8 ნოემბერს, სოცილურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების სტუდენტთა მცირე ჯგუფი, ამავე მიმართულების პროფესორის ბატონ მალხაზ მაცაბერიძის ორგანიზებით, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმს ეწვია. აღნიშნულ სახლში, რომელიც მუზეუმადაა გადაკეთებული, ცხოვრობნენ ივანე ჯავახიშვილის მშობლები, მისი დედმამიშვილები და თავად ივანეც. მისი გარდაცვალების შემდგომ სახლი სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1976 წლიდან იგი დიდი ქართველი მეცნიერის სახელობის სახლ–მუზეუმად იქცა.
იქ ჩასულ სტუდენტებს მუზეუმის გულთბილი და სტუმართმოყვარე ზედამხედველები დახვდნენ, რომლებმაც სიამოვნებით გაგვაცნეს სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების ისტორია, დაგვათვალიერებინეს მუზეუმი და ივანეს პირადი ნივთები. მუზეუმში არსებულ სხვადასხვა ექსპონანტთა შორის ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია მუსიკალურ საკრავთა მინიატურულმა გამოფენამ, რომელიც მწერლის პირად კოლექციას წარმოადგენდა. ზედამხედველები ასევე გვესაუბრნენ იმ ფაქტებზე, რომლებიც ივანე ჯავახიშვილთანაა დაკავშირებული და საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
დადებითი ემოციების მიუხედავად, სტუდენტებს გული ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა დაგვწყვიტა. საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დამფუძნებლის სახლ–მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია, რემონტი და სხვა სახის სამუშაოები ესაჭიროება. მუზეუმის რესტავრაცია კულუტურის სამინისტროს მოვალეობას წარმოადგენს, თუმცა სამინისტორში, როგორც ჩანს, ამ ფაქტს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მრავალი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, მუზეუმისათვის თანხები არ გამოიყო. როგორც გაირკვა, არც თსუ–ს შეუძლია მატერიალური მხარდაჭერა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რადგან იურიდიულად სახლ–მუზეუმი კასპის რაიონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს უფლება, თავის თავზე აიღოს რესტავრაცია. დახმარების მოლოდინში მყოფი სახლმუზეუმი კი ებრძვის ქარსა და წვიმას და ცდილობს, არ დანებდეს დროის ჟამთასვლას, თუმცა რამდენ ხანს გაძლებს ამ მდგომარეობაში, არავინ იცის. აღსანიშნავია, რომ გარე და შიდა სარემონტო სამუშაოების გარდა, ხელის შევლება ესაჭიროება მუზეუმის ინვენტარს, აღსადგენია საქართველოს რუკა, რომელიც ერთ-ერთ ექსპონანტს წარმოადგენს. რე–ექსპოზიცია სჭირდება ფოტო მასალას, გასაკეთებელია გალავანი, ხოლო მუზეუმის ეზოში დასარგავია მცენარეები და გასაშენებელია ბაღი. რესტავრირებას საჭიროებს მუზეუმის სხვა ისტორიული ექსპონატებიც, რომლებიც არამარტო ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიას გადმოგვცემს, არამედ ასახავს საქართველოს მატიანეს. (მუზეუმში ინახება სოფელ ხოვლეში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის იარაღები და სხვა ნივთები.)
სახლ–მუზეუმის ამ და სხვა პრობლემების მოგვარება, როგორც აღვნიშნეთ, კულტურის სამინისტროს მოვალეობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ–ჯერობით მათგან არანაირი სახის ინტერესი არ შეინიშნება ამასთან დაკავშრიებით. ისევ სტუდენტები შეპირდნენ მუზეუმის ხელმძღვანელსა და ზედამხედველებს, რომ გაზაფხულისთვის, როდესაც შედარებით დათბება, ისინი თავად ჩავლენ ხოვლეში და შეძლებისდაგვარად, საკუთარი სახსრებით მიიღებენ მონაწილეობას მუზეუმის რესტავრირებაში.
ნიკა ჩერქეზია