩვენთვის თქვენი მნიშვნელოვანი წუთები.
ეთო ნოსელიძე